ახალი ამბები

თბილისის აეროპორტში მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობა დაიწყება

27 ივნისი, 2016 • 1951
თბილისის აეროპორტში მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობა დაიწყება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობა დაიწყება, რომელიც 2017 წლის ბოლოს დასრულდება.

საქართველოს მთავრობის ცნობით, ახალი ტერმინალის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 3 500 000 მგზავრს მოემსახურება.

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, რომელიც დაესწრო მშენებლობის დაფუძვლის ჩაყრის ცერემონიას, მოფრენის ტერმინალის მშენებლობა დაგეგმილზე ადრე იწყება, რაც ტურიზმის მაჩვენებლების ზრდით არის განპირობებული.

კვირიკაშვილი განმარტებით, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში ტურისტების რაოდენობამ 25%-ით მოიმატა, რაც შენარჩუნდება, და დიდი ალბათობით შეიძლება იყოს კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლები.

პრემიერის განმარტებით, „ტავ ჯორჯია“ იწყებს მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობას.

“საქართველოს მთავრობა ყოველთვის მზად არის, ხელი შეუწყოს უცხოელი ინვესტორების საქმიანობას, შექმნას შესაბამისი გარემო ბიზნესის განვითარებისთვის და ამავე დროს მაქსიმალურად დაიცვას საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების ინტერესები,“–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „ტავ ჰოლდინგმა“ უკვე განახორციელა 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ტერმინალის გაფართოება-მშენებლობაში განხორციელდება 60 მილიონ დოლარამდე დამატებითი ინვესტიცია.

მთავრობის ცნობით, ახალი მოფრენის ტერმინალის ფართობი 12000 კვადრატული მეტრი იქნება. მშენებლობაზე დასაქმდება 500–მდე ადამიანი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტი არსებული ასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციას, ახალი მოფრენის ტერმინალის 5 ახალ სადგომს და მგზავრთა ხიდით უზრუნველყოფას მოიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი