ტელეკომპანია “მაესტროს” წილის 15%-ის მფლობელი მამუკა ღლონტი და 5%-ის მფლობელი ეკა აკობია განცხადებით ეხმაურებიან ტელევიზიიდან გადაცემების- “საქმიანი დილისა” და “ბიზნესკონტაქტი ანალიტიკის” გადაცემის იდეის ავტორის, გიორგი ისაკაძის დათხოვნას. ისინი განცხადებით მიმართავენ “მაესტროს” ჟურნალისტებს:
“გიორგი ისაკაძის “მაესტროდან“ გაძევება არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, გადადგმული ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის სრულად გაკონტროლებისკენ, რასაც ახორციელებს “ქართული ოცნება“ “იმედის“ მეპატრონის , ირაკლი რუხაძის ხელით. მოგიწოდებთ, მხარში დაუდგეთ ერთმანეთს და არ დაუშვათ “მაესტროს“ სახელისუფლებო არხად გადაქცევა. დარწმუნებულნი ვართ, რომ თუ ახლა ვერ შეძლებთ თქვენი და თქვენი კოლეგების უფლებების დაცვას, უახლოეს მომავალში “ირაკლი რუხაძე და კომპანია“ აუცილებლად დაცლის ,,მაესტროს” პრინციპული ადამიანებისგან!” – ნათქვამია ღლონტისა და აკობიას განაცხადებაში.
ისაკაძე ტელევიზიიდან დღეს დაითხოვეს. როგორც მან გადაცემაში “ბიზნესკონტაქტი” დღეს, 31 მაისს განაცხადა, ტელეკომანია მაესტრომ ცალმხრივად გაუწყვიტა ხელშეკრულება 2016 წლის 1 ივნისიდან. ისაკაძის თქმით, გადაწყვეტილება დათხოვნის შესახებ გუშინ, 30 მაისს, ჩააბარეს. ისაკაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არხის გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ნაყეურმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში გიორგი გაჩეჩილაძემ (უცნობი) შეიძინა მაესტროს წილის 30%, რის შედეგად ის გახდა საკონტროლო პაკეტის (55%-იანი წილი) მფლობელი. გაჩეჩილაძის თქმით, ამ წილის შესაძენად თანხა მას ირაკლი რუხაძემ ასესხა. მაესტროს ყოფილი გენერალური დირექტორის, ბაია გადაბაძის თქმით, რუხაძე, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორი იყო, ტელეკომპანია “იმედის” არაოფიციალური მმართველია, რასაც თავად რუხაძე და ტელეიმედის გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე უარყოფენ.