ახალი ამბები

ბათუმში, საკანალიზაციო ჭაში ბავშვი ჩავარდა

22 დეკემბერი, 2011 • 1351
ბათუმში, საკანალიზაციო ჭაში ბავშვი ჩავარდა

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ღიად დატოვებულ საკანალიზაციო ჭაში ბავშვი ჩავარდა, რომელიც დედასთან ერთად ტროტუარზე მიდიოდა.

„ბავშვი ჩემ წინ იყო, რას ვიფიქრებდი, თუ საკანალიზაციო ჭა ღიად იქნებოდა დატოვებული, მნიშვნელოვანი დაზიანება არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ბავშვი სტრესშია, ტირის…“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ საუბარში ბავშვის დედამ.

შემთხვევის ადგილზე თვითმხილველებმა სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა საკანალიზაციო ჭიდან ბავშვის ამოყვანა თვითმხილველებმა მათ მოსვლამდე შეძლეს.

„როგორ შეიძლება ქუჩაში საკანალიზაციო ჭა ღიად იყოს დატოვებული, ამაზე პასუხი აუცილებლად უნდა მოეთხოვოს შესაბამის სტრუქტურას და დაისაჯოს კიდევაც“, – განაცხადა თვითმხილველმა თენგიზ გუნთაიშვილიმა „ბათუმელებთან“. აღიძვრება თუ არა საქმე მომხდართან დაკავშირებით? – კითხვაზე ადგილზე მობილიზებულმა პოლიციის თანამშრომლებმა არ უპასუხეს.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხემძღვანელის მოადგილე თენგიზ პეტრიძე კი, რომელიც სამსახურის ხელმზღვანელის ალექსანდრე ბაღათურიას თანამდებობიდან წასვლის  შემდეგ  ხელმძღვანელის მოვალეობასაც ასრულებს, ტელეფონს არ პასუხობს. სამსახურის სპეციალისტმა რუსუდან ცენტერაძემ კი მერიის პრესსამსახურში გადაგვამისამართა. „ირინა შევაშიძესთან შეთანხმების გარეშე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, მიმართეთ პრესასმსახურს“. ტელეფონს არც პრეს-სამსახურში უპასუხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი