ახალი ამბები

10 მიზეზი, რის გამოც კიწმარიშვილის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა

23 ივნისი, 2016 • 2693
10 მიზეზი, რის გამოც კიწმარიშვილის ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა

ეროსი კიწმარიშვილის ძმა ზურა კიწმარიშვილი და ადვოკატები, რომლებიც გარდაცვლილის ოჯახმა დაიქირავა, არ ეთანხმებიან მთავარი პროკურატურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოძიების შეწყვეტის თაობაზე. მათ არ სჯერათ თვითმკვლელობის ვერსიის და ფიქრობენ, რომ პროკურატურამ იჩქარა, როდესაც გამოძიება დაასრულა.

მათ საინფორმაციო პორტალ “კვირის” პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე ესაუბრნენ, რომლებიც მათი აზრით პროკურატურის ვერსიას ასუსტებს. კიწმარიშვილის ოჯახის სამართლებრივი პოზიციები ჟურნალისტებს ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა და გარდაცვლილის ძმამ, ზურა კიწმარიშვილმა გააცნეს.

1 – ვიდეოჩანაწერი

მიუხედავად პროკურატურის გუშინდელი განცხადებისა, რომლის მიხედვითაც “დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეოჩანაწერები, რის შედეგადაც დადგინდა ეროსი კიწმარიშვილის და მასთან კავშირში მყოფი პირების გადაადგილების მარშრუტები”,  ჩვენთვის გამოძიებას არ წარმოუდგენია არც ერთი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ასახულია ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დღეს ქალაქში მისი გადაადგილების მარშრუტი, გარდა მისი საცხოვრებელი ბინიდან გამოსვლისა და მისვლისა. ჩვენ ვითხოვთ ქალაქში ეროსი კიწმარიშვილის გადაადგილების მარშრუტის გასაჯაროებას, რადგან ამ განცხადებით ჩანს, რომ პროკურატურას შეუსწავლია ვიდეოჩანაწერები ქალაქში მისი გადაადგილების თაობაზე.

2 – სატელეფონო ზარები

ამავე განცხადებით პროკურატურა ამბობს, რომ დამუშავებულია სატელეფონო ზარებიც. ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვლების დღეს მისი გადაადგილების მარშრუტის გათვალისწინებით ანძაზე დაფიქსირებული სატელეფონო ზარების ამოღება განხორციელდა მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულის ოჯახის მოთხოვნით. სამწუხაროდ, ეს გამოძიებამ საკმაოდ გვიან გააკეთა. ამ ყველაფრის შესწავლა წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ხორციელდებოდა, რასაც საგამოძიებო ორგანო ხსნიდა სატელეფონო ნომრების სიმრავლით. თუმცა გამოძიებამ უარი განაცხადა ჩვენთვის ეჩვენებინა შემაჯამებელი გადაწყვეტილება და აღნიშნული პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით ახსნა. ფაქტია, რომ გამოძიება თავის დროზე არ დაინტერესებულა იმ ანძებზე არსებული ინფორმაციით, რომელიც ფიქსირდებოდა ეროსი კიწმარიშვილის დეტალურ ამონაბეჭდში.

3 – ეროსი კიწმარიშვილის კომპიუტერი

პროკურატურის განცხადების მიხედვით, აღდგა და შესწავლილ იქნა ყველა ის ინფორმაცია,  რომელიც ეროსი კიწმარიშვილის კომპიუტერში ინახებოდა. გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გამოძიების მიერ ეროსი კიწმარიშვილის პირადი [ვირტუალური] სივრცის შესწავლა არ ხორციელდებოდა. საუბარია სოციალურ ქსელში არსებულ ინფორმაციაზე, კერძოდ, ეროსი კიწმარიშვილის ფეისბუკ-ექაუნთზე დაცულ ინფორმაციაზე, ასევე, სკაიპზე. გამოძიების მასალებიდან იკვეთებოდა ის გარემოება, რომ სახლიდან გასვლამდე ეროსი კიწმარიშვილი რადმენიმე საათი იჯდა კომპიუტერთან და მუშაობდა. ჩვენ ვცდილობდით დაგვერწმუნებინა გამოძიება იმაში, რომ ამის შესწავლა აუცილებელი იყო ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად. ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან დაახლოებით 6 თვის შემდეგ გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მის პირად ინტერნეტ-სივრცეში არსებული ინფორმაცია შეესწავლა. შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ შესწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, კერძოდ 2015 წლის 8 იანვარს, კიწმარიშვილის ექაუნთში უკანონო შეღწევა იყო განხორციელებული და გარკვეული სახის მონაცემები არ მოიპოვებოდა. ჩვენთვის დადასტურებულად ცნობილია, რომ 2014 წლის 14 ივლისს, გარდაცვალების წინა დღეს, ეროსი კიწმარიშვილის პირადი მიმოწერა ჰქონდა მოქალაქე ალექსანდრე კარპოვთან. ამ მიმოწერის რეალურობა კარპოვმა უშუალოდ დაუდასტურა ეროსი კიწმარიშვილის ძმას, თუმცა როდესაც ექაუნთში არსებული ინფორმაცია შემოწმდა, [ეს მიმოწერა] იქ აღარ აღმოჩნდა. ეს საკმაოდ საეჭვო გარემოებაა. საგამოძიებო მოქმედების დროულად ჩატარება არ გამოიწვევდა გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაციის დაკარგვას, რისი საფუძვლიანი ეჭვი ნამდვილად არსებობს. ჩვენ [საგამოძიებო] მასალების გაცნობის შემდეგ არ გვინახავს ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენიმესაათიანი კომპიუტერთან მუშაობის შედეგად რა აქტივობები განახორციელა ეროსი კიწმარიშვილმა და რომელ ვებგვერდებზე შევიდა ის სიკვდილამდე პერიოდში.

4 – ოპერატიული და სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები

პროკურატურა აცხადებს, რომ საქმეზე ჩატარებულია  არაერთი ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედება. საქმის მასალების გაცნობის შედეგად ჩვენ არ გვინახავს არც ერთი ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ მოცემული ღონისძიებები ტარდებოდა საიდუმლო გრიფით, რაც ზოგადად ასეთი ღონისძიებებისათვის დამახასიათებელია,  აუცილებელია, რომ საქმის მასალებში ამ მოქმედებების განსაიდუმლოების შესახებ დოკუმენტი იდოს, ან საქმის მასალების ნაწილი იყოს გასაიდუმლოებული. ასეთი რამ საქმის მასალებში არ მოიპოვება.

5 – დაზიანება კიწმარიშვილის სხეულზე

პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ ეროსი კიწმარიშვილის სხეულზე არსებული ტრავმის ლოკალიზაციის და მოცულობის გათვალისწინებით სიკვდილი დადგა თავის არეში ცეცხლსასაროლი ჭრილობის მიყენების მომენტიდან. პროკურატურის ვეგვერდზე გამოქვეყნებულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა [ დანართი #6]. ჩვენ გვინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ ექსპერტის მიერ გამოკვეთილ შემდეგ გარემოებებზე: ვციტირებ, “კიწმარიშვილის გვამზე აღინიშნება დაზიანება, ნაჭდევი მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე, რომელიც განვითარებულია სიკვდილმადე წინა უხლოეს პერიოდში რაიმე მკვირვი ბლაგვი საგნის მოქმედებით. ეს ექსპერტიზაში განისაზღვრება როგორც მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რომელიც არ იმყოფება მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან ანუ სიკვდილთან. ასევე დასკვნაში ექსპერტს კატეგორიული ფორმით უწერია სისხლჩაქცევები თავის ქალის მფარავ რბილ ქსოვილებში, რომელიც განვითარებულია სიკვდილის წინ უახლოეს პერიოდში. ექსპერტიზის დაკსვნის მიხედვით, უდავოა, რომ ეროსი კიწმარიშვილს გარდაცვალებამდე  მიაყენეს  დაზიანება. მას გარდაცვალებამდე უახლოეს წინა პერიოდში თავის არეში აქვს დაზიანებები, რამაც გამოიწვია სისხლჩაქცევები. სამწუხაროდ, გამოძიების სამართლებრივ შეფასებაში ეს გარემოება გამოტოვებულია. მასზე პროკურტაურა აღარ საუბრობს. დღემდე პასუხგაუცემლია, რა მოხდა ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილის წინ. ვინ, რა ვითარებაში, რა გარემოებაში მიაყენა ზემოაღნიშნული დაზიანებები.

6 – ტანსაცმლის ნაწილაკები

6 თავის სამართლებრივ შეფასებაში პროკურატურა აცხადებს , რომ ავტომანქანაში მხოლოდ ეროსი კიწმარიშვილის ტანსაცმლის ნაწილაკები აღმოჩნდაო. ამის დასადასტურებლად მათ გაასაჯაროეს ექსპერტიზის დასკვნა. მოცემული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით [დანართი #14] კიწმარიშვილის ტანსაცმლის მიკრონაწილაკები აღმოჩნდა უკანა მარჯვენა სავარძლის ზედაპირზე, საზურგეზე და თავის საყრდენზე. ასევე, უკანა მარცხენა სავარძლის ზედპაირზე, საზურგეზე და თავის საყრდენზე. დასკვნაში მითითებულია ტანსაცმლის სახეობაც. ეს არის ეროსი კიწმარიშვილის პიჯაკი. ამ დასკვნის მხიედვით ეს პიჯაკი ავტომანქანაში იდო უკანა მარჯვენა სავარძლის ზედაპირზეც, საზურგეზეც და თავის საყრდენ ზედაპირზეც, ანალოგიურად – უკანა მარცხენა სავარძელზეც. ეს საკმაოდ საეჭვოა. საეჭვოა ის, რომ არსად გვხვდება ეროსი კიწმარიშვილის მაისურის ან შარვლის ნაწილაკები,  პიაჯაკი კი რატომღაც ყველა ზედაპირზე ფიგურირებს. გამოძიების მასალებით და საჯაროდ გაცხადებული პოზიციებით კი, [გარდაცვალების დღეს] პიჯაკს მხოლოდ უკანა მარჯვენა სავარძელთან ჰქონდა შეხება. იბადება კითხვა: საიდან ან როგორ აღმოჩნდა პიჯაკის ბოჭკოები ავტომანქანის სხვა ნაწილებში? თუ ეს ბოჭკოები სხვა დროისაა, მაშინ იბადება კითხვა: რატომ არ აღმოჩნდა სხვა პირების ტანსაცმლის ბოჭკოები, რომლებიც ეროსი კიწმარიშვილის მანქანაში წინა დღეს იმყოფბეოდნენ. ეს კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია.

