36 დაღუპული, 147 დაშავებული – ტერაქტი სტამბულის აეროპორტში

სტამბულის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში 28 ივნისს განხორციელებული აფეთქებებისა და სროლის შედეგად დაღუპულია 36, დაშავებული კი – 147 ადამიანი. 

“ბიბისის” ცნობით, 28 ივნისს სამმა თავდამსხმელმა აეროპორტის ტერმინალის შიგნითა და გარეთა მხრიდან დაიწყო სროლა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ მათ ცეცხლი გაუხსნა,  თავი აიფეთქეს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი აცხადებს, რომ წინასწარი დაკვირვებით თავდასხმის უკან ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” დგას. “ბიბისის” მიხედვით, უკანასკნელი აფეთქებები “ისლამურ სახელმწიფოს” ან ქურთ სეპარატისტებს უკავშირდება.

როგორც თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, თავდამსხმელები აეროპორტში ტაქსით მივიდნენ.

ბიბისი იუწყება, რომ სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელსაც პოლიცია ესვრის. ამის შემდეგ იგი 20 წამის განმავლობაში, თავის აფეთქებამდე, იატაკზეა დაგდებული. სამივე თავდამსხმელი დაიღუპა.

იუსტიციის მინისტრ, ბექირ ბოზდაგის ცნობით,   დაშავებულია 147 ადამიანი.

ამჟამად, ბიბისისვე ცნობით, აეროპორტიდან ფრენები გრძელდება, მაგრამ საინფორმაციო დაფებზე ჩანს, რომ ფრენების მესამედი გაუქმდა, ან გადაიდო.

ბიბისის სტამბულელი კორესპონდენტის, მარკ ლოუენის შეფასებით, სამშაბათის თავდასხმა ჰგავდა “წინასწარ კარგად დაგეგმილ თავდასხმას”. სტამბულის ასაფრენ ბილიკზე გაჩერებული თვითმფრინავიდან პირდაპირი ჩართვისას მარკ ლოუენი ამბობდა, რომ ათათურქის სახელობის აეროპორტი დიდი ხანია, რაც “დაუცველი სამიზნეა”.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, ეს თავდასხმა უნდა გახდეს გარდამტეხი ეტაპი მილიტარისტული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში. “ბომბები, რომლებიც დღეს სტამბულში აფეთქდა, მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქის ნებისმიერ აეროპორტში შეიძლებოდა აფეთქებულიყო”, – განაცხადა ერდოღანმა.  

“ბიბისის” ინფორმაციით, აშშ-ში თავდასხმა შეაფასეს, როგორც “შემზარავი” და თურქეთს მხარდაჭერა გამოუცხადეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-უოლტერ შტაინმაიერმაც თქვა, რომ გერმანია “თურქეთთან ერთად დგას და თავდასხმის მსხვერპლს გლოვობს”.

სტამბულის აეროპორტში განხორციელებულ აფეთქებებს, რომელსაც 36 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც გამოეხმაურა და თურქეთის ხელისუფლებას “მტკიცე თანადგომა” გამოუცხადა ტერორიზმთან ბრძოლაში. თურქეთს სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს პრემიერმაც და ვიცეპრემიერმაც.

თურქეთის ტერიტორიაზე 2015-2016 წლების განმავლობაში რამდენიმე აფეთქება და თავდასხმა მოხდა. 8 თავდასხმიდან 4 შემთხვევაში მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო ქურთულმა მილიტარისტულმა დაჯგუფება “ტაკმა” (TAK), 1 შემთხვევაში – “ისლამურმა სახელმწიფომ”. 3 შემთხვევაში კი მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა ამ შემთხვევებშიც “ისლამურ სახელმწიფოს” ადანაშაულებენ.

  • 7 ივნისი, 2016, სტამბული: მანქანის აფეთქებას 7 პოლიციელი და ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთულმა მილიტარისტულმა დაჯგუფებამ, “ტაკმა” (TAK) აიღო.
  • 19 მარტი, 2016, სტამბული: თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა და ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა მომხდარში ე.წ “ისლამურ სახელმწიფოს” (ISIS) ადანაშაულებენ.
  • 13 მარტი, 2016, ანკარა: მანქანის აფეთქებას 34 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პასუხისმგებლობა ქურთულმა მილიტარისტულმა დაჯგუფებამ, “ტაკმა” (TAK) აიღო.
  • 17 თებერვალი, 2016, ანკარა: სამხედრო მანქანებზე თავდასხმის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა. პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ტაკმა” (TAK) აიღო.
  • 12 იანვარი, 2016 სტამბული: “ისლამური სახელმწიფოს” (ISIS) მებრძოლმა 11 გერმანელი მოკლა ტურისტულ ზონაში, ხოლო თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი მძიმედ დაშავდა.
  • 23 დეკემბერი, 2015, სტამბული: აფეთქებას საბიჰა გოქჩენის აეროპორტში დამლაგებელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პასუხისმგებლობა ქურთულმა მილიტარისტულმა დაჯგუფებამ, “ტაკმა” (TAK) აიღო.
  • 10 ოქტომბერი, 2015, ანკარა: მშვიდობიანი აქციის დროს ორი აფეთქების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა მომხდარში ე.წ “ისლამურ სახელმწიფოს” (ISIS) ადანაშაულებენ.
  • 20 ივლისი, 2015, სურუკი: თურქეთ-სირიის საზღვართან მდებარე ქურთებით დასახლებულ ქალაქ სურუკში აფეთქებას 34 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა მომხდარში ე.წ “ისლამურ სახელმწიფოს” (ISIS) ადანაშაულებენ
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com