ახალი ამბები

ორი “მაესტრო” და ერთი ეთერი

15 დეკემბერი, 2011 • • 1443
ორი “მაესტრო” და ერთი ეთერი

მაესტრო
მაესტრო

ტელეკომპანია „მაესტროს“  ჟურნალისტები ხვალ, 16 დეკემბერს, საპროტესტო აქციას მართავენ, ეროსი კიწმარიშვილმა კი ტელეკომპანიის მაუწყებლობის აღსადგენად უკვე დაიწყო ახალი თანამშრომლების შერჩევა.

 

როგორც „რუსთავის მედიის მართვის კომპანიის“ დამფუძნებელი ამბობს, ის მოლაპარაკებებს აწარმოებს საკაბელო მაუწყებლებთან, რათა „მაესტროს“ მაუწყებლობა ტელეკომპანიის ნუცუბიძის 93–ში მდებარე ოფისიდან აღადგინოს. კიწმარიშვილმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, რომ  „მაესტროს“ დამფუძნებლები რადიო „მაესტროს“ შენობიდან უკანონოდ მაუწყებლობენ.

დღესვე ტელეკომპანიის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა დამფუძნებლის, მამუკა ღლონტის განცხადება, სადაც წერია: “გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ საკაბელო კომპანიებზე დაიწყო ზეწოლა “მაესტროს” გამორთვის მიზნით. შეიძლება სულ რამდენიმე დღეღა დაგვრჩა მაუწყებლობის. “იმედი 2”-ის განხორციელება გადამწყვეტ ფაზაში შედის. თუ საზოგადოება დაუშვებს “მაესტროს” გათიშვას, მაშინ საზოგადოება დაუშვებს გაყალბებულ არჩევნებსაც და მიშას სამუდამო მმართველობასაც. გადავარჩინოთ “მაესტრო.”

ეროსი კიწმარიშვილი აცხადებს, რომ სანამ სასამართლო რამე გადაწყვეტილებას არ გამოიტანს, ის არის სტუდია „მაესტროს“ კანონიერი წარმომადგენელი.

ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა 14 დეკემბერს პოლიციას მიმართეს, რათა მათ ეროსი კიწმარიშვილი ძალით გამოეყვანათ „მაესტროს“ ძველი ოფისიდან. ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ კიწმარიშვილის „რუსთავის მედიის მართვის კომპანიასთან“ მათ ხელშეკრულება იმ დროს გააუქმეს, როცა ის „მაესტროს“ ეზოში ღობეზე გადაძრომით შევიდა.

მას შემდეგ ტელეკომპანიის ჟურნალისტები მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ რადიო „მაესტროს“ ოფისიდან. შექმნილი ვითარების გამო „მაესტროს“ ჟურნალისტებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც წერია:

“მაესტროს” ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ჟურნალისტებს დღემდე არ გვაძლევს სრულფასოვნად მუშაობის საშუალებას, რაც, პირველ რიგში, ჩვენი პროფესიული მოვალეობის ხელშეშლას წარმოადგენს. ჩვენ ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობასაც, რომელიც გვაკისრია საზოგადოების წინაშე. საზოგადოება ჩვენგან ელის ინფორმაციას და ამ მოვლენების გამო ის ყველაზე მეტად ზარალდება. ბოლო დროს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, ვფიქრობთ, ამ მოვლენებს კიდევ უფრო ართულებს. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 7 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს მიერ “რუსთავის მედიის მართვის” დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის მიმართ გაკეთებული გაფრთხილება, რომ მან დაუყოვნებლივ დატოვოს “მაესტროს” ტერიტორია, დღემდე არ არის სისრულეში მოყვანილი. “მაესტროს” მესაკუთრეების მოთხოვნაზე, რომ სასამართლოში განხილვების დასრულებამდე “რუსთავის მედიის მართვის კომპანიას” აეკრძალოს ყოველგვარი ქმედება “მაესტროს” სახელით, საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. საზოგადოებას კარგად ახსოვს და აქვს მაგალითები, თუ რა პრობლემები შექმნია დამოუკიდებელ მედიას. ჩვენთვის მთავარია, აღდგეს “მაესტროს” სრულფასოვანი მაუწყებლობა და დაკმაყოფილდეს საზოგადოებრივი ინტერესი, თუმცა მიმდინარე ტენდენცია გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, “მაესტროს” მაუწყებლობას გარკვეული პრობლემები შეექმნას. ასე რომ არ მოხდეს, სათანადო ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ კანონით ნაკისრი ვალდებულებები.

საზოგადოებამ ერთხელ უკვე დაკარგა “იმედი”. საზოგადოებამ არ უნდა დაკარგოს “მაესტრო”. ამისთვის, ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ, როგორც ჩვენი საქმით, ასევე საპროტესტო აქციების ფორმით. ჩვენ ჟურნალისტური სოლიდარობის იმედი გვაქვს, რადგან სწორედ ამ სოლიდარობამ რეპორტიორების საქმესთან დაკავშირებით პირველი სერიოზული შედეგი გამოიღო”, – ნათქვამია ტელეკომპანია “მაესტროს” თანამშრომლების განცხადებაში.

აქცია ხვალ, 16:00 საათზე, ნუცუბიძის I მიკრორაიონში, I კორპუსთან გაიმართება,“ – წერია „მაესტროს“ ჟურნალისტების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი