ახალი ამბები

რეკომენდაციები საარჩევნო მედიაგარემოსთვის

15 დეკემბერი, 2011 •
რეკომენდაციები საარჩევნო მედიაგარემოსთვის
წინასაარჩევნოდ ელექტრონული მედიის არაობიექტურობა და მიკერძოებული ახალი ამბები, ელექტრონულ მედიაზე– განსაკუთრებით ეროვნულ მაუწყებლებზე– ხელისუფლების ძლიერი ზეგავლენა, კრიტიკული და დამოუკიდებელი მოსაზრებების გამოთქმის ნაკლებობა, ჟურნალისტურ საქმიანობაზე ფაქტობრივი ცენზურის არსებობა – ამ საკითხებზე მსჯელობა გაიმართა 15 დეკემბერს სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში”, სადაც მიმდინარეობდა შეხვედრა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებისა და მედიის საკითხებზე მომუშავე ექსპერტებსა და იურისტებს შორის.

ODIHR–ის  ექსპერტი არჩევნების საკითხებში რასტო კუჟელი, საქართველოს წინა არჩევნების დაკვირვებიდან გამომდინარე, ცალსახად აღნიშნავს, რომ მედიის წარმომადგენლები ნაკლებად კრიტიკულ კითხვებს უსვამენ სახელისუფლებო კანდიდატს, არიან მმართველი პარტიის მიმართ დადებითად განწყობილნი(რაც კარგად გამოიხატება ახალ ამბებში), მედია არ ასრულებს “watchdog”–ის(დამკვირვებლის) როლს.

დღეს მედიისა და არჩევნების თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის წარმომადგენელთა შეხვედრაზე გამოითქვა რეკომენდაციები და შენიშვნები, რომლებსაც შემდგომში პარლამენტს მიაწვდიან.

  • არჩევნების დანიშვნიდან მისი შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე უნდა აიკრძალოს საარჩევნო სუბიექტის/სუბიექტობის კანდიდატის მონაწილეობა მაუწყებლის ყველა პროგრამაში, გარდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური და წინასაარჩევნო დებატების პროგრამებისა;
  • კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო აქტივობა უნდა გაშუქდეს საფუძვლიანად და დაბალანსებულად ყოველდღიურ ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში;
  • კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს უნდა მისცეს ყოველდღიურ ახალ ამბებში ე.წ. მთავარ მოვლენებზე კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა, ამასთან, ერთი ასეთი სუბიექტისათვის მთავარ მოვლენაზე ან დღის მნიშვნელოვან სხვა საკითხზე კომენტარის გაკეთების შეთავაზების შემთხვევაში კომენტირება შესთავაზოს დანარჩენ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებსაც;
  • არჩევნების დანიშვნიდან მისი შედეგების ოფიციალურ გამოქვეყნებამდე უნდა აიკრძალოს მაუწყებლის ახალი ამბების პროგრამაში ისეთი სიუჟეტის ჩართვა, რომელიც დაკავშირებული არ არის საარჩევნო კამპანიასთან და რომელშიც ნაჩვენები ან/და ნახსენებია საარჩევნო სუბიექტი/სუ-ბიექტობის კანდიდატი, მისი დასახელება, ან/და რიგითი ნომერი. (“ფარული” პოლიტიკური რეკლამა)
  • უნდა აიკრძალოს ახალი ამბების პროგრამის გაწყვეტა წინასაარჩევნო რეკლამით/აგიტაციით.

გაზეთ “რეზონანსის” რედაქტორის, მედიაექსპერტის ლაშა ტუღუშის შეფასებით, ერთ–ერთი პრობლემა, რაც აქტიურად იკვეთება წინასაარჩევნოდ, ეხება “ფარული” საარჩევნო რეკლამების უკონტროლობას მედია–ბაზარზე. მისივე განცხადებით, არ არის გამიჯნული ერთმანეთისგან ნიუსი და აგიტაცია.

“ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ– ეს არის როგორც ეთიკური ამოცანა, ასევე, ვფიქრობ, სამართლებრივი ამოცანა. აგიტაცია და ნიუსი, ახალი ამბავი–ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა ქართულ მედიაში. მათ შორის, როდესაც ხდება დათვლა იმისა, თუ სად არის აგიტაცია და სად ახალი ამბები. ამ მეთოდოლოგიასაც არ იყენებენ სოციოლოგიური ჯგუფები, რომლებიც ანგარიშობენ რაოდენობრივი თვალსაზრისით, რამდენი იყო ნიუსი და აგიტაცია. ეს პრინციპული საკითხია. ტელევიზიები იყენებენ სხვადასხვა მეთოდებს, სხვათა შორის, ძალიან ცუდ მეთოდებსაც, მათ შორის ისეთს, რომელიც აბსოლიტურად მიუღებელია საზოგადოებისთვის, ე.წ სპინს, ასევე ფარული რეკლამის საშუალებით ამას ამუშავებენ.

