ახალი ამბები

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს წარმომადგენლები დააკვირდებიან

25 მაისი, 2016 •
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს წარმომადგენლები დააკვირდებიან

2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს წარმომადგენლები დააკვირდებიან, – ასე უპასუხა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ძანიერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს თხოვნას, საარჩევნო პროცესის მონიტორინგში რაც შეიძლება მეტი ეუთოს დამკვირვებლის ჩართვასთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების სრულ შესაბამისობას დემოკრატიულ საარჩევნო პრინციპებთან და პროცესის გამჭვირვალობის მიზნით ეუთოს დამკვირვებლებს მაქსიმალურად მოკლე ვადებში ელოდება. მთავრობის მხრიდან უკვე გაგზავნილია მოწვევა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისში (ODIHR). საქართველოში ფაქტების დამდგენი კომისია უკვე იმყოფებოდა.

ამას გარდა, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ეუთოს გენერალურმა მდივანმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის სამზადისს, რომელსაც თბილისი 1-5 ივლისს უმასპინძლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი