“ქართული ოცნების” კონტრაქტები ამერიკელ ლობისტებთან წინასაარჩევნო პერიოდში

“ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო პერიოდში აშშ-ში ლობისტური მიზნებისთვის კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ამ ინფორმაციას სრულყოფილი სახით პარტიის მიერ შევსებულ საარჩევნო დეკლარაციაში ვერ ნახავთ. როგორც ირკვევა, მიზეზი ამ კუთხით არსებული არასრულყოფილი კანონმდებლობაა.

Impact Management Group

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, 2016 წლის 4 აგვისტოს “ქართული ოცნება” ხელს აწერს [პარტიის სახელით კახა კალაძე] კონტრაქტს კომპანია Impact Management Group-თან. კომპანია პირობას დებს, რომ დაამყარებს კონტაქტებს პარტიის წარმომადგენლებსა და აშშ-ის პოლიტიკურ ლიდერებს შორის, კოორდინირებას გაუწევს დელეგაციების ვიზიტებს [ქართული ოცნებიდან], ადგილობრივ მედიას უზრუნველყოფს ინფორმაციით და ა.შ.

ხელშეკრულება ძალაში შევიდა მისი ხელმოწერის დღიდან და გაგრძელდა 2016 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. კონტრაქტის მიხედვით, “ქართული ოცნება” ამერიკულ კომპანიას ჰონორარის სახით, ჯამში, უხდის 320 000 აშშ დოლარს.

Screen Shot 2017-01-21 at 1.47.56 PM

Alpine Group

29 აგვისტოს ძალაში შედის მეორე კონტრაქტი, რომლითაც Impact Management Group ქირაობს Alpine Group-ს, ოღონდ იმისათვის, რომ ამ უკანსკნელმა საქმიანობა ქართული ოცნების მხარდასაჭერად განახორციელოს. ხელშეკრულების მიხედვით Alpine Group-მა უნდა დაგეგმოს და ფასილიტაცია გაუწიოს დისკუსიებს “ქართული ოცნების” წევრებსა და ამერიკის პოლისიმეიკერებს შორის აშშ-ის კონგრესში, სენტაში, ადმინისტრაციაში. გარდა ამისა, Alpine Group ვალდებულებას იღებს, რომ
ქართული ოცნებისა და ამერიკელი პოლიტიკური ლიდერების ურთიერთობის მნიშვნელობას გაუწევს ადვოკატირება. ეს კონტრაქტი იწყება 29 აგვიტოდან და გრძელდება 8 ოქტომბრამდე. ღირებულება 22 500 დოლარი.

Kglobal LLC

ასევე 29 აგვისტოს “ქართული ოცნება” Impact Management Group-ის გავლით ქირაობს kglobal LLC-ს. კომპანია ხელშეკრულების ფარგლებში მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სერვისით მომსახურების პირობას დებს. კონტრაქტი 29 აგვისტოს შევიდა ძალაში და 10 ოქტომბერს ამოიწურა. მისი ღირებულება 10 000 დოლარია. ამის შემდეგ მხარეებმა კონტრაქტის 20 ოქტომრიდან 30 ნოემბრამდე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. ესეც დამატებით 10 000 დოლარი დაჯდა.

საარჩევნო დეკლარაცია

აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე მოცემულია საარჩევნო პერიოდის განმავლობაში პარტიების მიერ დეკლარირებული შემოსავლები და ხარჯები. “ქართული ოცნების” დეკლარაციაში ზემოხსენებულ კონტრაქტებს ვერ ნახავთ. “ქართულმა ოცნებამ” მისი დეკლარაციის მიხედვით საარჩევნოდ 22 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. აქედან 2.1 მილიონი დახარჯულია საკონსულტაციო, სანოტარო და თარგმნის მომსახურებაზე, თუმცა, კონკრეტულად ვის გადაუხადა ეს ფული – ამ ტიპის დეტალურ ჩაშლას დეკლარაციაში არ ვხვდებით.

Screen Shot 2017-01-21 at 1.10.12 PM

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური მონიტორინგის მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ აზნაურაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ამ კონკრეტული მონაცემების ასეთი ტიპის ჩაშლას არც კანონი და არც სხვა რაიმე რეგულაცია დღეისათვის პარტიებს არ სთხოვს. მისი თქმით, შესაბამისად, კონკრეტულ ხელშეკრულებებს [საკონსულტაციო მიმართულებით] პოლიტიკურ გაერთიანებებს აუდიტის სამსახურიც არ სთხოვს, რომელიც პარტიების ფინანსური მონიტორინგს ახორციელებს:

“დეკლარაციაში საკონსულტაციო მომსახურება [ყველა შესყიდვა] უწერიათ ჯამურად. ამის გასაშიფრი ცალკე ფორმა არ არსებობს. მაგალითად, იჯარები და რეკლამები ჩაშლილი ფორმით გვაქვს, მაგრამ საკონსულტაციო მომსახურება – არა”, – ამბობს აზნაურაშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.

რამდენად პასუხობს ეს სტანდარტი საარჩევნო პროცესის ფინანსური გამჭვირვალობის მოთხოვნებს, ერთი მხრივ, თუ პარტია ვალდებულია, რომ დეკლარაციაში დეტალური ფორმით ასახაოს მისი სარეკლამო ხარჯები, ანუ დაასახელოს ყველა მედიასაშუალება, რომლისგანაც მომსაუხრებას ყიდულობს, ასევე დაასახელოს ყველა ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომლისგანაც ფართს ან ავტომობილს ქირაობს, ხოლო, მეორე მხრივ, ვალდებული არ არის დეტალურად აღნუსხოს, მაგალითად, ლობისტური მიზნებისთვის გაფორმებული კონტრაქტები და მხოლოდ დაჯამებული თანხის მითითებით შემოიფარგლოს? – ამ კითხვით საიას იურისტს, ლელა ტალიურს მივმართეთ, რომელიც წლებია საარჩევნო კანონმდებლობის მიმართულებით მუშაობს:

“[დეკლრაციაში] კონსულტაციის გრაფა გაერთიანებული სანოტარო ხარჯთან, თარჯიმნის მომსახურებასთან… ცხადია, კანონის დარღვევაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა სამომავლოდ, სხვა არჩევნების ჭრილში, პარტიების ანგარიშგების გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეს (ფორმებით, რომელიც დამტკიცებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბრძანების საფუძველზე) ფორმები დახვეწოს იმ კუთხით, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები, რომელზეც შესაძლოა იყოს საზოგადოებაში მაღალი ინტერესი და ისეთი კონტრაქტები, რომელიც არ არის მცირებიუჯეტიანი, ჩაიშალოს და პოლიტიკურმა გაერთიანებამ ინფორმაცია უფრო დეტალურად წარმოადგინოს, როგორც, მაგალითად, სარეკლამო ხარჯებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ანგარიშგების ფორმების უკეთესად დაყოფა”, – ამბობს ლელა ტალიური.

მისი თქმით, დეკლარაციის შევსების ფორმები არჩევნებიდან არჩევნებამდე უმჯობესდება და ამ კუთხითაც შეიძლება მისი დახვეწა:

“ის ასევე აუმჯობესებს ხოლმე ამ ანგარიშგების ფორმებს, მათ შორის, რეკომენდაციების საფუძველზე, არასამთავრობოებო ორგანიზაციების, პოლიტიკური გაერთიანებების მიერ დაყენებული საკითხებიდან გამომდინარე და ძალიან თავისუფლად შესაძლებელია, რომ ამ შემთხვევაშიც განახორციელოს ამ თემის ჩაშლაც”, – აცხადებს ლელა ტალიური.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com