ახალი ამბები

“ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკა

23 იანვარი, 2012 • • 2179
“ქართული ოცნების”  საგარეო პოლიტიკა


რეალ–პოლიტიკა, პრაგმატიზმი და ევროპული ფასეულობები, საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკის ჯგუფის მთავარი განმსაზღვრელი იქნება.
აღნიშნულის შესახებ დღეს, 23 იანვარს, “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკის ჯგუფის პრეზენტაციაზე განაცხადეს.

ჯგუფს უხელმძღვანელებს საქართველოს საგარეო საქმეთა ექსმინისტრი და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი თედო ჯაფარიძე.  ჯგუფის წევრები დიპლომატები, ყოფილი ელჩები და ექსპერტები არიან: ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ავსტრიასა და უნგრეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, კოტე ჟღენტი, იტალიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ზაზა გოგსაძე, დიპლომატი, საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიასა და ნიდერლანდებში მაია ფანჯიკიძე, საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი ევროსაბჭოში ლანა ღოღობერიძე, სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნიკო მელიქაძე, დიპლომატი დავით ზალკანიანი, ყოფილი კონსული დიდ ბრიტანეთში კოტე სურგულაძე, პოლიტოლოგი ივლიანე ხაინდრავა, სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი, ნათელა სახოკია, სევა ჯუღელი და გიორგი გეგეჭკორი.

ჯაფარიძის განცხადებით, ჯგუფი სამი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს. კერძოდ, ესენია: დასავლეთის ქვეყნებთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, მეზობელ სახელმწიფოებთან და დიასპორებთან ურთიერთობა.

“ჯგუფში შემავალ წევრებს გვაერთიანებს რეალიზმი, პრაგმატიზმი და არსებული რეალ–პოლიტიკის ადეკვატურად აღქმა, ასევე დასავლური ფასეულობები . . .

ჯგუფში ახალი იქნება მხოლოდ მიდგომები, პრინციპები, ტაქტიკური ხედვა. ეს იქნება ურთიერთობები დასავლეთთან, აშშ–თან, ევროკავშირთან, ევროორგანიზაციებთან – ეუთო, ევროპარლამენტი.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ჯგუფში და გვაქვს კიდევაც უკვე განხილვა ძალიან საინტერესო პოსტ–მოდერნისტული კონცეფციების, რაზედაც დღეს საერთაშორისო თანამეგობრობა საუბრობს და შევეცდებით, ეს ახალი მიდგომები მივუსადაგოთ ჩვენს მოქმედებებს,” – აღნიშნა ჯაფარიძემ პრეზენტაციაზე.


ქვეყნის რეალური მდგომარეობის გათვალისწინება და დასავლური ფასეულობების გათვალისწინებაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ლანა ღოღობერიძე.

“ერთი მთავარი მიმართულება ეს არის, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის რეალური მდგომარეობის გათვალისწინება  და მეორე მხრივ, იმ ფასეულობების დამკვიდრება, რომლისკენაც ჩვენ დეკლარატიულად სულ მივისწრაფით, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს შედეგები. თუ მართლა შეიქმნება სერიოზული ანალიტიკური დოკუმენტი ყველა მიმართულებით ჩვენი არსებობის, ყოფიერების, აზროვნების და მერე სახელმწიფო დაადგება ამ გზას, ეს ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ჩვენ უნდა გვქონდეს მტკიცე პრინციპები,” – აღნიშნა ღოღობერიძემ.

რაც შეეხება სხვადასხვა ქვეყანასთან ჯგუფის ურთიერთობებს, თედო ჯაფარიძის განცხადებით, დიდი ყურადღება დაეთმობა დასავლეთთან, აშშ–თან ურთიერთობას.

“ასევე მინდა აღვნიშნო, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკის ჯგუფის ურთიერთობა  საქართველოს უახლოეს სამეზობლოსთან. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სამხრეთ კავკასიასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან. მე მგონია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ურთიერთობებს აზერბაიჯანთან, ვინაიდან აზერბაიჯანი ხდება რეგიონული ლიდერი ეკონომიკური თვალსაზრისით.

ცალკე მიმართულებად დარჩება ურთიერთობები ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან – უკრაინასთან. ასევე, “სუამი”–ს წევრ სახელმწიფო – მოლდოვასთან.  რა თქმა უნდა, სტრატეგიული მიმართულება და  ურთიერთობები დარჩება ჩვენს ყველაზე  მძლავრ და მეგობრულ სახელმწიფოსთან, თურქეთთან, და ამ კავშირებს მიექცევა დიდი ყურადღება.

ასევე, ურთიერთობები გვექნება ირანთან და ისრაელთან,” –  განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნებთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობებს საგარეო პოლიტიკის ჯგუფიდან სათავეში ჩაუდგება საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ლანა ღოღობერიძე და დიპლომატი, საქართველოს ყოფილი ელჩი გერმანიასა და ნიდერლანდებში მაია ფანჯიკიძე.

ჯაფარიძე შეეხო რუსეთთან ურთიერთობების საკითხსაც და აღნიშნა, რომ როდესაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები არ არსებობს, აღნიშნულ სიტუაციაში გაძნელდება ურთიერთობის დალაგება.

“ძალიან გართულებული ურთიერთობების ფონზე, ასევე, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ურთიერთობები რუსეთთან. ფაქტობრივად, ამ ეტაპზე ურთიერთობები არ არსებობს. სტრატეგიული ღერძი, რომელიც აუცილებებლია ნებისმიერ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების არსებობის დროს, დანგრეულია, ან საერთოდ გაქრა. მესმის, რომ სიტუაცია რთულია, ჩვენ აქ ვერავითარ დაპირებებს ვერ გავცემთ, მაგრამ ფაქტია, რომ უნდა გამოვნახოთ გზები, რათა შევძლოთ ურთიერთობების აღდგენა. რუსეთთან ურთიერთობების დალაგება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს,” – განაცხადა ჯაფარიძემ.

პრეზენტაციაზე ხაზი გაესვა რუსეთ–ევროპის ურთიერთობებსაც და იმ ფაქტს, რომ დასავლეთმა ამ მიმართულებით უფრო რეალისტურად უნდა იმოქმედოს.

“პრაქტიკული ნაბიჯები ნათლად უნდა გადაიდგას ევროპის მხრიდან რუსეთის მისამართით. რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა გადავდგათ სწორი ნაბიჯები, რომელიც წაადგება ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, პრობლემების გდაწყვეტას, ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით,” – განაცხადეს პრეზენტაციაზე.

საგარეო პოლიტიკის ჯგუფის საქმიანობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება იქნება ურთიერთობები დიასპორასთან. ამ მიმართულების ჯგუფს უხელმძღვანელებს ყოფილი კონსული დიდ ბრიტანეთში კოტე სურგულაძე.

“ჩვენი დიასპორები ეს ის ხალხია, რომელთა უმეტესობამ თავი დააღწია იმ სიდუხჭირეს, რომელიც აქ ჰქონდა. ისინი იძულებულები გახდნენ, ოჯახები ერჩინათ და წასულიყვნენ საზღვარგარეთ. თითოეული მათგანი ძალიან ძვირფასია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ მათთან ერთად ვართ.  ჩვენი წარმომადგენლობები გაიხსნება საზღვარგარეთ და მათთან გვექნება პირდაპირი კავშირები,” – განუცხადა “ნეტგაზეთს”
სურგულაძემ.

რამდენად ეფექტური იქნება ამ ჯგუფის აქტიობა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის კუთხით,

ექსპერტი, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი პოზიტიურ მოვლენად მიიჩნევს, როდესაც სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა გამოცდილების მქონე დიპლომატები შეძლებენ ერთობლივი პროდუქტის შექმნას. თუმცა  აქვე აღნიშნავს, რომ ჯგუფის მოქმედების შედეგი დამოკიდებული იქნება უკვე პოლიტიკოსების უნარსა და საქართველოს მოქალაქეთა მზაობაზე.

“თავისთავად დიპლომატიური გამოცდილების მქონე ადამიანთა მცდელობა რაიმე კოლექტიური შედეგის მიღწევისთვის ტრადიციული ფორმაა მათი საქმიანობის. ამდენად, საინტერესოა, სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული გამოცდილებით როგორ შეძლებენ ჩვენი ელიტარული დიპლომატები წინსვლის და წარმატების საფუძვლების შექმნას ჯერ ქაღალდზე და შემდგომ რეალურ ცხოვრებაში. პოზიტიური მოვლენაა, როდესაც სხვადასხვა თაობისა და სხვადასხვა გამოცდილების მქონე დიპლომატები შეძლებენ ერთობლივი პროდუქტის შექმნას.

დადბითად ვაფასებ ამდაგვარი ჯგუფის შექმნას და ვფიქრობ, რომ ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობას ქართველებთან ერთად უცხოელი დიპლომატებიც მიიღებენ.

მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ზოგადად შედეგის მომტანი ძალა. ეს გახლავთ ინტელექტუალური პროდუქტის შემქმნელი ერთობა. ვინ როგორ გამოიყენებს ამ ინტელექტუალურ ერთობას, ეს დამოკიდებულია უკვე პოლიტიკოსების უნარზე, ასევე, უფრო მეტად საქართველოს მოქალაქეთა მზაობაზე,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ცისკარიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი