ახალი ამბები

NDI: ყურადსაღებია კორცხელში მომხდარი განსაკუთრებულად შემაშფოთებელი ინციდენტი

17 ივნისი, 2016 • 1486
NDI: ყურადსაღებია კორცხელში მომხდარი განსაკუთრებულად შემაშფოთებელი ინციდენტი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციამ საარჩევნო გარემოს შეფასებისას 2016 წლის 22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტს “განსაკუთრებულად საშიში” უწოდა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის( NDI) სადამკვირვებლო დელეგაციის წევრის, მაიკლ პოზნერის თქმით, დელეგაციის თითქმის ყველა შეხვედრაზე ძალადობა და დაშინება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დასახელდა. “წინასაარჩევნო კამპანიის ამ ადრეულ ეტაპზე ეს ბრალდებები ეფუძნება როგორც წარსული მოვლენებით განპირობებულ შიშებს, ასევე, კონკრეტულ ფაქტებს. თუმცა საარჩევნო პერიოდში მსგავსი საფრთხის აღქმას ან მოლოდინსაც კი შეუძლია, საარჩევნო პროცესზე საზიანო გავლენა მოახდინოს”, – თქვა პოზნერმა. მან გაიხსენა 2016 წლის 22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მომხდარი ინციდენტი და მას “განსაკუთრებულად საშიში” უწოდა.

სამეგრელოში, სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე 22 მაისს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებელმა პირებმა პარტია ნაციონალური მოძრაობის წევრებს, ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეუარაცხყოფა მიაყენეს. როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, პერიმეტრზე არ იმყოფებოდნენ პატრულის თანამშრომლები. შსს-ს პრესცენტრის ცნობით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტის ფაქტზე 6 პირს ბრალი წარედგინა.

NDI-ის დელეგაციის შეფასებით, მაისში კორცხელში მომხდარ ძალადობის ფაქტს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან “ნელი და ჯერჯერობით არაადეკვატური რეაგირება მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პარტიებმა, მათ შორის მმართველი კოალიციის წარმომადგენლებმა, ეჭვის ქვეშ დააყენეს შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავების დაგვიანებული მისვლა და აღნიშნული ფაქტის დაგვიანებული გამოძიება. აღნიშნული შეყოვნებები შედარებულ იქნა სწრაფ და შედეგის მქონე გამოძიებასთან, მათ შორის – წინასწარი პატიმრობის გამოყენებასთან, ერთი შეხედვით, ნაკლებად მძიმე დანაშაულებებში ბრალდებული ოპოზიციის აქტივისტებისა და დემონსტრაციებში მონაწილე პირების მიმართ”, – აღნიშნულია ანგარიშში.

მაიკლ პოზნერის შეფასებით, “მთავრობისა და მმართველო პარტიის ზოგიერთმა თანამდებობის პირმა მწვავე საჯარო განცხადებები გააკეთა, რითაც მოხდა პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და ფაქტების არასწორად წარმოჩენა. ეს არ უწყობს ხელს დაძაბულობის განმუხტვას”.  პოზნერი ნიუ იორკის უნივერსიტეტის სტერნის ბიზნესისსკოლის პროფესორი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწეა. 

17 ივნისს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციამ საპარლამენტო არჩევნებისთვის სამზადისი, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკური აქტივობები და, ზოგადად, საარჩევნო გარემო შეაფასა. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

17 ივნისს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო დელეგაციამ საპარლამენტო არჩევნებისთვის სამზადისი, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკური აქტივობები და, ზოგადად, საარჩევნო გარემო შეაფასა. ფოტო © ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

დელეგაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ “ძალადობასა და დაშინებას არჩევნებში ადგილი არ უნდა ჰქონდეს. თანამდებობის პირებს, პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებსა და კანდიდატებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ საარჩევნო კამპანია შიშის გარეშე წარმართონ”.

მაიკლ პოზნერმა ძალადობისა და დაშინებისაგან თავის არიდების მისაღწევად NDI-ის დელეგაციის რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სამართალდამცავებმა უნდა დაიცვან შეკრების თავისუფლება და თავიდან აიცილონ ძალადობა. ამასთან:

  • პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა განახორციელონ საკუთარი ინიციატივები, რომ მიაღწიონ შეთანხმებას საარჩევნო კამპანიის დროს ქცევის კოდექსთან დაკავშირებით. პარტიის ლიდერებმა თავიანთ აქტივისტებსა და კანდიდატებს უნდა შეატყობინონ, რომ მათგან ამ კოდექსის დაცვას მოელიან. მათ უნდა ჩაატარონ საჯარო პრეზენტაცია, სადაც გამოაცხადებენ, რომ უერთდებიან კოდექსს, რაც ელექტორატისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება.
  • პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა დაგმონ მხარდამჭერების მიერ ძალადობის ნებისმიერი გამოვლინება და ინციდენტების გამოძიებისას ხელისუფლების ორგანოებთან ითანამშრომლონ.  
  • სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა უნდა გაიარონ ტრენინგი საარჩევნო უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკის შესახებ და უნდა იყვნენ გადანაწილებულნი მაღალი რისკის მქონე უბნებში, რათა თავიდან აიცილონ დესტრუქციული ქმედებები, ან სწრაფად მოახდინონ მათი განმუხტვა და გაზარდონ ნდობა.
  • უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა ითანამშრომლონ ძალადობის ფაქტების მონიტორინგისა და შემთხვევების გამოვლენის პროცესში. ეს მონაცემები შესაძლოა გამოყენებულ იქნას ზოგადი ტენდენციების იდენტიფიცირებისთვის, ჭორების გაფანტვისა და ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი