ახალი ამბები

ბიზნესკონტაქტის განცხადება: ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იყო გიორგი ისაკაძე

31 მაისი, 2016 •
ბიზნესკონტაქტის განცხადება: ჩვენი სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იყო გიორგი ისაკაძე

ტელეკომპანია “მაესტროდან” გადაცემების, “ბიზნესკონტაქტისა” და “საქმიანი დილის” ავტორის, გიორგი ისაკაძის დათხოვნის შემდეგ “ბიზნესკონტაქტის” გუნდმა განაცხადა, რომ მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი იყო გიორგი ისაკაძე, ხოლო მისი დათხოვნით ჩნდება ეჭვი, რომ ეს სარედაქციო დამოუკიდებლობა შეიზღუდება.

“ეს არიან ადამიანები, რომლებსაც გიორგი ისაკაძემ მოუყარა თავი ბიზნესკონტაქტისა და საქმიანი დილის გუნდებში. დიახ, ეს გიორგი ისაკაძის საავტორო გადაცემა ბიზნესკონტაქტია და დღეს ამ ეთერით მივმართავთ შპს სტუდია მაესტროს გენერალურ დირექტორს, ზურაბ ნაყეურს,” – ამ მიმართვით დაიწყეს დღეს საღამოს პირდაპირ ეთერში მუშაობა ბიზნესკონტაქტის თანამშრომლებმა.

მათი თქმით, ისაკაძეს გენერალურმა დირექტორმა ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და ამის მიზეზად დაასახელა ისაკაძის მხრიდან იმის მოთხოვნა, რომ აუთსორსზე გასულიყო ეს ორი გადაცემა.

“ბიზნესკონტაქტის მთავარი მონაპოვარი იყო მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა, რომელშიც ამ დრომდე არავინ ჩარეულა”, – აცხადებენ ბიზნესკონტაქტის თანამშრომლები. მათი თქმით, ისაკაძის გათავისუფლებით ჩნდება ეჭვი, რომ ეს სარედაქციო დამოუკიდებლობა შეიზღუდება, განსაკუთრებით- წინასაარჩევნო პერიოდში.

ჟურნალისტების თქმით, მათი პოზიციაა, რომ თუკი გიორგი ისაკაძეს არ დააბრუნებენ სამსახურში, არხის ხელმძღვანელობას შეუძლია სამსახურიდან დაითხოვონ ბიზნესკონტაქტის თანამშრომლები.

ისაკაძე ტელევიზიიდან დღეს დაითხოვეს. როგორც მან გადაცემაში “ბიზნესკონტაქტი” დღეს, 31 მაისს განაცხადა, ტელეკომანია მაესტრომ ცალმხრივად გაუწყვიტა ხელშეკრულება 2016 წლის 1 ივნისიდან. ისაკაძის თქმით, გადაწყვეტილება დათხოვნის შესახებ გუშინ, 30 მაისს, ჩააბარეს. ისაკაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არხის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ნაყეურმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში გიორგი გაჩეჩილაძემ (უცნობი) შეიძინა მაესტროს წილის 30%, რის შედეგად ის გახდა საკონტროლო პაკეტის (55%-იანი წილი) მფლობელი. გაჩეჩილაძის თქმით, ამ წილის შესაძენად თანხა მას ირაკლი რუხაძემ ასესხა. მაესტროს ყოფილი გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის თქმით, რუხაძე, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორი იყო, ტელეკომპანია “იმედის” არაოფიციალური მმართველია, რასაც თავად რუხაძე და ტელეიმედის გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე უარყოფენ.

ტელეკომპანია “მაესტროს” წილის 15%-ის მფლობელის, მამუკა ღლონტის და 5%-ის მფლობელის, ეკა აკობიას განცხადებით, “გიორგი ისაკაძის “მაესტროდან“ გაძევება არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, გადადგმული ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის სრულად გაკონტროლებისკენ, რასაც ახორციელებს “ქართული ოცნება“ “იმედის“ მეპატრონის , ირაკლი რუხაძის ხელით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი