კანონპროექტით, ყოველი მესამე ქალი საარჩევნო სიაში უდრის მეტ დაფინანსებას პარტიებისთვის

ახალი კანონპროექტის მიხედვით, თუკი პოლიტიკური პარტიის/ბლოკის საარჩევნო სიაში ყოველი მესამე ქალი იქნება, პარტია საბაზო დაფინანსებაზე 30%-იან დანამატს მიიღებს. კანონპროექტს დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს კანონის ახლანდელი რედაქციის მიხედვით, პარტია საბაზო დაფინანსებაზე 30%-იან დანამატს იღებს იმ შემთხვევაში, თუკი პარტიული სიების ყოველ ათეულში სამი ქალი მაინც იქნება (საბაზო დაფინანსება, ამავე კანონის მიხედვით, განსაზღვრულია წელიწადში 300 000 ლარით).

კანონპროექტის ავტორების აზრით, დღევანდელი კანონმდებლობა კი ითვალისწინებს საარჩევნო სიებში გენდერული კვოტების  დაცვის შემთხვევაში პარტიების ფინანსურ წახალისებას, მაგრამ უმაღლეს თუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში ქალ წევრთა რაოდენობა მაინც მცირეა.

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის წევრების, მანანა კობახიძისა და გუგული მაღრაძის მიერაა ინიცირებული. ისინი მიიჩნევენ, რომ ქალების ჩართულობის ნაკლებობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია ზემოაღნიშნული ნორმის მოქმედი რედაქციის “არასათანადოდ ზუსტი ფორმულირება”.

მანანა კობახიძისა და გუგული მაღრაძის შეფასებით, კანონპროექტით ზუსტდება პარტიის საბაზო დაფინანსებაზე 30%-იანი დანამატის მიღების წესი. კერძოდ, პარტია 30%-იან დანამატს მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სიის ყოველ სამეულში წარმოდგენილი ეყოლება განსხვავებული სქესის ერთი კანდიდატი მაინც, ნაცლად ზოგადად საარჩევნო სიის ყოველ ათეულში 30%-იანი გენდერული ბალანსის დაცვისა.

შეუწყობს თუ არა ხელს ეს შესაძლო ცვლილება პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას?

ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია “საფარის” აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია აკრიტიკებს კანონპროექტს. მისი თქმით,“პრობლემა ის არის, რომ ფინანსურ წახალისებას პოლიტიკური პარტიები არ იყენებენ”.

“ფინანსური წახალისებას არ იყენებენ ის პარტიები, რომლებიც დღეს არიან პარლამენტში ქართული ოცნების და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახით. ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე გამოაქვეყნა სია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს და ისინი, როგორც ჩანს, არც გეგმავენ დამატებითი საბიუჯეტო დაფინანსების აღებას. რამდენად ჩვენთვის ცნობილია, ქართული ოცნებაც არ აპირებს დამატებითი დაფინანსების აღებას”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბრისას საფარის ხელმძღვანელი. მისი აზრით, ეს მიუთითებს, რომ დამატებითი დაფინანსების ზომა არ არის ეფექტური.

“სწორედ ამიტომ ვითხოვდით ჩვენ სავალდებულო კვოტების სისტემას და არა დაფინანსების კვოტების სისტემას, ვინაიდან მას არავინ არ იყენებდა. შესაბამისად, თუ არ გამოიყენებენ, კანონში “ათეულში სამი” ეწერება თუ “სამეულში ერთი”, უკვე მნიშვნელობა არა აქვს”, – უთხრა ბაია პატარაიამ “ნეტგაზეთს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com