ნეტგაზეთი | მამუკა ღლონტი ჟურნალისტების წინააღმდეგ მამუკა ღლონტი ჟურნალისტების წინააღმდეგ – Netgazeti
RU | GE  

მამუკა ღლონტი ჟურნალისტების წინააღმდეგ

“გაღიმებული სახით უყურებდნენ ჟურნალისტები იმ საზიზღრობას, რაც ხდებოდა. ალბათ, ოცნებოდნენ კიდეც, რომ “მაესტრო” აღარ გასულიყო. ეს არის ჟურნალისტური ლუსტრაცია”

„ეს დღეები სახელისუფლო ტვ-ების “ ჟურნალისტები“ ლამის ტუალეტის კართანაც მელოდნენ, ხოდა, როცა ყველაზე საინტერესო განცხადება კეთდებოდა (მაკა ასათიანის ადვოკატის პრესკონფერენცია, სადაც ერასტა ქურდობაში იქნა მხილებული) არც ერთი სახელისუფლო არხი არ მოვიდა, აბა, მიპასუხეთ ეხმარება თუ არა ხელისუფლება ერასტას? მერაბ მეტრეველს, ზვიად ქორიძეს, აქუს, ეკა კვესიტაძეს, პრაიმ თაიმს იქნებ დასვათ ეს კითხვაც სხვა ჩახვეულ კითხვებთან ერთად :)– ეს განცხადება მამუკა ღლონტმა ფეიქსბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

ნეტგაზეთის კითხვას, კონკრეტულად რაში ადანაშაულებს ღლონტი დასახელებულ ჟურნალისტებს, ის პასუხობს, რომ მის მიერ ნახსენები ჟურნალისტები კითხვებს არ სვამენ და არ უღრმავდებიან ამა თუ იმ საკითხს „მაესტროსთან“ დაკავშირებით.

„მაგალითად, გუშინ ეროსი კიწმარიშვილმა რაღაც ფურცელი აფრიალა დავით აქუბარდიასთან ტელეეთერში. ჟურნალისტს შეეძლო ეჩვენებინა ეს ფურცელი მაყურებლისთვის, ან  წაეკითხა და დაინტერესებულიყო, რა ეწერა მასში. მერაბ მეტრეველზე ვერც ვილაპარაკებ, ისეთი საოცრებაა. კითხვებს მხოლოდ ერთი მიმართულებით სვამს. გაღიმებული სახით უყურებდნენ ჟურნალისტები იმ საზიზღრობას, რაც ხდებოდა. ალბათ, ოცნებოდნენ კიდეც, რომ “მაესტრო” აღარ გასულიყო. ეს არის ჟურნალისტური ლუსტრაცია, რაც დღეს ხდება საქართველოში. ეს ძალიან კარგია, რადგან ირვეკვა, ვინ არის ნამდვილად კარგი ჟურნალისტი, ვინ ემსახურება თავის საქმეს და ვინ ხელისუფლების,”–ამბობს მამუკა ღლონტი.

კითხვას, რა კონკრეტული პრეტენზია აქვს ჟურნალისტ ზვიად ქორიძის მიმართ, ღლონტი არ პასუხობს.

“ზვიად ქორიძესთან დაკავშირებით საუბარიც არ მსურს. სიღრმეებში ნუ შემიყვანთ.”

მამუკა ღლონტის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ აკეთებს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, ვინაიდან, ქორიძის თქმით, მან ვერ გაიგო, რა პრეტენზიები გააჩნია ღლონტს მის მიმართ.

ნეტგაზეთთან საუაბრში პირველი არხის გადაცემა “აქცენტების” წამყვანი ეკა კვესიტაძე აცხადებს, რომ ღლონტის ბრალდება მის მიმართ უსაფუძვლოა.

“მაქსიმალურად ვაშუქებთ ამ ამბავს. რა პრეტენზიები უნდა ჰქონდეს, არ მესმის. დათო პაიჭაძესთან გადაცემაში ოთხი ადამიანი წარმოადგენდა მამუკას მხარეს– თვითონ ის, ორი ჟურნალისტი და ასევე თამარ კორძაიაც იცავდა ნაწილობრივ მის ინტერესებს. რას ნიშნავს გაღიმებული სახით, არ მესმის, ან საერთოდ რატომ უნდა მქონდეს ასეთი დამოკიდებულება მაესტროს მიმართ. სასაცილოა ცოტა, რომ ვინმეს უხაროდეს მაესტროს ასეთ მდგომარეობაში ყოფნა. ეს არის შიდა კონფლიქტი, რომელიც შიგნით უნდა გარჩეულიყო და არანაირად არ მიმაჩნია, რომ ეს არის ხელისუფლებასა და მედიას შორის კონფლიქტი.”
მამუკა ღლონტის ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს ნეტგაზეთთან სხვა ჟურნალისტებიც აკეთებენ. 

გაზეთ “კვირის პალიტრას” ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის თქმით, მას დღეს გადაცემაში ეროსი კიწმარიშვილი ეყოლება და როგორც მეტრეველი ამბობს, მამუკა ღლონტს შეუძლია მოისმინოს, თუ რომელი მიმართულებით სვამს კითხვებს.

ღლონტის ბრალდებას ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილიც ეხმაურება. 

“მას ვურჩევ, რომ დათო აქუბარდიას კრიტიკის ნაცვლად თავისი კომპანიის აწეწილ საქმეებში გაერკვიოს. მართლა კოლეგები რომ არიან და ამის გამო თავს ვიკავებთ რაღაცეებზე, მე მგონი, ეს არ ნიშნავს, რომ აქეთ გქონდეს პრეტენზიები ვიღაცეების მიმართ.  

ის, რაც ეროსი კიწმარიშვილმა მოიტანა, იყო ზუსტად ის გადაწყვეტილება, დამფუძნებელთა კრების ოქმი, რომელზეც “ნეტგაზეთი” წერდა, რომ რეესტრში უნდოდათ მათ გაეტარებინათ და ტექნიკური პრობლემების გამო ვერ გაატარეს. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ წილები ფორმდებოდა ერთი დამფუძნებლიდან მეორეზე და ნებისმიერი მიზეზით კიწმარიშვილის კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ შედიოდა ეს შეთანხმება ძალაში.  ამას გავაშუქებთ ჩვენ და ისე, ეს მისმა ჟურნალისტებმაც რომ გააშუქონ, კარგი იქნებოდა.

ის ცირკი, რაც ღლონტმა თავის ტელევიზიაში მოაწყო და რასაც აკეთებს ამდენი ხნის მანძილზე, რომ კაცმა ვერ გაიგო, ვისგან რამდენს იღებს და თვითონ რას იღებს, გადაყიდვას აკეთებს წილისას,  თუ რას აკეთებს, ეს აწყობს ზუსტად ხელისუფლებას და კავკასიას კიდევ რაიმე დააბრალო, ძალიან სასაცილოა.

კიდე თავს ვიკავებ იმ ჟურნალისტების პატივისცემით, რომლებიც მანდ მუშაობენ. ეს ისტორია, როგორ გაშუქებასაც იმსახურებს, კითხოს გამომძიებელ ჟურნალისტებს, ნანა ლეჟავას კითხოს, თავის მაგარ ჟურნალისტებს კითხოს, რომლებიც არ აშუქებენ ამ ისტორიას ისე, როგორც საჭიროა და ისინი ეტყვიან.

მაკა ასათიანის წერილი იყო უგრძელესი და საინფორმაციო თავიდან ბოლომდე ვერ წაიკითხვდა. ჩვენ სხვა ფორმატი გვაქვს და გუშინ “მაესტრო” აღარ იყო ისეთი მთავარი თემა. რამდენიმე დღე საინფორმაციოს მაესტროთი ვიწყებდით და სიუჟეტებს ვაკეთებდით. და სანამ ეროსი და მამუკა ერთმანეთთან იჩხუბებენ, ყოველდღე “მაესტრო” მთავარი თემა ვერ იქნება,”–ამბობს ჯანგირაშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო კახიშვილი, ოთო დალაქიშვილი