ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მოთხოვნას აღარ განახორციელებს

27 ივნისი, 2016 • 2039
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მოთხოვნას აღარ განახორციელებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა დღეს, 27 ივნისს შესაბამის ბრძანებას ჟურნალისტების წინაშე მოაწერა ხელი.

“ჩვენ ვთქვით, რომ 2017 წლიდან აღარ იქნებიან შეიარაღებულ ძალებში წვევამდელები. ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი. პირველი, შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება ძალით მოყვანილი სამხედრო მოსამსახურე, შეიარაღებულ ძალებზე არის ძალიან მაღალი მოთხოვნა, შეიარაღებულ ძალებში სამსახური პრესტიჟულია საქართველოში და არავის არ სჭირდება დაძალება, რომ გახდეს თავისი ქვეყნის ჯარისკაცი.

უამრავი საუბარი იმაზე, რომ ჯარში წვევამდელები მონურ შრომას ექვემდებარებიან, უსაფუძვლოა, მაგრამ მაინც, ჩვენ ამის უფლებას ვერ მივცემთ და არ უნდა ვაძლევდეთ საკუთარ თავს, არ უნდა შევურაცხყოფდეთ შეიარაღებულ ძალებს და სწორედ ამიტომ დავდე პირობა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რომ 2017 წლიდან გაწვევა ჯარში აღარ არსებობდეს. ჩვენ ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეიარაღებულ ძალებში, ეს არ გამოვიდა. თუმცა ჩვენ ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც მე, თავდაცვის მინისტრს შემიძლია ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად და ერთპიროვნულად მივიღო. ახლა მე ბრძანებას ვაწერ ხელს, რომლითაც ვაცხადებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ განახორციელებს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მოთხოვნას და ეს ბრძანება ძალაშია დღეიდან,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრმა ეს განცხადება დღეს გააკეთა, მან მედიას გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბარა.

თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მოთხოვნაზე უარი არ ნიშნავს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას, რადგან იმავე მოთხოვნაზე უარს არ ამბობენ შსს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სასჯელაღსრულების სამინისტრო.

დღეისათვის 18-დან 27 წლამდე პირების ჯარში გაწვევის კურატორი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შექმნილი სპეციალური დეპარტამენტია. წვევამდელების გაწვევა წელიწადში ორჯერ ხორციელდება და შემდეგ მათი განაწილება ხდება შეიარაღებულ ძალებში, სასჯელაღსრულების სამინისტროს სისტემასა და შსს-ს გასამხედროებულ უწყებებში, თუმცა დღეიდან წვევამდელები აღარ გადანაწილდებიან შეიარაღებულ ძალებში.

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2015 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე შსს-მ 1250 და 1350 ადამიანის გაიწვია.

ამავე წელს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გაზაფხულზე 1239 ადამიანი, ხოლო შემოდგომაზე 998 წვევამდელი გაიწვია. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, უყებამ 549 ადამიანი გაიწვია გაზაფხულზე, ხოლო შემდოგომაზე – 1050.

ამ მონაცემების მიხედვით ჩანს, რომ თავდაცვის სამინისტრო ამ სამ უწყებას შორის ყველაზე მცირე კონტინგენტს იწვევდა. შსს-ზე მოდის გაწვეულთა 40%, სასჯელაღსრულების სამინისტროზე – 35%, ხოლო თავდაცვის სამინისტროზე – 25%.

მას შემდეგ, რაც შსს-ს გამოეყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, 2016 წლის გაზაფხულზე მანაც გაიწვია წვევამდელები. 2016 წლის გაზაფხულზე შსს-მ გაიწვია 720 წვევამდელი, სუს-მა – 443, სასჯელაღსრულების სამინისტრომ – 1020, ხოლო თავდაცვის სამინისტრომ – 1000.

მასალების გადაბეჭდვის წესი