ახალი ამბებისაზოგადოება

უფლებათა კომიტეტმა საარჩევნო სიის ყოველი სამეულის გენდერულ კვოტირებას მხარი არ დაუჭირა

17 ივნისი, 2016 • 1583
უფლებათა კომიტეტმა საარჩევნო სიის ყოველი სამეულის გენდერულ კვოტირებას მხარი არ დაუჭირა

დღეს, 17 ივნისს საპარლამენტო კომიტეტებმა განიხილეს კანონპროექტი,  რომლის მიხედვით,  თუკი პოლიტიკურ პარტიის/ბლოკის საარჩევნო სიაში ყოველი მესამე წევრი ქალი იქნება, პარტია საბაზო დაფინანსებაზე 30%-იან დანამატს მიიღებს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.  კანონპროექტს ხმა სამმა დეპუტატმა- ეკა ბესელია, რუსლან პოღოსიანმა და ოთარ ჩრდილელმა – მისცა, ხოლო სამმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. ხოლო, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპრეოქტს მხარი დაუჭირა.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს კანონის ახლანდელი რედაქციის მიხედვით, პარტია საბაზო დაფინანსებაზე 30%-იან დანამატს იღებს იმ შემთხვევაში,  თუკი პარტიული სიების ყოველ ათეულში სამი ქალი მაინც იქნება (საბაზო დაფინანსება, ამავე კანონის მიხედვით, განსაზღვრულია წელიწადში 300 000 ლარით).

კანონპროექტის ავტორების აზრით, დღეს კანონმდებლობა კი ითვალისწინებს საარჩევნო სიებში გენდერული კვოტების  დაცვის შემთხვევაში პარტიების ფინანსურ წახალისებას, მაგრამ უმაღლეს თუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში ქალ წევრთა რაოდენობა მაინც მცირეა.

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის წევრების, მანანა კობახიძისა და გუგული მაღრაძის მიერაა ინიცირებული. ისინი მიიჩნევენ, რომ ქალების ჩართულობის ნაკლებობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ზემოაღნიშნული ნორმის მოქმედი რედაქციის “არასათანადოდ ზუსტი ფორმულირება”.

მანანა კობახიძისა და გუგული მაღრაძის შეფასებით, კანონპროექტით ზუსტდება პარტიის საბაზო დაფინანსებაზე 30%-იანი დანამატის მიღების წესი. კერძოდ, პარტია 30%-იან დანამატს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სიის ყოველ სამეულში წარმოდგენილი ეყოლება განსხვავებული სქესის ერთი კანდიდატი მაინც, ნაცვლად ზოგადად საარჩევნო სიის ყოველ ათეულში 30%-იანი გენდერული ბალანსის დაცვისა.

 


შეფასება

შეუწყობს თუ არა ხელს ეს შესაძლო ცვლილება პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას?

ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია აკრიტიკებს კანონპროექტს. მისი თქმით,“პრობლემა ის არის, რომ ფინანსურ წახალისებას პოლიტიკური პარტიები არ იყენებენ”.

“ფინანსური წახალისებას არ იყენებენ ის პარტიები, რომლებიც დღეს არიან პარლამენტში ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახით. ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე გამოაქვეყნა სია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს და ისინი, როგორც ჩანს, არც გეგმავენ დამატებითი საბიუჯეტო დაფინანსების აღებას. რამდენად ჩვენთვის ცნობილია, ქართული ოცნებაც არ აპირებს დამატებითი დაფინანსების აღებას”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბრისას საფარის ხელმძღვანელი. მისი აზრით, ეს მიუთითებს, რომ დამატებითი დაფინანსების ზომა არ არის ეფექტური.

“სწორედ ამიტომ ვითხოვდით ჩვენ სავალდებულო კვოტების სისტემას და არა დაფინანსების კვოტების სისტემას, ვინაიდან მას არავინ არ იყენებდა. შესაბამისად, თუ არ გამოიყენებენ, კანონში “ათეულში სამი” ეწერება თუ “სამეულში ერთი”, უკვე მნიშვნელობა არა აქვს”, – უთხრა ბაია პატარაიამ “ნეტგაზეთს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი