ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლო მერაბიშვილის საქმეზე – კახიძე ვიცეპრემიერის შეფასებას პასუხობს

16 ივნისი, 2016 •
სტრასბურგის სასამართლო მერაბიშვილის საქმეზე – კახიძე ვიცეპრემიერის შეფასებას პასუხობს

საქართველოს ვიცეპრემიერის, კახა კალაძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმის დასტურია, რომ მერაბიშვილი კანონიერად არის დაკავებული.

“ბეჭედი დაესვა იმას, რომ მერაბიშვილი არის კანონიერი პატიმარი, მას აქვს დანაშაული იმ კონკრეტულ საქმეებში, რომლებიც მას ჰქონდა წაყენებული, სასამართლომ გამოიტანა სწორი განაჩენი. მე ვფიქრობ, ნაციონალური მოძრაობისათვის ეს იყო ძალიან დიდი შოკი, რადგან, როგორც გითხარით, სტრასბურგის სასამართლომ ბეჭედი დაუსვა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს სასამართლომ მიიღო,” – განაცხადა კახა კალაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა. კახიძის თქმით, ვიცეპრემიერი საერთაშორისო სამართალში არაკომპეტენტურია და მსგავსი შინაარსის კომენტარის გაკეთება მისი მხრიდან არ არის სწორი. მერაბიშვილის ადვოკატი კალაძეს სასამართლოს გადაწყვეტილების გადახედვისაკენ მოუწოდებს.

“ახლა შევიტყვეთ, რომ მას თურმე ევროპული ადამიანის უფლებათა ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია სცოდნია და იურიდიულ დეტალებს იცნობს. ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია, თუმცა მე ვურჩევ კალაძეს, რომ გაეცნოს სასმართლოს გადაწყვეტილების 106-ე და 107-ე პუნქტებს, სადაც ცხადადაა მოცემული, რომ ივანე მერაბიშვილის დაკავება, მთელი მისი პატიმრობა ემსახურებოდა არა სამართლებრივ მიზნებს, არამედ პოლიტიკურ მოტივაციას. კერძოდ, მიზნად ისახავდა მისგან ინფორმაციის გამოძალვას და ამას ახორციელებდა უმაღლესი თანამდებოების პირი – მთავარი პროკურორი, ხელს აფარებდნენ პრემიერი, სასჯელაღსრულების მინისტრი.

მთავრობა, ნაცვლად ასეთი კომენტარებისა, სერიოზულად უნდა მოეკიდოს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც მსოფლიოში საქართველოს იმიჯს ეხება,” – აცხადებს ოთო კახიძე.

14 ივნისს სტრასბურგში ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

პრესრელიზში, რომელიც სასამარლომ ამ გადაწყვეტილბასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, ვკითხულობთ, რომ “საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, მაგრამ ასევე გამოიყენებოდა მასზე ზეწოლის მოხდენის საშუალებად”.

სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დარღვევას მაშინ, როდესაც ქუთაისის სასამართლომ არსებითი განხილვის დროს არ დააკმაყოფილა ვანო მერაბიშვილის მხარის შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ზეპირსიტყვიერად გამოაცხადა სასამართლომ ისე, რომ აუდიოჩანაწერში არ ჩანს, რომ სასამართლომ რაიმე განმარტება გააკეთა, თუ რატომ არ ათავისუფლებს მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობიდან.

სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა მე-18 მუხლი, რომელიც ეხება უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს: “ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით დაშვებული შეზღუდვები გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მათთვის გათვალისწინებული მიზნებისათვის”.

ევროპულმა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთავრობამ მომჩივან მერაბიშვილს უნდა გადაუხადოს შემდეგი ოდენობის თანხა: მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 4 ათასი ევრო, რასაც ემატება ყველა შესაბამისი გადასახადი; 8 ათასი ევრო ყველა ხარჯის დასაფარად.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა მერაბიშვილის მიერ გასაჩივრებული რამდენიმე მუხლი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გუშინ წინმსწრებად გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მერაბიშვილი პატიმრობიდან ვადაზე ადრე არ გათავისუფლდება, რადგან ის აღარ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში და უკვე თავისუფლების აღკვეთა მისჯილი აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებით.

სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა. ნაცვლიშვილი ვანო მერაბიშვილის საქმეზე “ნეტგაზეთთან” ვრცელ შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ იმ მსჯელობიდან გამომდინარე, რომელსაც სასამართლო ავითარებს, “პოლიტიკურ მოტივაციაზე დისკუსია დაუსაბუთებელია”.

ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი