თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, დღევანდელი პროცესიდან გააძევეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. ამის შემდეგ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა დამსწრეთა ნაწილმა.
დარბაზში ისმოდა შეძახილები – “მოსკოვის სასამართლო”, “სამარცხვინო”.
მოსამართლე ნატა ნაზღაიძის თქმით, გვარამია არ ემორჩილება სასამართლოს განკარგულებებს და უპატივცემულობას ავლენს.
ინციდენტამდე მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ გვარამიას უთხრა, რომ მან რამდენჯერმე ახსენა ის ფაქტი, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უკვე დაწერილი აქვს გადაწყვეტილება, რომელიც უნდა წაიკითხონ მოსამართლეებმა. მოსამართლე გუჯაბიძემ გვარამიას მიმართა, რომ თუ მისთვის ცნობილი იყო წულუკიანის ეს გადაწყვეტილება, თან ჰქონოდა დალუქული და როცა კოლეგია დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, შეედარებინა ერთმანეთისთვის. თუ დაემთხვეოდა, მოსამართლის მანტიას გაიხდიდა. ამის საპასუხოდ გვარამიამ მოსამართლეს მიმართა, რომ არ აპირებდა “თამაშებს მანტიის გახდაზე”. გვარამიას საუბარი აღარ გააგრძელებინა კოლეგიის თავმჯდომარემ, რაც გააპროტესტა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა. გვარამია აცხადებდა, რომ მოსამართლე გუჯაბიძისთვის პასუხი უნდა გაეცა, ხოლო კოლეგიის თავმჯდომარემ ნატა ნაზღაიძემ მას საუბარი აღარ გააგრძელებინა და სხდომიდან გააძევა.
ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლოს იმავე კოლეგიამ 13 მაისის სხდომაზე 500 ლარით დააჯარიმა სასამართლოს უპატივცემულობის გამო.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო იხილავს საჩივარს, რომელიც ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსთავი 2-ის წილის 100% გადაეცა ქიბარ ხალვაშს.
დღევანდელ სხდომაზე რუსთავი 2-ის წილის 51%-ის მფლობელი ტელეკომპანია “საქართველოს” ადვოკატებმა, დიმიტრი ძაგნიძემ და ქეთევან ზანდუკელმა მოითხოვეს პროცესის გადადება, რადგან მათი თქმით, 13:00 საათზე ჩანიშნულია სხვა პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რის შესახებაც მათ აცნობეს სასამათლოს გუშინვე, თუმცა ამის მიუხედავად, დღეს მაინც ჩაინიშნა სააპელაციოში პროცესი. შუამდგომლობას არ დაეთანხმა ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია იმ მოტივით, რომ ტვ “საქართველოს” ორი ადვოკატიდან ერთ-ერთს შეეძლო სააპელაციოში სხდომაზე დასწრება, ხოლო მეორეს – საქალაქოში. ამ არგუმენტს დაეთანხმა სასამართლო და არ დააკმაყოფილა “საქართველოს” ადვოკატების შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე. ამ გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში მყოფი ორი პირის – ჟურნალისტ ელისო კილაძისა და მსახიობ ია ფარულავას მხრიდან სიცილი მოჰყვა, რის გამოც მოსამართლემ მათ დაატოვებინა დარბაზი.
ქიბარ ხალვაშის სარჩელი რუსთავი 2-თან დაკავშირებით და მისი განვითარება
2015 წლის 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე.
კერძოდ, სასამართლომ ხალვაშს მიაკუთვნა რუსთავი 2-ის წილის 100-ვე პროცენტი და ბათილად ცნო მის მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რის შემდეგაც ხალვაშმა რუსთავი 2-ში წილი დათმო.
მოსამართლემ შვიდპუქტიანი სარჩელის მხოლოდ ორი მოთხოვნა დააკმაყოფილა:
– გთხოვთ მოხდეს შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის (ს.კ.211352016) პარტნიორების ლევან ყარამანიშვილის (პ.ნ. 62001003710) 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის (პ.ნ.01025001809) 18%-ის, შპს “ტელეკომპანია საქართველო”-ს (ს.კ.206074291) 51%-ის და ნინო ნიჟარაძის (პ.ნ.01009001438) 9%-ის წილების რეგისტრაციის გაუქმება და შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის (ს.კ.211352016) წილების მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშის (პ.ნ.61002000543) 60%-ის და შპს “პანორამა”-ს (ს.კ.205033328) 40%-ის ცნობა.
– გთხოვთ ბათილად ცნოთ: ა) 2005 წლის 26 დეკემბერს ქიბარ ხალვაშსა და შპს „საქცემენტს“ (ს.კ. 230866435) (ამჟამინდელი შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“) შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ქიბარ ხალვაშმა შპს „რუსთავი 2“–ის მისი კუთვნილი 60%–ი წილიდან 22%-ი გადაუფორმა შპს „საქცემენტს“ (ს.კ. 230866435). ბ) 2006 წლის 17 ნოემბერს ქიბარ ხალვაშსა და შპს „გეო–ტრანს“ (ს.კ. 204504401) შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ქიბარ ხალვაშმა შპს „რუსთავი 2“–ის საწესდებო კაპიტალის 38%–ი გადაუფორმა შპს „გეო–ტრანს“ (ს.კ. 204504401); გ) 2006 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული შპს „პანორამა“–ს (ს.კ. 205033328) და შპს „გეო–ტრანს“ (ს.კ. 204504401) შორის, რომლითაც განხორციელდა შპს „რუსთავი 2“–ის 40%–ის გადაფორმება შპს „გეო–ტრანს“–ზე (ს.კ. 204504401); როგორც იძულებითი და ამორალური გარიგებები.
ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-თან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 2015 წლის 4 აგვისტოს შეიტანა. ამ სარჩელით, რომელსაც 7 მოპასუხე ჰყავს [1. შპს ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია 2. შპს გეო ტრანსი 3. ლევან ყარამანიშვილი 4. გიორგი ყარამანიშვილი 5. შპს “ტელეკომპანია საქართველო” 6. ნინო ნიჟარაძე 7. შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”], ხალვაში ითხოვს სასამართლომ ბათილად ცნოს 2005 და 2006 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც “რუსთავი 2”-ის 60% , რომელსაც ხალვაში ფლობდა და “რუსთავი 2″ -ის 40%, რომელსაც ხალვაშის კომპანია შპს “პანორამა” ფლობდა, გადავიდა შპს “საქცემენტის” [ამჟამინდელი ჰაიდელბერგცემენტის] და შპს “გეო-ტრანსის” საკუთრებაში. სარჩელის მიხედვით, რუსთავი 2 -ის 100% ამ ორი კომპანიის საკუთრებაში, ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ჯამში, გადავიდა 268 997$-ად, თუმცა მოსარჩელის, განცხადებით, ეს მოხდა იძულებით და ფიქტიურად, ანუ ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული თანხა არ მიუღია.
მოსარჩელე ხალვაში ითხოვს “რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელების ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის -18%-ის , შპს ტელეკომპანია საქართველოს 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშის და შპს “პანორამის” გამოცხადებას.
გარდა ამისა ხალვაში ითხოვს:
აღიარებულ იქნას სარჩელის სასამართლოში შეტანის დროისათვის არსებული შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის ლოგოს ავტორად;
მოპასუხე შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ს დაეკისროს ლოგოს უნებართვო გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება – 200 000 აშშ დოლარის ოდენობით;
ქიბარ ხალვაში ცნობილ იქნეს სატელევიზიო გადაცემების „ბოიარდის სასახლის“, „უკანასკნელი გმირის“ და „ჯეობარის“ ქართული ვერსიების საავტორო უფლების მფლობელად;
დაეკისროს მოპასუხე შპს „სამუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ს მოსარჩელე ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ 300 000 აშშ დოლარის გადახდა“;
2015 წლის 17 სექტემბერს ქიბარ ხალვაშმა დამატებითი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 18 მილიონი ლარის ოდენობით. ხალვაშის მტკიცებით, მან ვერ მიიღო ის მოგება, რასაც იღებენ ტელეკომპანიის დღევანდელი მფლობელები. ეს მოთხოვნები დღეს მოსამართლე ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა.
სარჩელზე თანდართული დოკუმენტებით, რუსთავი 2-ის 60%, რომელსაც პაატა კარსანიძე ფლობდა, 2004 წლის 16 ივნისს გადავიდა ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში. ეს წილი სწორედ იმავე დღეს გახდა პაატა კარსანიძის საკუთრება – მანამდე 30%-ს დავით დვალი, 30%-ს კი ჯარჯი აქიმიძე ფლობდნენ.
რუსთავი 2-ის 30%, რომელსაც ეროსი კიწმარიშვილი ფლობდა და რუსთავი 2-ის 10%, რომელსაც ნიკა ტაბატაძე ფლობდა, გადავიდა შპს “პანორამის” საკუთრებაში.
სარჩელში მითითებული არ არის რამდენი გადაიხადა ქიბარ ხალვაშმა ან კარსანიძემ რუსთავის 2-ის წილებში.
რუსთავი 2-ის საქმის განვითარება
2015 წლის აგვისტოში ქიბარ ხალვაშმა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ქონების დაყადაღების გარდა, სასამართლომ დირექტორსა და მეწილეებს შეუზღუდა გარკვეული უფლებები, კერძოდ, არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ვალდებულებების აღება, პროკურის გაცემა, წლიური შედეგების დამტკიცება, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილების შეტანა და სხვა.
1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ხალვაშის მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 51% წილის მფლობელი შპს “ტელეკომპანია საქართველოს” წილებიც დააყადაღა.
ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ სასამართლოში მიმართვის საფუძველი გახდა “ტელეკომპანია საქართველოს” წილის გასხვისება, რაც იწვევდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იანი წილის მფლობელის ცვლილებას.
საჯარო რეესტრში 29-30 სექტემბერს განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ტელეკომპანია საქართველოში გიორგი ყარამანიშვილის 40%-იანი და ლევან ყარამანიშვილის 60%-იანი წილები დიმიტრი ჩიქოვანმა შეისყიდა 400 ათას აშშ დოლარად. ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. კეზერაშვილს საქართველოში რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რის გამოც მას ქვეყანა დატოვებული აქვს და საფრნაგეთში ცხოვრობს.
საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ეს თანხა ჩიქოვანს ძმებ ყარამანიშვილებისთვის ორ ტრანშად უნდა გადაეხადა: 200 ათასი 31 ოქტომბრამდე და დარჩენილი 200 ათასი – 2016 წლის 31 იანვრამდე.
ამას გარდა, განსაკუთრებული პირობების გრაფაში მითითებულია, რომ ტელეკომპანია საქართველოს 51%-იანი წილი რუსთავი 2-ში შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს და ახალმა მეპატრონემ გრაფიკით უნდა გამოყოს ეს თანხა პირდაპირი ან არაპირდაპირი ინვესტიციის სახით.
“ტელეკომპანია საქართველოს” მეწილეების ეს ცვლილება საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა 29-30 სექტემბერს ტექნიკური ხარვეზის მიზეზით, რასაც ყადაღა მოყვა და მფლობელების ცვლილება ვეღარ განხორციელდა.
იმ მოტივით, რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს შესაძლოა ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოხცადების შემდეგ გამოეცა დაუყოვნებლივი აღსრულების ბრძანება, რუსთავი 2-მა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლოს 2 ნოემბერის გადაწყვეტილებით, საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედება, რომელიც განსაზღვრავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების ერთ-ერთ საფუძველს.
რუსთავი 2-ის შეფასება
2015 წლის 1 ოქტომბერს რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ხელისუფლების მიერ ტელეკომპანიის ფაქტობრივი დახურვა.
მან განმარტა, რომ “ტელევიზია არის კონსიგნაციური ბიზნესი და როცა სარეკლამო დროს ყიდის, რამდენიმე თვის შემდეგ იღებს შემოსავლებს. გვარამიას თქმით, ამ რამდენიმეთვიანი პაუზის ამოსავსებად იყენებდნენ საბანკო მომსახურებას [კრედიტების და ოვერდრაფეტებს], განსაკუთრებით აგვისტოსა და საახალწლო პერიოდების შემდეგ. თუმცა მას შემდეგ, რაც აგვისტოში სასამართლომ დააყადაღა რუსთავი 2-ის წილები, ეს შესაძლებლობა შეეზღუდათ, ხოლო 1 ოქტომბერს შპს “ტელეკომპანია საქართველოს” დაყადაღებით ხელისუფლებამ რუსთავი 2-ს მოუსპო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინვესტიის განხორციელების შესაძლებლობა.
ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ეს არის ხელისუფლების ზეწოლა მედიაზე და ქიბარ ხალვაშის უკან დგას ხელისუფლება და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
რუსთავი 2-ის წარმომადგენლების მტკიცებით, მოსამართლე თამაზ ურთმელიძე მიკერძოებულია, რის გამოც მათ არაერთხელ დასვეს სასამართლოს წინაშე მისი აცილების შუამდგომლობა, რაც არც ერთხელ არ დაკმაყოფილდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების შეფასება
2015 წლის აგვისტოშივე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ სასამართლოს განჩინება რუსთავის 2 -ის წილების დაყადაღებაზე “არ შეესაბამება დასაბუთების იმ მაღალ სტანდარტს, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა შემთხვევაში, როდესაც ერთმანეთის პირისპირ დგას არა მხოლოდ ორი კერძო სუბიექტის ინტერესი, არამედ ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და მისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხე”.
კიდევ შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ “სამართლებრივი საკითხების პარალელურად გასათვალისწინებელია, რომ საქმე ეხება საქართველოში ყველაზე რეიტინგულ კერძო ტელეკომპანიას, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე ადანაშაულებდა მოქმედ ხელისუფლებას ტელეარხზე პოლიტიკურ ზეწოლაში” და “არსებულ რეალობაში „რუსთავი 2“ ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ საზოგადოების ინფორმირებისა და კრიტიკული აზრის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. შესაბამისად, მის საქმიანობაში ნებისმიერი ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან ტელეკომპანიაზე გავლენის მოხდენის ეჭვებს წარმოშობს.”
რუსთავი 2-თან დაკავშირებული სარჩელი სასამართლოში და თანმდევი ქმედებები [წილების დაყადაღება და ასე შემდეგ] ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა [ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები, ლეიბორისტული პარტია და სხვა] შეაფასეს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლად კრიტიკულად განწყობილ რეიტინგულ მედისაშუალებაზე და განაცხადეს, რომ ეს არ წარმოადგენს დავას ორ სუბიექტს შორის.
ანალოგიურად ფიქრობენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების და მოქალაქეების ნაწილი, რომელთა აზრითაც დღეს რუსთავი 2-ის დაცვა ნიშნავს დემოკრატიის და პლურალიზმის დაცვას საქართველოში და ისინი რუსთავი 2-ს მხარდაჭერას უცხადებენ.