თბილისის სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა დაძაბულ რეჟიმში გრძელდება. დღეს 3 მოსამართლისაგან (ნატა ნაზღაიძე, ნათია გუჯაბიძე, შორენა ყველაშვილი) შემდგარმა კოლეგიამ სხდომათა დარბაზი რამდენიმე ადამიანს დაატოვებინა, მათ შორის- რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას.
რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელების, ძმები ყარამანიშილებისა და TV საქართველოს წარმომადგენლები სხდომის გადადებას დღესაც ითხოვდნენ, თუმცა, უშედეგოდ. მოსამართლეთა გადაწყვეტილებით დღეს აპელანტებმა ახსნა-განმარტების ეტაპი დაასრულეს. ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ მოსამართლეთა კოლეგიამ ადვოკატებს რამდენჯერმე დაუწესა ლიმიტი გამოსვლის დროზე. მოსამართლეთა არგუმენტი ადვოკატების მხრიდან ერთი და იმავეს რამდენჯერმე გამეორება იყო, რასაც ადვოკატები არ ეთანხმებოდნენ:
“სამართლებრივ პრობლემებს, რომელიც ამ საქმეში არსებობს, ვერავინ შეცვლის, ხოლო განსხვავებულ სამართლებრივ მოსაზრებებს ამ პრობლემებზე ყველა სხვადასხვანაირად ვაყალიბებთ”, – განაცხადა TV საქართველოს ადვოკატმა დიმიტრი ძაგნიძემ.
აპელანტებმა თავის სიტყვაში ყველაზე დიდი დრო დაუთმეს ქიბარ ხალვაშის მიერ წარმოდგენილი ცენტრალური მტკიცებულების: სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მოზადებული დასკვნის კრიტიკას, რომლის მიხედვითაც სადავო პერიოდში რუსთავი 2-ის წილები დაახლოებით 7 მილიონი ღირდა. დასკვნა ემყარება ქიბარ ხალვაშის მიერ ექსპერტიზის ბიუროსთვის მიწოდებულ ფინანსურ დოკუმენტს, რომლის ნამდვილობასთან დაკავშირებით მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატებს არაერთი შეკითხვა აქვთ. [უფრო ვრცლად ზემოხსენებული სადავო მტკიცებულების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ].
მათ ასევე კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავისი სამართლებრივი პოზიციები იმის შესახებ, რომ ზემოხსენებულ დასკვნაში მოყვანილი რიცხვების ნამდვილობის შემთხვევაშიც კი, ამჟამინდელ მფლობელებს წილები არ უნდა ჩამორთმეოდათ, რადგან ისინი კეთილსინდისიერი შემძენები არიან.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია კი აცხადებს, რომ მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტებზე თავის პასუხებს 3 ივნისს წარმოადგენს. სხდომა პაატა სალიას გამოსვლით სწორედ 3 ივნისს გაგრძელდება.