ამიტომ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ვთვლი, რომ დღევანდელი კანონი ამ მიმართულებითაც დასახვეწია, რომ უფრო სხვანაირი დეფინიცია მოხდეს, იმისათვის, რომ საზოგადოება არ შევიდეს შეცდომაში, ეს არის ახალი ამბავი თუ აგიტაცია,” – განაცხადა ტუღუშმა.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე დაყრდნობით მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ ნაციონალურ არხებზე მმართველი პარტიის მიმართ ტონალობა პოზიტიურია.

“თუ დააკვირდებით 2008 წლის არჩევნებს, ნახავთ, რომ ოპოზიციური კანდიდატი საკმაოდ ნეგატიურ კონტექსტშია წარმოდგენილი ყველა ნაციონალურ არხზე. 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, რომელზეც ეუთოს სადამკვირვებლო მისიამაც გააკეთა დასკვნა, “საზოგადოებრივ მაუწყებლის” ტონალობა მმართველი პარტიის მისამართით იყო პოზიტიური (არ ყოფილა ამ შემთხვევაში მმართველი პარტიის მისამართით რაიმე კრიტიკული კითხვა დასმული), ყველაფერი იყო ნაჩვენები ისე, როგორც სურდა ამ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას. ამიტომაც გაჩნდა ასეთი მოსაზრება ჩვენ ჯგუფში, რომ როდესაც ვსაუბრობთ ინფორმაციის გაშუქებაზე ყოველგვარი ზედმეტი კითხვების დასმის გარეშე, ამ შემთხვევაში ჟურნალისტმა შეიძლება შეიძინოს აგიტატორის ფუნქცია,” – აღნიშნავს ქორიძე.

მედიისა და არჩევნების საკანონმდებლო ინიციატივაზე მომუშავე ექსპერტები წინასაარჩევნოდ დებატების გამართვისა და ამ დებატებში მონაწილე მხარეების ჩართულობის აუცილებლობაზეც აკეთებენ აქცენტს.

“მაუწყებელს აქვს უფლება, ჰქონდეს დებატი და თუ მოაწყობს დებატებს, მაშინ ყველას თანაბრად მისცეს საშუალება. საარჩევნო კოდექსშიც ეს მუხლია მხოლოდ გადატანილი. ჩვენ გამოვიჩინეთ ინიციატივა და ცოტა უფრო ვრცლად წარმოვაჩინეთ საარჩევნო დებატების საკითხი. ვსაუბრობთ იმაზე, რომ ლიცენზიის მქონე მაუწყებლებიც ვალდებული არიან, რომ სამაუწყებლო დრო დაუთმონ დებატებს. ასევე არის ნორმები, როდესაც საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე პოლიტიკურ სუბიექტს დაეკისროს დებატებში აუცილებლად მოანაწილეობის მიღების პასუხისმგებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისთვის გამოყოფილი უფასო პოლიტიკური რეკლამის დრო შემცირდება,” – განაცხადა ქორიძემ.

თუმცა რეგიონული მაუწყებლობის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი ამგვარ საკანონმდებლო ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს. მისი თქმით, რეგიონებში არსებულ სამაუწყებლო კომპანიების უმეტესობას მატერიალურად არ შეუძლიათ დებატების წარმოება, რადგან არ არის შესაბამისი ფართი, სტუდია, აღჭურვილობა. მისივე თქმით, რეგიონში პრობლემაა კვალიფიცირებული რესპოდენტის მოძებნაც.

აღნიშნულში მთავარ პრობლემად ლაშა ტუღუში რეგიონებში კვალიფიცირებული რესპოდენტის და მისი დებატში ჩართვას მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, ის თვლის, რომ ყველა პარტიამ უნდა მოახერხოს მაჟორიტარის წარდგენა და დებატებში ჩართვა.

“წინასაარჩევნოდ ყველა პოლიტიკური პარტიის კვალიფიციური სუბიექტი ვალდებული უნდა იყოს, მივიდეს დებატებში და მიიღოს მონაწილეობა და რატომ, იმიტომ, რომ ჩვენ, საზოგადოება ვუხდით ფულს ბიუჯეტიდან და ისინი ფინანსდებიან ბიუჯეტიდან.  ამიტომ ისინი ვალდებული არიან, გაგვაცნონ საკუთარი პროგრამები ამ დებატებზე. მეორე მიდგომაა, რომ იქნებ შედარებით ლიბერალური იყოს პოზიცია და პარტიებს მივცეთ საშუალება, თავად გადაწყვიტონ, მივიდნენ, თუ არ მივიდნენ. ხოლო თუ არ მივლენ დებატებში, ეს იქნება მათი შავი პიარი,” – აღნიშნავს ტუღუში.

მედიაექსპერტებისა და იურისტების განცხადებით, აღნიშნულ რეკომენდაციებსა და შენიშვნებს ისინი საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს გააცნობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი