არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობა” მიმართავს პოლიციას, რომ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ნიადაგზე ბოლო პერიოდში გახშირებული თავდასხმები დროულად გამოიძიოს.
არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მარია დარჩიევი ამბობს, რომ მუქარა ისმის თავად იდენტობის მისამართითაც. მისი თქმით, “ფეისბუქზე” სხვადასხვა ჯგუფში ადამიანები იმუქრებიან იდენტობის მისამართით. იყო შემთხვევები, როდესაც ორგანიზაციის ადგილსამყოფელს ადგენდნენ.
“ბოლო 2 თვის განმავლობაში მსგავსი ათეულობით შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელიც გამოუძიებელი რჩება. სოციალურ ქსელში ინტენსიურად ვრცელდება მუქარის შემცველი კომენტარები და პოსტები “იდენტობის” წინააღმდეგ. დღესვე მივმართავთ პოლიციას, გადავცემთ ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას და მოვუწოდებთ, დროულად მოახდინონ რეაგირება და დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება”, – ამბობს მარია დარჩიევი.
ორგანiიზაციის დირექტორის თქმით, ისინი გადასცემენ პოლიციას ე.წ. “სქრინებს”, რომლებიც ასახავს ფეისბუქზე გამართულ დიალოგებს. ასევე ისინი სთხოვენ პოლიციას, შეაფასოს მდგომარეობა უსაფრთხოების კუთხით.
დღეს, 23 მაისს, ორგანიზაციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გურამ დემეტრაშვილმა ისაუბრა 17 მაისს, გამთენიისას მისი დაკავების დეტალებზე, როდესაც შინ ბრუნდებოდა.
დემეტრაშვილის თქმით, პოლიციელებმა ტაქსიდან ჩამოსვეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. შემდეგ წაიყვანეს ნარკოტესტირებაზე, სადაც არ დაუდგინდა ნარკოტიკების გამოყენება.
დემეტრაშვილი ამბობს, რომ პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის დავალებით, იგი მაინც დატოვეს დაკავებული პოლიციისთვის წინააღდეგობის გაწევის მუხლით, თუმცა 17 მაისს იგი სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია.
დემეტრაშვილის თქმით, პოლიციელებმა მისი სახელი და გვარი იცოდნენ, მათ ჰომოფობიურად არ მიუმართავთ, თუმცა ჰკითხეს, რას აპირებდნენ 17 მაისს. დემეტრაშვილი ამბობს, რომ არც იცოდა, იგეგმებოდა თუ არა საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიის სტენსილებით შეღებვა.
17 მაისს დააკავეს ვალერი ტალიკიშვილი. მისი თქმით, იგი პოლიციამ დილის 6 საათზე სახლთან ახლოს ახლოს დააკავა. ტალიკიშვილი ამბობს, რომ ისიც ნარკოტესტირებაზე გადაიყვანეს, თუმცა ნარკოტიკული თრობა არ დაუდასტურდა.
ტალიკიშვილის თქმით, ისიც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს და 17 მაისის საღამომდე დაკავებული იყო, სანამ სასამართლომ არ გაათავისუფლა. ტალიკიშვილი ამბობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში არ მისცეს უფლება, ადვოკატს დაკავშირებოდა, ასევე არ მისცეს საშუალება ესარგებლოა სამედიცინო მომსახურებით, რადგან აქვს დიაბეტი და სჭირდებოდა წამლის მიღება.
ტალიკიშვილის თქმით, წართმეული ტელეფონი უკან გატეხილი დაუბრუნეს. ასევე, პოლიციელები მას უდიერად ექცეოდნენ.
“ნეტგაზეთი” დაუკავირდა შსს-ს იმის გასარკვევად, თუ რა ეტაპზეა გამოძიება იმ საქმეებზე, რომლებიც მედიაში გახმაურდა. შსს-მ განმარტა, რომ ავალაბარში ორი ადამიანის დაჭრის საქმეში კონკრეტული პირები არიან დადგენილი და მიმდინარეობს საგამოძიებო საქმიანობა.
რაც შეეხება იმ ახალგაზრდა კაცის საქმეს, რომელსაც საყურის ტარების გამო სცემეს, 125-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. სხვა საქმეების შესახებს შსს აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს.
დღეს, 23 მაისს გაავრცელეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებმა: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), ლგბტ საქართველო, იდენტობა, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF), ტოლრანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), თანადგომა, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ჰერა XXI.
ისინი მოითხოვენ, რომ ეფექტურად და დროულად გამოძიონ ბოლო დროს გახშირებული თავდასხმები ჰომოფობიის ნიადაგზე, მისცენ საქმეს სათანადო კვალიფიკაცია და შესაბამისი პირები დასაჯონ.
ისინი მიიჩნევენ, რომ შსს-მ და პროკურატურამ უნდა განახორციელოს ადეკვატური საინფორმაციო პოლიტიკა, რომელშიც მოხდება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიმართ სისხლის სამართლის კოდექსით აღიარებული მკაცრი პოლიტიკის მნიშვნელობისა და სახელმწიფოს მხრიდან მსგავს დანაშაულებთან ბრძოლის მზადყოფნის დეკლარირება.
ასევე სთხოვენ საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს, გააკეთონ განცხადებები სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღდეგ ბრძოლისა და ანტიდისკრიმინაციული პოლიციკის თაობაზე, რათა შეეწინააღმდეგონ მზარდ ჰომოფობიასა და ტრანსფობიას.