7 – სისხლის შხეფების ტრაექტორია ავტომანქანის სალონში

პროკურტაურა თავის სამართლებრივ პოზიციაში არაერთხელ აპელირებს ავტომანქანის სალონში არსებულ სისხლის შხეფებზე და მათ განლაგებაზე. პროკურატურის მიერ გასაჯაროებული დასკვნის შინაარსის მიხედვით [დანართი #10],  2014 წლის 16 ივლისს გამოძიებამ დასვა შეკითხვა მხოლოდ ავტომანქანის წინა სავარძლებზე და სალონის წინ არსებულ სისხლის ლაქებზე. გამოძიებამ ითხოვა მათი წარმოშობის, მიმართულების დადგენა. ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია ნახოს ექსპერტის პასუხები და ეს დასკვნა ეძღვნება წინა სავარძლებს. ამ დასკვნაში საუბარია მხოლოდ ავტომანქანის სალონის წინა მხარეს არსებულ ლაქებზე.

ეს ექსპერიმენტი ჩატარდა ჩვენს თვალწინ. ამ ექსპერიმენტის ჩატარების ინიციატორი იყო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც გამოვიდა გუშინ ერთ-ერთ არხზე და ისაუბრა. არავის კომპეტენციაში ვიჭრები, არავის გულწრფელობასთან დაკავშირებით არ მაქვს კითხვები. რაც შეეხება ექსპერიმენტს,  მოვიდნენ პროკურატურის წარმომადგენლები და მოიყვანეს პირი, რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო ამ დადგმულ სცენაში. ექსპერტებმა მძღოლის სალონის უკან დასვეს ექსპერიმენტის მონაწილე, უთხრეს, როგორც გინდა მოეწყე, თავისუფლად დაჯექი, აიღე იარაღი, ასე მიადე, კუთხე გაუსწორეს შემდეგ შეხედეს, დაათვალიერეს და თქვეს, აქაც ედება [სისხლის შხეფები], იქაც ედება… თავისუფლი ხარო, გადმოიყვანეს და დაიწყეს ოქმის შედგენა. ცოტა გვიან მივხვდი, რომ ექსპერიმენტი დასრულდა. ამაზე გამოვთქვი პროტესტი და ვთქვი, სხვა წერტილებიც ვსინჯოთ, საიდანაც შესაძლებელია ქილერს გასროლა განეხორციელებინა-მეთქი. ამის გაკეთება არავის უნდოდა. მე თვითონ ჩავერთე ამ ექსპერიმენტში. ერთ-ერთ პოზაში კარი ღია იყო და შემდეგ პროკურატურა აპელირებდა, რომ იქ კარი ღია ვერ იქნებოდაო. არავის უთქვამს, იქ კარი დახურეო. პრობლემა არ იყო. მე შემეძლო მეჩვენებინა ისეთი პოზები, რომლებიც იქ შხეფებს არ გადაფარავდა. დასკვნაში ჩაიწერა, რომ თავისუფალ მდგომარეობაში იქ უცხო პირი გასროლას ვერ განახორციელებდა. თავისუფალი პოზიცია არის ის, რომელიც ექსპერიმენტში მონაწილე იმ პირველმა ადამიანმა დაიკავა. ქალბატონმა მაიამ და მე იქვე გადავწყვიტეთ, რომ თავისუფალი მდგომარეობა ნიშნავს იმას, რომ მძღოლის უკან ზის ადამიანი და თავისუფლად მოქმედებს, ხოლო სპეციფიკური პოზები არის ის, რომლებიც მივიღე მე. ამაზე შევთანხმდით მე და ქალბატონი მაია. ეს იქ დავაფიქსირეთ და დავიშალეთ. რამდენიმე თვის შემდეგ ქალბატონმა მაიამ თქვა (რაც ჩემთვისაც ჰქონდა ნათქვამი), რომ მანქანაში უცხო პირის არსებობა გამორიცხულიაო. მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ასე არ შევთანხმებულვართ. ჩვენ შევთანხმდით, რომ სპეციფიკურ მდგომარეობაში იქ უცხო პირის ყოფნა შესაძლებელი იყო.  კიდევ ერთელ ვაპირებთ კიდევ ერთი ექსპერიმენტის ჩატარებას.

8 – დნმ-ს კვალი იარაღზე

რაც შეეხება იარაღს, პროკურატურის სამართლებრივ პოზიციაში მითითებულია, რომ იარაღზე აღმოჩენილია დნმ-ის კვალი. ჩვენ გუშინ შესაძლებლობა გვქონდა მოგვესმინა პროკურატურის წარმომადგენლისთვის, რომელიც კატეგორიულად ამბობდა, რომ იარაღზე აღმოჩენილი ერთ-ერთი კვალი გახლავთ ეროსი კიწმარიშვილის. საქმის მასალებში არსებული ექსპერტიზის დასკვნით, პისტოლეტის  სასხლეტზე არსებული ბიოლოგიური მასალის ობიექტი  შერეული ტიპისაა და სულ მცირე ორ პირს ეკუთვნის. სასხლეტის გენეტიკურ პროფილში ეროსი კიწმარიშვილის შესაძლო თანამონაწილეობა გამოვლენილი ალულების მიხედვით გამორიცხული არ არის. დასკვნით უდავოა ის გარემოება, რომ მხოლოდ და მხოლოდ პისოტოლეტის ლულის გარე ზედაპირზე გახლავთ აღმოჩენილი ბატონი ეროსის გენეტიკური პროფილი, რაც ბუნებრივიცაა, ვინაიდან მან იმ დღეს იყიდა აღნიშნული იარაღი და ჰქონდა ამ იარაღთან შეხება. ექსპერტიზა პროკურტურისგან განსხვავებით არ გახლავთ კატეგორიული სასხლეტთან მიმართებაში და უშვებს ვრაუდს, რომ შესაძლებელია სასხლეტზე აღმოჩენილი ორი პირის გენეტიკური პროფილიდან ერთ-ერთი ბატონ ეროსი კიწმარიშვილს ეკუთვნოდეს. სწორედ ამიტომ ხმარობენ ექსპერტები სიტყვას, არაა გამორიცხული და, როგორც მოგახსენეთ, კატეგროიულები არ არიან. უფრო მეტიც, უშვებენ ვარაუდს. შესაბამისად, ასეთ დაკსვნაზე კატეგრიულად დაყრდნობა სამართლებრივად მცდარი და მიუღებელია.  

9 – კიწმარიშვილის რთული ფინანსური მდგომარეობა, რომელიც სუიციდის მოტივია

საქმეში დევს დოკუმენტი, რომელიც ინტერნეტიდანაა მოძიებული და რომლის მიხედვითაც ნიუ იორკში, მანჰეტენზე ეროსი კიწმარიშვილმა საკმაოდ ძვირად გაყიდა 2013 წელს საცხოვრებელი ბინა – 2 700 000 აშშ დოლარად.  ერთი წლის განმავლობაში [თვითმკვლელობამდე] კიწმარიშვილისთვის ამგვარი სახის ფინანსური პრობლემების შექმნა ძალიან საეჭვო გარემოებაა

10 – ავტომობილის მდებარეობა 

ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გასროლის მომენტში ავტომობილი იდგა არა იქ, სადაც ის ექსპერტებსა და კრიმინალისტებს დახვდათ, არამედ  სხვაგან და ის შემდეგ იქნა გადაადგილებული. გასროლა ნამდვილად განხორციელდა ავტომობილში, ავტომობილი ნამდვილად იდგა იმ ავტოსადგომზე, თუმცა არა იქ, სადაც ბოლოს დაფიქსირდა. ჩვენი არგუმენტი შემდეგია: გასროლის მიმართულებით, საითაც სისხლის ყველაზე მეტი ქსოვილი გავრცელდა, ფანჯრები ჩაწეული იყო, თუმცა ჩაწეული ფანჯრის მიღმა კედელზე და იატაკზე ჩვენ სისხლის არათუ წვეთები და შხეფები, არამედ მიკრონაწილებიც კი ვერ ვნახეთ. გვქონდა ასეთი ექსპერიმენტის იდეა, რომ სპეციალური განათების მოწყობილობა მიგვენათებინა შემთხვევის ადგილისთვის და სიბნელეში გამოჩნდებოდა ნებისმიერი პატარა სხეული. პროკურატურაში ასეთი ხელსაწყო მოიძიეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი გამოყენება არავინ იცოდა. ბოდიში მოიხადეს, ახალი შემოტანილი ხელსაწყოაო. მათ ჰქონდათ ქიმიური ხსნარი, რომლითაც შესაძლებელი იყო ძალიან პატარა ნაწილაკების აღმოჩენაც კი, თუმცა ეს ხსნარი ძალიან ცოტა იყო და გადავწყვიტეთ დაგვეთვალიერებინა ფანჯრების გასწვრივ პერიმეტრი, სულ 4-5 კვ.მ, სადაც ყოველგვარი ნაწილაკის არსებობა გამოირიცხა. ჩვენი აზრით, იმ ავტოსადგომზე არის ადგილი, სადაც რეალურად განხორციელდა გასროლა, სადაც სისხლის ნაწილაკებიც არსებობს. გამოძიება ამ ექსპერიმენტის სრულყოფილად ჩატარებაში ვერ დაგვეხმარა.


საქართველოს პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე,  დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.  პროკურატურის ვერსიით, ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა.

პროკურატურის პოზიცია სრულად
საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება გაგაცნოთ გამოძიების შედეგები.
გამოძიების მსვლელობის დროს დაიკითხა დაახლოებით 600 პირი. ოჯახის წევრების, ადვოკატების და ოჯახის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა. დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეოჩანაწერები, რის შედეგადაც დადგინდა ეროსი კიწმარიშვილის და მასთან კავშირში მყოფი პირების გადაადგილების მარშრუტები, ასევე დამუშავდა სატელეფონო ზარები. აღდგა და შესწავლილი იქნა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შენახული იყო ეროსი კიწმარიშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში. გარდა ამისა, ჩატარდა არაერთი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა შემდეგი:
2014 წლის 14 ივლისს, ეროსი კიწმარიშვილი მეგობარ ბადრი ნანეტაშვილთან ერთად მივიდა ქალაქ თბილისში პეკინის გამზირზე მდებარე იარაღის მაღაზია „დიანა“-ში. ნანეტაშვილს სურდა შეეძინა ცეცხლსასროლი იარაღი. მაღაზიაში ყოფნის დროს კიწმარიშვილმაც გამოთქვა იარაღის შეძენის სურვილი და შეარჩია  ცეცხლსასროლი იარაღი. მომდევნო დღეს მან დაირეგისტრირა ჩზ-75 სისტემის პისტოლეტი (დანართი N1) და დაბრუნდა ჭავჭავაძის გამზირზე N37-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში (იხ.ვიდეო), სადაც იმყოფებოდა მეუღლესთან ია კიწმარიშვილთან ერთად. მეუღლის სახლიდან წასვლის შემდგომ, 15:05 საათზე, ეროსი კიწმარიშვილი გამოვიდა სახლიდან (იხ.ვიდეო). 16 საათსა და 47 წუთზე კი, მისი გვამი მეგობრებმა და თანამოაზრეებმა – გიორგი ხევიაშვილმა, თამაზ ბაწელაშვილმა, ვალერი ტატუაშვილმა, მერაბ დოლიძემ და ზაზა ბატიაშვილმა აღმოაჩინეს საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ, ავტოსადგომზე საკუთარ ავტომანქანაში  (დანართი N4).
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, რომელსაც ესწრებოდნენ გარდაცვლილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი და მისი ადვოკატი, მანქანის წინა მარცხენა მხარეს, მძღოლის ადგილზე აღმოჩნდა ეროსი კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა ერთი ჭრილობა, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით წარმოადგენს მარჯვენა საფეთქლის მხრიდან შემავალ და თავის ქალის მარცხენა უკანა მხრიდან გამომავალ ცეცხლნასროლ დაზიანებას. ეროსი კიწმარიშვილს, მარჯვენა საფეთქელზე აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღის ლულის ჭრილის ანაბეჭდი ე.წ. „შტანცმარკა“ და დამწვრობის კვალი, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ვითარდება მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდრო მიბჯენით გასროლის შედეგად (დანართი N5). ეროსი კიწმარიშვილის სხეულზე არსებული ტრავმის ლოკალიზაციის და მოცულობის გათვალისწინებით სიკვდილი დადგა თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობის მიყენებიდან მომენტალურად (დანართი N6). გარდაცვლილის ფეხებთან ეგდო პისტოლეტი, რომელიც რამდენიმე საათით ადრე შეიძინა ეროსი კიწმარიშვილმა. ამ იარაღიდან გასროლილი მასრა აღმოჩნდა სალონის უკანა მხარეს, ტყვია კი გაჭედილი იყო მარცხენა საყრდენში (დანართი N7, დანართი N8). მარცხენა საყრდენიდან ამოღებული ტყვია, ჩატარებული ბალისტიკური და გენეტიკური ექსპერტიზების დასკვნებით გასროლილია ეროსი კიწმარიშვილის იარაღიდან და გავლილი აქვს გარდაცვლილის სხეული (დანართი N9). ავტომანქანის სავარძლები და სალონის დეტალები მარცხნიდან მარჯვნივ გაშლის კლებადობით დაფარული იყო გარდაცვლილის სისხლის შხეფებით, რასაც ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო, გენეტიკური, ბიოლოგიური და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები (დანართი N10).  შესაბამისი მიკრონაწილაკების ექსპერტიზით ასევე  დადგენილია, რომ ა/მანქანაში აღმოჩნდა მხოლოდ  კიწმარიშვილის მიკრონაწილაკები. ექსპერტების მიერ დამუშავდა ეროსი კიწმარიშვილის ტანისამოსიდან და ორივე ხელის მტევნიდან აღებული დენთის კვლები. ექსპერტიზის შედეგად კი დადგინდა, რომ კიწმარიშვილს სროლის დროს იარაღი მარჯვენა ხელში ეჭირა. ამას მოწმობს იარაღზე ჩატარებული ბალისტიკური და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნებიც. (დანართი N12, დანართი N13, დანართი N14)
გამოძიების მსვლელობისას ასევე გაიშიფრა ყველა ვიდეოკამერა, რომელსაც დაფიქსირებული ჰქონდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. მათ შორის ავტოფარეხის შესასვლელის მიმართულებით განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელთა მიხედვით გარდაცვალების დღეს 17:00 საათამდე დროის შუალედში ავტოფარეხში შევიდა 10 ავტომანქანა და ორი ფეხით მოსიარულე პირი. ყველა მათგანი დადგენილია და დაკითხულია გამოძიების პროცესში. ესენი არიან კიწმარიშვილის მეზობლები და მათი მომსახურე პერსონალი, რომლებსაც მის გარდაცვალებასთან რაიმე კავშირი არ აქვთ.
გამოძიების მიმდინარეობისას, ზურაბ კიწმარიშვილის და მის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით, ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც ჩამოთვლილი პირების გარდა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ექსპერტებმაც.
ავტომანქანის სალონში აღმოჩენილი სისხლის შხეფების განლაგების, სროლის ტრაექტორიის, ე.კიწმარიშვილის სხეულზე და ტანისამოსზე აღმოჩენილი დენთის კვალის, ცეცხლსასროლ იარაღზე აღმოჩენილი დნმ-ის კვალის და ა/მანქანაში მხოლოდ გარდაცვლილის ტანისამოსის მიკრონაწილაკების აღმოჩენის მხედველობაში მიღებით გამოირიცხა სროლის დროს ავტომობილში ან მისგან ისეთ დისტანციაზე სხვა პირის ყოფნა, საიდანაც შესაძლებელი იყო სროლის განხორციელება. (დანართი N15, დანართი N16)
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გამოძიების პროცესში დაიკითხა კიწმარიშვილის ოჯახის ყველა წევრი: მეუღლე, ძმა და შვილები. მათი  დაკითხვით რაიმე საეჭვო გარემოება გარდაცვალების სხვა შესაძლო ვერსიასთან დაკავშირებით არ გამოვლენილა.
გარდა ამისა, მოპოვებული ვიდეო მასალით, სატელეფონო საუბრების დეტალური ამონაწერებით და მოწმეთა ჩვენებებით გამოძიებამ მიიღო შემდეგი ინფორმაცია: ეროსი კიწმარიშვილს გარდაცვალებამდე ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე რაიმე განსაკუთრებული ან დაძაბული ურთიერთობა არავისთან არ ჰქონია. მას სატელეფონო კავშირი ჰქონდა მხოლოდ მეგობრებთან, პოლიტიკურ თანამოაზრეებთან და ოჯახის წევრებთან.
გამოძიების მსვლელობის დროს შესწავლილი იქნა ეროსი კიწმარიშვილის ფინანსური მდგომარეობა გარდაცვალების დროს და დოკუმენტალურად დადგინდა, რომ მის ოჯახს კერძო პირებთან, ორგანიზაციებთან და ბანკებთან საერთო ჯამში ჰქონდა დავალიანება 312 000 აშშ დოლარის და 120 000 ლარის ოდენობით, რომლის უზრუნველყოფისთვის იპოთეკით დატვირთული იყო მისი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ეროსი კიწმარიშვილს არ გააჩნდა საკმარისი შემოსავალი ამ დავალიანების დასაფარად. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ კიწმარიშვილის კომპიუტერში აღმოჩნდა საუბრის ჩანაწერი, რა დროსაც იგი აცხადებს, რომ მას გააჩნია მატერიალური პრობლემები, რის გამოც მიმდინარე პრობლემებსაც ვეღარ უმკლავდება.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე ეროსი კიწმარიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა თუმცა დამარცხდა, წინასაარჩევნო პროცესში მონაწილე პირების მიმართ კი დარჩა დავალიანება  120 000 ლარის ოდენობით. დაპირებული თანხის მიღების მოთხოვნით აღნიშნული პირები 2014 წლის 14 ივლისს საღამოს შეიკრიბნენ, და საპროტესტო აქცია გამართეს. ამის გამო საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი პირები და ამავდროულად ეროსი კიწმარიშვილის მეგობრები: გიორგი ხევიაშვილი და თამაზ ბაწელაშვილი იმავე საღამოს შეხვდნენ ეროსი კიწმარიშვილს და საარჩევნო პროცესში ჩართული პირების მიმართ დავალიანების დაფარვა სთხოვეს. კიწმარიშვილმა მეგობრებს უთხრა, რომ თანხას მომდევნო დღეს მეუღლის მეშვეობით გამოიტანდა ბანკიდან და  მათ გადასცემდა. მეორე დღეს ზემოთ მითითებული პირები კვლავ მივიდნენ ეროსი კიწმარიშვილთან თანხის მისაღებად თუმცა კიწმარიშვილი მათ ავტოსადგომზე საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი დახვდათ.
ყოველივე აღწერილი ნათლად მიუთითებს, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დროს მკვეთრად იყო გაუარესებული მისი მატერიალური მდგომარეობა (დანართი N17, დანართი N18, დანართი N19,დანართი N20 და  იხ. ვიდეო№1, იხ. ვიდეო№2).
საბოლოოდ, ზემოთ მითითებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიდევრული და ლოგიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს, მან თავი მოიკლა, რადგან კონკრეტული გარემოებების არსებობის მხედველობაში მიღებით შეუძლებელია მკვლელობა იყოს ჩადენილი რომელიმე სხვა პირის მიერ.
გვინდა გამოვეხმაუროთ ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც გამოძიების მიმდინარეობის პროცესში სხვადასხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა მედია საშუალებებით.
გამოძიების მიმდინარეობის დროს გავრცელდა ინფორმაცია თითქოსდა გამოჩნდა საეჭვო პირი,  რომელსაც კავშირი უნდა ჰქონოდა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან. აღნიშნული არ არის სიმართლე. საქმე იმაშია, რომ გარდაცვლილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა და მისმა  ადვოკატებმა საეჭვოდ მიიჩნიეს ეროსი კიწმარიშვილის საცხოვრებელ კორპუსთან დამონტაჟებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერების 15 ივლისის ჩანაწერები, რომელთა მიხედვით ეროსი კიწმარიშვილის ჯერ კიდევ სახლიდან გამოსვლამდე 16 წუთით ადრე, კადრში დაფიქსირდა შავ, სპორტულ ტანისამოსში გამოწყობილი პირი (დანართი N23), რომელიც გვერდით ჩაუვლის კორპუსს და შეუჩერებლად გადაადგილდება ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით. აღნიშნული პირი არ არის და არც შეიძლება იყოს დაკავშირებული კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან, რადგან ის, როგორც უკვე აღინიშნა, კორპუსთან შეუჩერებლად გადაადგილდა და გასცდა შემთხვევის ადგილს იმ დროს, როდესაც ეროსი კიწმარიშვილი ჯერ კიდევ არ იყო გამოსული სახლიდან.
ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში კიდევ ერთი არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა იმის შესახებ, რომ თითქოსდა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან უმალვე, პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე შემთხვევის ადგილზე გაჩნდა ტაქსის ნიშნით მოძრავი ავტომობილი, საიდანაც საეჭვო პირები გადმოვიდნენ და ავტოფარეხში ჩავიდნენ შემდეგ უკან დაბრუნდნენ და განაცხადეს ,,ეროსიმ თავი მოიკლაო“. აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა ერთ-ერთმა უფლებადამცველმა. მან გამოძიებას მიუთითა, რომ ინფორმაციის წყარო  მისთვის უცნობი ქალბატონი იყო, რომელმაც ქუჩაში უამბო ზემოთ აღწერილის შესახებ. გამოძიებით დადგინდა, რომ  ინფორმაცია უფლებადამცველს გადასცა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სილამაზის სალონში მომუშავე სტილისტმა. აღნიშნული პირი დაიკითხა გამოძიების პროცესში, რა დროსაც მან განმარტა, რომ ტაქსის ნიშნით შემთხვევის ადგილზე ავტომანქანა მივიდა არა პოლიციის თანამშრომლების ეროსი კიწმარიშვილის კორპუსში მისვლამდე, არამედ მას შემდგომ და ეს ინფორმაცია სწორედ ასეთი სახით გადასცა უფლებადამცველს.  გამოძიებით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე ტაქსის ნიშნის ავტომობილით მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნული პირები ატარებდნენ ოპერატიულ ღონისძიებას, რის გამოც მათ ავტომობილს ჰქონდა ტაქსის ნიშანი. ღონისძიების დასრულებისთანავე  კი სწორედ ასეთი ნიშნის მქონე ავტომობილით გამოცხადდნენ გამოძახებულ ადგილზე   (დანართი №24, დანართი N25, დანართი N26, დანართი N27, დანართი N28).
გარდა ამისა, გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე საეჭვოდ იქნა მიჩნეული სხვადასხვა გარემოება. თითოეული მათგანი საფუძვლიანად და დეტალურად შეისწავლა გამოძიებამ და დაადგინა, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ზემოთ აღწერილ ვითარებას.
კერძოდ, გამოძიების პირველივე სტადიაზე ცალკეული პირები სვამდნენ შეკითხვას: რატომ  დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა). საქმე იმაშია, რომ კანონის თანახმად, გამომძიებელი გამოძიებას იწყებს იმ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მას აქვს. მოცემულ შემთხვევაში გამომძიებელს ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი აღმოაჩინეს საკუთარ ავტომობილში, საფეთქელზე დაზიანებით და შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი იყო მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი. აღნიშნული პირველადი ინფორმაცია სწორედ ზემოთ მითითებული მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველს იძლეოდა. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოძიების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე დასაშვებია კვალიფიკაციის შეცვლა. აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს დაბრკოლებას გამომძიებლისთვის შეისწავლოს და გამოიკვლიოს მომხდარის ნებისმიერი ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებული იყო ზემოთ მითითებული მუხლით, გამოძიების პროცესში განხორციელდა ყველა საინტერესო და მნიშვნელოვანი გარემოების დეტალური კვლევა.
რაც შეეხება საკითხს რატომ არ არის აღმოჩენილი იარაღზე იდენტიფიკაციისათვის ვარგისი თითის კვალი, აღნიშნული განპირობებულია შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი იარაღის კონსტრუქციით. კერძოდ, ჩზ-75 -ის ზედაპირის უმთავრესი ნაწილი რელიეფურია (ე.წ. „ხორკლიანი“). მას აქვს როგორც ბორცვები ასევე გარკვეული ჩაღრმავებები. იდენტიფიკაციისათვის ვარგისი თითის ანაბეჭდი კი, როგორც წესი რჩება გლუვი ზედაპირის მქონე საგანზე. იარაღი დათვალიერდა ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრის და მის მიერ წარმოდგენილი ექპერტების მონაწილეობით რა დროსაც ნათლად წარმოჩინდა ზემოთ აღწერილი გარემოებები.
საგულისხმოა გამოძიების პროცესში შესწავლილი კიდევ ერთი გარემოება – ეროსი კიწმარიშვილის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დამონტაჟებულ კამერაში ჩანს, რომ მას სახლიდან გამოსვლის დროს ეცვა ღია ფერის მაისური, ხოლო შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი გვამის მაისური იყო მონაცრისფრო რუხი ფერის. ამასთან გვამს ემოსა არამხოლოდ მაისური არამედ პიჯაკიც. პირველ რიგში მაისურის ფერთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიების პროცესში ექსპერტიზა ჩაუტარდა სადარბაზოში დამონტაჟებულ ვიდეო კამერას და აღმოჩნდა, რომ კამერა რეალურისგან განსხვავებულად აფიქსირებს ფერებს (დანართი N29). რაც შეეხება პიჯაკს, გამოძიებით მოპოვებულია ვიდო-ჩანაწერი, რომელზეც ასახულია ეროსი კიწმარიშვილის იარაღის მაღაზია ,,დიანადან“ გამოსვლის ფაქტი. კერძოდ, კადრში ჩანს მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ როგორ დებს ის პიჯაკს ავტომანქანის უკანა სავარძელზე. გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებულია ასევე ეროსი კიწმარიშვილის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ ის პიჯაკის გარეშე შევიდა სახლში. შესაბამისად ფაქტია, რომ ეროსი კიწმარიშვილმა პიჯაკი სახლიდან გამოსვლის შემდეგ მანქანასთან მისვლის დროს ჩაიცვა.
გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ავტოფარეხში დამონტაჟებული კამერა სპეციალურად იყო შეტრიალებული ისე, რომ გადაღება არ ეწარმოებინა ეროსი კიწმარიშვილის ავტომანქანის მიმართულებით. აღნიშნული საკითხი დეტალურად არის შესწავლილი და დადგენილია, რომ ავტოფარეხში ვიდეოკამერის დამონტაჟება ეროსი კიწმარიშვილმა და მის მიერ დაქირავებულმა მძღოლმა რამდენიმე წლის წინ დაუკვეთეს ერთ-ერთ ორგანიზაციას. სისტემა განკუთვნილი იყო პირდაპირ რეჟიმში თვალთვალისთვის და არა ჩაწერისთვის. ამასთანავე, კამერის ობიექტივი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დღეს სწორედ იმ მხარეს იყო მიმართული საითაც თავდაპირველი დამონტაჟების დროს. საქმე იმაშია, რომ კამერის დამონტაჟების დროს, ეროსი კიწმარიშვილი ავტომანქანას აჩერებდა ადგილზე, რომლისკენაც დღემდე მიმართულია ვიდეოკამერა, გარდაცვალებამდე ერთი წლის წინ კი, მან შეიცვალა ავტოსადგომი ხოლო კამერის ობიექტივის მიმართულება არვის აღარ შეუცვლია და დარჩა თავდაპირველი სახით (დანართი N30, დანართი N31). აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ვიდეოკამერა შემოწმების დროს იყო ძლიერად დამტვერილი, რის გამოც ვერ მოხერხდა მისი ზედაპირიდან იდენტიფიკაციისთვის ვარგისი თითის კვალის ამოღება.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული ადასტურებს, რომ გამოძიება საბოლოო დასკვნამდე მივიდა ყველა მნიშვნელოვანი გარემოების სათანადო შესწავლის და გამოკვლევის შედეგად, რითაც გამოირიცხა სხვა ალტერნატიული ვერსიის ნამდვილობა.
აქვე გვინდა აღვნიშნოთ რომ საქმის მსვლელობის დროს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ჩვენს მიერ მომზადდა ვიდეომასალა, რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ამსახველი ფაქტები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი