ახალი ამბები

იუსტიციის საბჭოს წევრები და პრესცენტრი გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ

1 ივნისი, 2016 • 1321
იუსტიციის საბჭოს წევრები და პრესცენტრი  გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე ნათია გუჯაბიძეზე რუსთავი 2-ის დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. კომენტარს არ აკეთებენ არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრები, ვისაც ნეტგაზეთი ესაუბრა:

“მე შემიძლია მხოლოდ ერთი რამ გითხრათ: ეს არის  ან არ არის იმ სახის ინფორმაცია, რომელზეც პასუხი უნდა მოისმინოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრისგან. ცალკეული წევრებისგან ამაზე პასუხის გაცემა ალბათ არ მოხერხდება, რადგან ეს სპეციფიკური ინფორმაციაა, რომელზეც საბჭომ შესაბამისი სახით უნდა გასცეს ის, რაც შეიძლება იყოს საჯარო ან არ იყოს საჯარო. მე მეტს ვერაფერს გეტყვით, ვერც დაგიდასტურებთ ამას და ვერც უარვყოფ. ამ სახის ინფორმაციაზე შეგიძლიათ მიმართოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრს და ყველა შემთხვევაში მიიღებთ შესაბამის პასუხს”, – გვითხრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა მერაბ გაბინაშვილმა.

“ინფორმაცია, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საბჭოს წევრები ფლობენ, ოფიციალურად პრესცენტრის მეშვეობით გეცნობებათ. მე ვერ მოგცემთ ინტერვიუს”, – გვითხრა საბჭოს სხვა მოსამართლე წევრმა თამარ ალანიამ.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ნათია გუჯაბიძის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გვარამიას თქმით, კონფიდენციალური წყაროსგან მას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2014 წელს გუჯაბიძე “თაღლითობაში იყო შემჩნეული”.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება გახდა ცნობილი. ნათია გუჯაბიძე, ჩვენი ინფორმაციით, იდევნება თაღლითობისთვის პროკურატურის მიერ. 2014 წელს მას სახელმწიფოს მხრიდან გამოეყო სახსრები. მან განაცხადა, რომ არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი თბილისში და სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელებისთვის სჭირდებოდა ანაზღაურება, რაც მიღებული პრაქტიკაა. აღმოჩნდა, რომ მას ეს სახლი ჰქონდა და ბინას ქირაობდა დედისგან. შესაბამისად, იგი ამ თანხებს ითვისებდა. ეს ცნობილი გახდა იუსტიციის საბჭოსთვის. იუსტიციის საბჭომ დაიწყო მოკვლევა. უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაშინდელმა თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა, ჩვენი ინფორმაციით, მოითხოვა საქმის პროკურატურისთვის გადაცემა, თუმცა საბჭოს ახლად დანიშნულმა წევრებმა ამას მხარი არ დაუჭირეს, რადგან გუჯაბიძე ყოველთვის ასოცირდებოდა წულუკიანის გუნდთან და ძაღლმა ძაღლის ტყავი არ დახია. არათუ პროკურტაურაში გადაგზავნაზე ეთქვათ უარი, არამედ სადისციპლინო დევნაზეც  და სადისციპლნო კოლეგიას არ გაეგზავნა ეს საქმე. ნათია გუჯაბაძიეს მხოლოდ სარეკომენდაციო ბარათი აკმარეს, რითიც დგინდება, რომ დადასტურებულად ჩაითვლა ის ფაქტი, რომ გუჯაბიძე, როგორც მინიმუმ, ცრუობდა, მაგრამ სამართლებრივად თუ ვიტყვით, როგორც მინიმუმ, თაღლითობდა და ფლანგავდა სახელმწიფო ქონებას. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა ფლობს ამ ინფორმაციას.

მოვუწოდებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გაასაჯაროოს ამ წარმოების ყველა მასალა, რადგან საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია. რუსთავი 2 წინააღმდეგია, მისი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე განიხილოს თაღლითობაში შემჩნეულმა მოსამართლემ, რადგან ის ამავდროულად განსაკუთრებულად მოწყვლადიც არის  საქართველოს პროკურატურის მიმართ”, – განაცხადა გვარამიამ.

ნათია გუჯაბიძე სააპელაციო სასამართლოში მუშაობს და იმ კოლეგიის წევრია, რომელიც რუსთავი 2-ის საქმეს იხილავს.

სააპელაციო სასამართლოში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძე ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს. როგორც სასამართლოში აცხადებენ, ამ თემაზე ვრცელ განმარტებას სავარაუდოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გააკეთებს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი