ახალი ამბები

თამარ კორძაია: ხელშეკრულება დაარღვია ღლონტმაც და კიწმარიშვილმაც

30 ნოემბერი, 2011 • • 1232
თამარ კორძაია: ხელშეკრულება დაარღვია ღლონტმაც და კიწმარიშვილმაც

 

ტელეკომპანია მაესტრო
ტელეკომპანია მაესტრო

შპს „სტუდია მაესტროსა“ და „რუსთავის მედიის მართვის კომპანიას“ შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ეროსი კიწმარიშვილს არ ჰქონდა უფლება, „მაესტროს“ მესაკუთრეებთან შეთანხმების გარეშე, თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა არხის პროდიუსერი მამუკა ღლონტი და გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე.

 

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი თამარ კორძაია განმარტავს, რომ ტელეკომპანია მაესტროსა და მის მმართველ კომპანიას შორის ეს პუნქტი ცხადად არის განმარტებული. კერძოდ, კომპანიებს შორის 2009 წლის 30 ნოემბერს დადებული კონტრაქტის მესამე მუხლის ერთ-ერთ ქვეთავში წერია, რომ „მმართველი“[რუსთავის მედიის მართვის კომპანია, ეროსი კიწმარიშვილი] ვალდებულია, მხოლოდ „მესაკუთრესთან“ შეთანხებით მოახდინოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორების თანამდებობრივი სტატუსის შენარჩუნება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ასევე, კომპანიაში დასაქმებული პირების შენარჩუნება და ა.შ.

„მაესტროსა“ და ეროსი კიწმარიშვილის კომპანიას შორის ხელშეკრულება სამი წლის ვადით, 2012 წლის 30 ნოემბრამდეა გაფორმებული. კონტრაქტის მიხევდით, ამ დროის განმავლობაში მმართველი ვალდებულია, მისთვის გადაცემული კომპანია მართოს, როგორც „გულისხმიერმა მმართველმა“, მოიძიოს ინვესტიციები და კანონით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები, ასევე, უზრუნველყოს კომპანიის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ტექნიკური აღჭურვილობა, გაზარდოს კომპანიის აქტივები და ა.შ.

კომპანიებს შორის გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, „მესაკუთრეს“ არა აქვს უფლება, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მმართველი კომპანიის ნებართვის გარეშე ტელეკოპანია „მაესტრო“ გაყიდოს 10 მილიონ აშშ დოლარზე ნაკლებ თანხად.  კომპანიის გაყიდვის შემთხვევაში, მმართველი კომპენსაციის სახით მიიღებს გაყიდვიდან მიღებული თანხის 25%-ს.

გარდა ამისა, კონტრაქტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, რომ თუ ტელეკომპანიის მფლობელი გადაწყვეტს, რომ მმართველ კომპანიასთან კონტრაქტი გაწყვიტოს, მას ამის შესახებ სამი თვით ადრე წერილობით უნდა შეატყობინოს.

საქართველოს ახალგაზრდა ირისტთა ასოციაციის იურისტი თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების პირობები დაარღვია როგორც მამუკა ღლონტმა, ისე ეროსი კიწმარიშვილმა, თუმცა მათ შორის მტყუან-მართალი სასამართლომ უნდა გაარკვიოს.

როგორც კორძაია ამბობს, მამუკა ღლონტისა და ილია კიკაბიძის თვითნებური გათავისუფლებით ეროსი კიწმარიშვილმა დაარღვია კონტრაქტის პირობები. თუმცა, იურისტის აზრით, კონტრაქტის პირობები დაარღვია მამუკა ღლონტმაც, რადგან მან სამი თვით ადრე წერილობით არ გააფრთხილა ეროსი კიწმარიშვილი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

„კიწმარიშვილს ტელეკომპანიაში თავისუფლად შესვლის უფლება ჰქონდა, მაგრამ მას არ ჰქონდა იქ მომუშავე ჟურნალისტების ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის უფლება, მას ეს კონტრაქტით პირდაპირ აქვს აკრძალული,“ – განმარტავს თამარ კორძაია. მისივე თქმით, „ხელშეკრულებაში არაფერი წერია იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მამუკა ღლონტს ნიუსრუმში შიგნიდან ჩაკეტვის უფლება. ხელშეკრულებაში წერია, რომ ნებისმიერი სადავო საკითხი უნდა მოგვარდეს წერილობით. შესაბამისად, თუ მამუკა ღლონტს უნდოდა კიწმარიშვილთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტა, ეს მას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უნდა გაეკეთებინა და არა ისე, რომ კარი ჩაეკეტა და ა.შ.“

როგორც იურისტი ამბობს, ორივეს – ეროსი კიწმარიშვილსაც და მამუკა ღლონტსაც – აქვს უფლება, მოითხოვოს ტელეკომპანიის გათავისუფლება და ნორმალური მუშაობის უზრუნველყოფა.

„თუმცა ისინი ამას ერთმანეთს სთხოვენ და ეს არ არის ურთიერთობის ცივილიზებული ფორმა“, – ამბობს თამარ კორძაია. მისივე თქმით, გარეშე ძალა, თუნდაც კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, სიტუაციაში ვერ ჩაერევა, რადგან ტელეკომპანია საგანგებო რეჟიმში მაინც აგრძელებს მუშაობას. მარეგულირებელი ორგანო მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერევა, თუ ტელეარხი 4 თვე შეწყვეტს ზედიზედ მაუწყებლობას.

რაც შეეხება სამართალდამცავებს, თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ ისინი შეიძლება იმ შემთხვევაში ჩაერიონ, თუ ეს გადაიზრდება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაში, რაც ჯერჯერობით არ ხდება და ჟურნალისტები მაინც ახერხებენ მუშაობას და მასალების ეთერისთვის მომზადებას.

თამარ კორძაია ამბობს, რომ სასამართლო განხილვისას ძალიან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება იმის გარკვევას, პირველმა ვინ დაარღვია ხელშეკრულება – მამუკა ღლონტმა თუ ეროსი კიწმარიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი