ახალი ამბები

“მაესტროსთან“ სოლიდარობის აქცია დაიწყო

1 დეკემბერი, 2011 • • 1175
“მაესტროსთან“ სოლიდარობის აქცია დაიწყო
ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტმა თეა სიჭინავამ “მაესტროს” ჟურნალისტების სახელით ტელეკომპანიის წინ გამართულ სოლიდარობის აქციაზე  განცხადება გააკეთა და  მოდავე მხარეებს მოლაპარაკებების დაწყებისკენ, ხოლო კიწმარიშვილს თანმხლებ უცხო პირებს მოლაპარაკებების დაწყების დროს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.

“ჩვენ ან დრომდე არ გვეძლევა საშუალება, სრულყოფილად გავაგრძელოთ მუშაობა. მივესალმებით მოწოდებას, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები დამფუძნებელ მამუკა ღლონტსა და რუსთავის მედიის მართვის კომპანიის დამფუძნებელს ეროსი კიწმარიშვილს შორის. ვეთანხმებით სტატუს ქვოს აღდგენას. თუმცა ვაკონკრეტებთ, რომ მოლაპარაკებების დაწყების დროს მაესტროს ტერიტორია ეროსი კიწმარისვილთან ერთად უნდა დატოვოს მისმა თანმხლებმა, ჩვენთვის უცხო პირებმა, რადგან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მათი ყოფნა ტერიტორიაზე. ისინი ხელს გვიშლიან მუშაობის გაგრძელებაში, გვიზღუდავენ გადაადგილებას. ბლოკირებული აქვთ მეორე და მესამე სართულების შესასვლელი. თითოეული ჩვენგანისთვის კატეგორიულად მიუღებელია ასეთ ვითარებაში მუშაობა, რადგანაც ასეთ შემთხვევასი ვერ იქნება შესაძლებელი დამოუკიდებლობა და ობიექტურობა. ჩვენ კვლავაც ვაპროტესტებთ ეროსი კიწმარიშვილის ტელეკომპანიაში შემოსვლის ფორმას, თანამშრომლების გათავისუფლებას, ნებისმიერ ძალადობრივ განცხადებასა თუ მოქმედებას,” აღნიშნა სიჭინავამ.

ამ წუთებში ტელეკომპანიის წინ იმართება სოლიდარობის აქცია, სადაც რანდენიმე ათეული ადამიანია შეკრებილი. მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები. ისინი “მაესტროს” სოლიდარობას უცხადებენ სასტვენებით და მოუწოდებენ კიწმარიშვილს,  დატოვოს ტელეკომპანიის ტერიტორია.

რამდენიმე წუთის წინ კი ეროსი კიწმარიშვილმა განცხადება გააკეთა მოლაპარაკებების პროცესის შესახებ, რომელიც მიმდინარეობს მასსა და ტელეკომპანიის დამფუძნებლებს შორის.

ეროსი კიწმარიშვილის თქმით, ტელეკომპანია “მაესტროში” არსებული სიტუაცია არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და თუ მამუკა ღლონტმა კარი არ გახსნა, მაშინ ის ყველა საშუალებით ეცდება, ტელეკომპანიის გამართული მუშაობა აღადგინოს. ყველა საშუალებაში ეროსი კიწმარიშვილი გულისხმობს ნებისმიერ ხელსაწყოს, რომლითაც შესაძლებელი გახდება ჩაკეტილი კარის გაღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი