2 ივნისს, საღამოს ექვს საათზე, თბილისში, საქართველოს მთავრობის კანცელარიის წინ, მარიხუანის და სხვა ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მეოთხე ყოველწლიური აქცია გაიმართება.
მოძრაობა “2 ივნისის” აქტივისტი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლექსო მაჭავარიანი იხსენებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ წერილს, სადაც, მაჭავარიანის თქმით, ეწერა, რომ საქართველომ საკმაოდ დიდი ნაბიჯები გადადგა დასავლური და ლიბერალური ღირებულებებისკენ.
“ეს იყო დღეს, პარასკევს კი, მთელი დღე გავატარე ნარკოლოგიურ დაწესებულებაში, სადაც ჩემი მეგობარი ტელეწამყვანი წაიყვანეს მხოლოდ იმის გამო, რომ პოლიციას არ მოეწონა ქუჩაში მისი თვალები. წარმოიდგინეთ, თუ ასეთი რამ შეიძლება მოუვიდეს ცნობილ ტელეწამყვანს, რა დღეში არიან რიგითი მოქალაქეები არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში. სწორედ ამიტომ, წელს უკვე მეოთხედ ვატარებთ აქციას ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით და ხელისუფლებას ვუთხრათ: “არ დაიჭირო, შეწყვიტე ადამიანების დევნა”, – განაცხადა ლექსო მაჭავარიანმა.
“რასაც ჩვენ ვითხოვთ, არ არის ახალი ცივილიზებული სამყაროსთვის. ის, რასაც საქრთველოში ვადვოკატირებთ, დიდი ხანია განვითარებულ ქვეყნებში გაკეთებულია. ამის შედეგად ძალიან ბევრ ქვეყანაში ავადობა, ნარკოტიკების მოხმარება, ინფექციები და დანაშაული შემცირდა. [ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში] პოლიციას ეძლევა შესაძლებლობა, გადაერთოს სერიოზულ და საფრთხის შემცველ დანაშაულთან ბრძოლაზე და არ ხარჯოს რესურსები იმ ადამიანების დევნაზე, რომელთაც მიღებული აქვთ ეს თუ ის ნივთიერება”, – აღნიშნა დავით ოთიაშვილმა, “ზიანის შემცირების ეროვნული ქსელის” დირექტორმა.
ორ ივნისს დაგეგმილ აქციას შეუერთდა ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა. ეს პლატფორმა, დავით ოთიაშვილის თქმით, “აერთიანებს ნარკომომხმარებელთა ჯგუფებს, კლინიცისტებს, ექიმებს, მკვლევრებს, სერვისის მიმწოდებლებს – იმ ადამიანებს, ვისაც ყოველდღიური შეხება აქვთ ამ პრობლემასთან”.
“დეკრიმინალიზაციის მოთხოვნამ მოიტანა გარკვეული ცვლილებები პოლიტიკურ დღის წესრიგში და ადამიანებს გაუჩნდათ იმედი, რომ შეუძლიათ საკუთარი უფლებებისთვის იბრძოლონ”, – თქვა “2 ივნისის” აქტივისტმა, მწერალმა ტორესა მოსიმ.
აქციის ორგანიზატორების თქმით, თუკი წინა წლების აქციები მხოლოდ მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე იყო ფოკუსირებული, ახლა “2 ივნისი” ყველა სახის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას მოითხოვს. აქციის მოთხოვნებია:
- ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისათვის და პირადი მოხმარებისათვის მცირე ოდენობით შეძენა/შენახვისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება;
- ნარკოტიკების მოხმარებისთვის და პირადი მოხმარებისთვის მცირე ოდენობით შეძენა/შენახვისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაუქმება (საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხმარების პროცესის ან არაფხიზელ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გარდა);
- ქუჩის იძულებითი ნარკოტესტირებების სამარცხვინო, მოქალაქეთა ღირსების შემლახავი პრაქტიკის შეწყვეტა;
- პირადი მოხმარებისთვის მცირე ოდენობით კანაფის კულტივირებისთვის სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაუქმება;
- სამედიცინო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის კანაფის და კანაფისგან წარმოებული პროდუქტების გამოყენების დაშვება;
აქციის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან 2 ივნისის მოძრაობა, LTFR, დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი – “ალტერნატივა ჯორჯია”, “ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის”, “ფორმულა კრეატივი”, საზოგადოებრივი გაერთიანება “ბემონი”, “ჩვენი ინიციატივა”, “სტუდენტები გონივრული ნარკოპოლიტიკისთვის”, “ალტერვიჟენი”, კლინიკა “ნეოგენი”, არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ფოთოლი”, “არტისტერიუმი”, “მზესუმზირა”, “თრიბალი” და სხვები.
აქციას ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით სხვადასხვა ბენდი და შემსრულებელიც უერთდება: “კუნგ ფუ ჯანქი”, ერეკლე დეისაძე, “მი ენდ მაი მანქი”, რობი კუხიანიძე და “აუტსაიდერი”, “იაანგ ჯორჯიან ლოლიტაზი”, ჯგუფი “არა”, “გამოუვალი მდგომარეობა”, ქეთათო, მაქსიმე მაჩაიძე, “სფიქსი”, მიშო ურუშაძე და ამიკო, “ნიკაკოი და თიბიეი”, “რას გრინი” და კოტე ყუბანეიშვილი.
“შემოუერთდით აქციას. არ არის აუცილებელი, რომ მომხმარებელი იყოთ. არაფერ შუაშია მოხმარება, საუბარია ადამიანის უფლებების დაცვაზე”, – თქვა მუსიკოსმა ნიკა კოჩაროვმა, “იანგ ჯორჯიან ლოლიტაზის” ვოკალისტმა.
თბილისის გარდა, 2 ივნისს აქციები გაიმართება საქართველოს სხვა ქალაქებშიც – ბათუმში (ერას მოედანზე), ქუთაისსა (პარლამენტის წინ) და რუსთავში (მერიის წინ).