ახალი ამბები

სასამართლომ ეროსი კიწმარიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

9 იანვარი, 2013 • 1330
სასამართლომ ეროსი კიწმარიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

დღეს, 9 იანვარს,  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განიხილა ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” სარჩელი მოპასუხე ”სტუდია მაესტროს” პარტნიორების და შპს ”სტუდია მაესტროს” მიმართ 7 341 670 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

 

კოლეგიის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” სარჩელი.

მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა ”სტუდია მაესტროსა” და ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიას” შორის დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ასევე, ზიანის ანაზღაურება საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის.

სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრობითობის და თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა ახსნა-განმარტებების შესწავლის შედეგად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელემ ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით ვერ დაასაბუთა აღძრული სარჩელი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ასევე ყადაღა მოეხსნა  შპს ”სტუდია მაესტროს” პარტნიორების წილებს.   შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე პარტნიორებს აღუდგებათ კუთვნილი წილების გასხვისების უფლებაც.

 

“რუსთავის მედიის მართვის კომპანიას”, რომლის დამფუძნებელიც არის ეროსი კიწმარიშვილი, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება  თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში შეუძლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი