ახალი ამბები

ბრძოლა მაესტროსთვის

16 დეკემბერი, 2011 • • 1620
ბრძოლა მაესტროსთვის

ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებლებმა და ჟურნალისტებმა დღეს, 16 დეკემბერს, პოლიციას “მაესტროს” შენობიდან ეროსი კიწმარიშვილის გამოყვანა ამჯერად  საპროტესტო აქციის საშუალებით მოსთხოვეს. ეროსი კიწმარიშვილმა კი “მაესტროელებს” ულტიმატუმი წაუყენა და გააფრთხილა, თუ ისინი არსებული რეჟიმით გააგრძელებენ მუშაობას, მათ წინ “მაესტროს” კარი დაიკეტება.

“რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი ორშაბათს, 19 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანს სარჩელს შპს “სტუდია მაესტროს” დამფუძნებლების წინააღმდეგ და მათგან მოითხოვს 7 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. კიწმარიშვილის თქმით, ეს ის თანხაა, რომელიც მან მაესტროს განვითარებისთვის მოიზიდა.

კიწამრიშვილი ამ გადაწყვეტილებას მიესალმება მამუკა ღლონტი. “სტუდია მაესტროს” დამფუძნებელმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ის მიესალმება ყველა იმ სამართლებრივ ნაბიჯს, რომელსაც ეროსი კიწმარიშვილი გადადგამს.

“ხოლო ის, რომ ის იქ ზის და გენერალური დირექტორი გარეთ არის, ეს არის უკანონო და ამაზე ეროსი კიწმარიშვილი პასუხს აგებს სასამართლოს წინაშე,” – აცხადებს მამუკა ღლონტი.

თუმცა ეროსი კიწმარიშვილი უკანონობაში ბრალს თავად “მაესტროს” გენერალურ დირექტორს, ილია კიკაბიძეს სდებს და მის წინააღმდეგ საქართველოს მთავარ პროკურატურაში უახლოეს დღეებში განცხადებას შეიტანს.

როგორც კიწმარიშვილი ამტკიცებს, კიკაბიძის მმართველობის პერიოდში ტელეკომპანიაში მნიშვნელოვანი თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა და ამას პროკურატურა აუცილებლად გამოიძიებს.

ეროსი კიწმარიშვილმა, რომელიც არის “მაესტროს” მმართველი კომპანიის დამფუძნებელი,  ილია კიკაბიძე თანამდებობიდან რამდენიმე კვირის წინ იმ დროს გაათავისუფლა, როცა ტელეკომპანიის ეზოში ღობიდან გადაძვრა.

თავის მხრივ, “სტუდია მაესტროს” დამფუძნებლები აცხადებენ, რომ კიწმარიშვილის “რუსთავის მედიის მართვის კომპანიასთან” ხელშეკრულება ანულირებულია და მას არ ჰქონდა უფლება, კიკაბიძე ტელეარხის დირექტორის თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა.

ეროსი კიწმარიშილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნებისმიერ მესამე პირთან, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე, ის არის შპს “სტუდია მაესტროს” წარმომადგენელი. რაც შეეხება “მაესტროს” თანამშრომლებს, რომლებიც რადიო “მაესტროს” ოფისში აგრძელებენ მუშაობას, ეროსი კიწმარიშვილი დიალოგს სთავაზობს და ულტიმატუმსაც უყენებს.

კიწმარიშვილი, რომელიც  “ქართული პარტიის” ლიდერიც არის, ჟურნალისტებს მოუწოდებს, რადიო “მაესტროს” შენობიდან შეწყვიტონ ტელეკომპანია “მაესტროს” მაუწყებლობა, თორემ მათ წინ “მაესტროს” კარი სამუდამოდ დაიკეტება.

ეროსი კიწმარიშვილი “მაესტროს” ეთერში გაშვებას ნუცუბიძს 93–ში არსებული ოფისიდან აპირებს და ამის განსახორციელებლად მან უკვე გამოაცხადა კონკურსი ტელეკომპანიის თანამშრომლების ასაყვანად.

კითხვაზე, თუ როგორ მოახერხებს კიწმარიშვილი, ტექნიკურად ჩაანაცვლოს ამჟამინდელი “მაესტროს” სიგნალი თავისი “მაესტროს” სიგნალით, ის პასუხობს, რომ “მაესტრო” ეთერში ჩვეულ რეჟიმში 2012 წლის 30 იანვარს დაბრუნდება და უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას სხვადასვხა საკაბელო მაუწყებლებთან.

თავის მხრივ, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ არაერთხელ განცხადა, რომ “მაესტროს” სამაუწყებლო ლიცენზია ეკუთვნის შპს “სტუდია მაესტროს” და ის ამჟამად კანონიერად მაუწყებლობს.

გუშინ, 15 დეკემბერს, “მაესტროს” ერთ–ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა ტელეკომპანიის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა განცხადება, სადაც წერია: “გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ საკაბელო კომპანიებზე დაიწყო ზეწოლა “მაესტროს” გამორთვის მიზნით. შეიძლება სულ რამდენიმე დღეღა დაგვრჩა მაუწყებლობის. “იმედი 2”-ის განხორციელება გადამწყვეტ ფაზაში შედის. თუ საზოგადოება დაუშვებს “მაესტროს” გათიშვას, მაშინ საზოგადოება დაუშვებს გაყალბებულ არჩევნებსაც და მიშას სამუდამო მმართველობასაც. გადავარჩინოთ “მაესტრო.”

დღეს კი ნუცუბიძის ქუჩაზე, პოლიციის შენობასთან, “მაეტსროს” ჟურნალისტებმა საპროტეტსო აქცია გამართეს და პოლიციისგან კიდევ ერთელ მოითხოვეს, დაატოვებინონ ეროსი კიწმარიშვილს ტელეკომპანიის ოფისი.

“მაესტროს” ჟურნალისტმა, ანა ბროლაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა: “ვითხოვთ იმ გარემოს შექმნას, სადაც ვიმუშავებთ თავისუფლად, შეუზღუდავად, სადაც გვექბნება შეუზღუდავი უფლებები, განვახორციელოთ  ჩვენი მოვალეობა–ჟურნალისტური საქმიანობა, სადაც ხელს არ შეგვიშლიან ღობეზე გადმოსული ადამიანები, მათ შორის ჩვენთვის უცხო ადამიანები. ასე რომ, მივმართავთ ყველა იმ სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც ეხება ეს დავა, პრობლემები, რის გამოც ახლა ჩვენ ვართ რადიო მაესტროში და შეზღუდულად ვმაუწყებლობთ, ეს რომ გამოსწორდეს და მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია  ისე, როგორც აქამდე ვაკეთებდით.”

“მაესტროს” ჟურნალისტები პოლიციის შენობასთან სასტვენებით მივიდნენ და შენობის შესასვლელში სხვადასხვა წარწერებიანი ფურცლები დატოვეს.

“იმ ყველაფრის ფონზე, როგორც განვითარდა მოვლენები, ჩვენ, მაესტროს თანამშრომელბმა, გადავწყვიტეთ, რომ გზა იყო ერთადერთი, რომ ყველასთვის გვეჩვენებინა, მაესტროსთვის ნამდვილად არსებობს პრობლემები. მიუხედავად სირთულეეებისა, ჩვენ ვცდილობდით, მაყურებლისთის მიგვეწოდებინა ინფორმაცია. ამიტომ, შესაძლოა, ზოგიერთს გაუჩნდა განცდა, რომ ჩენ ამ ყველაფერს ვაზვიადებით და არ იყო პრობლემა ჩვენთის ის, რაც ხდებოდა. ჩვენ სამართალდამცავებს მოვუწოდებთ, იყვნენ ქმედებაუნარიანნი. ჩვენ, ჟურნალისტები, ვაკეთებთ ჩვენს საქმეს და მათაც გააკეთონ თავიანთი საქმე და შეასრულონ ჩვენი კანონიერი მოთხოვნები,” – განუცხადა “მაესტროს” ჟურნალისტმა ხატია ქვათაძემ “ნეტგაზეთს.”

საპროტესტო აქციაზე სოლიდარობის ნიშნად იმყოფებოდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები და რედაქტორები. მათ შორის იყო გაზეთ “რეზონანსის” ჟურნალისტი ლანა ბერიძე. მან “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ვერ ჩაერევა კომპანიისა და მფლობელების დავაში, მაგრამ ის, რომ ჟურნალისტებს უწევთ ძალიან ცუდ პირობებში მუშაობა, არის ძალიან ცუდი.

“მე მინდა, რომ ორივე მხარე  გადავიდეს ურთიერთობის ცივილიზებულ ფორმებზე და ჟურნალისტებს მიეცეთ ნორმალურად მუშაობის საშუალება,”  – აცხადებს ლანა ბერიძე.

“მაესტროელები” მორიგი საპროტესტო აქციის გამართვას ხვალ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან გეგმავენ. მამუკა ღლონტი ამბობს, რომ ამ პრობლემის სათავე პრეზიდენტი სააკაშვილია და აქციის ჩაატრება სწორედ ამიტომ გადაწყდა რეზიდენციასთან.

“მაესტროს” მფლობელებთან დაპირისპირებული მხარე ეროსი კიწმარიშილი კი პრობლემის სათავედ არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევს. ეროსი კიწმარიშვილის თქმით, “მაესტროს” მფლობელებსა და მმართველს შორის პრობლემები სწორედ ივანიშვილის გამოჩენამ და მის მიერ ტელეკომპანიის შეძენის სურვილთან დაკავშირებულმა განცხადებებმა წარმოშვა.

ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურმა კი რამდენჯერმე განაცხადა, რომ ორგანიზაცია “ქართული ოცნების” დამფუძნებელს “მაესტროს” შეძენის სურვილი არა აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი