ახალი ამბები

თბილისში ორი პირი სავარაუდოდ ჰომოფობიურ ნიადაგზე დაჭრეს

21 მაისი, 2016 •
თბილისში ორი პირი სავარაუდოდ ჰომოფობიურ ნიადაგზე დაჭრეს

დღეს, 21 მაისს, თბილისში, ავლაბრის ტერიტორიაზე გ.ტ. და ნ.კ. სავარაუდოდ, ჰომოფობიურ ნიადაგზე დანით დაჭრეს. გამოძიება სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

გ.ტ-ს თქმით, მეგობართან ერთად საკუთარი სახლიდან მოდიოდა, რა დროსაც სამი პირი თავს დაესხა:

“დანით გაგვისწორდნენ. მე გულმკერდის არეში მაქვს ღრმა  ჭრილობა და ჩემს მეგობარს, რომელიც არასრულწლოვანია, ფეხზე კუნთი აქვს გადაჭრილი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აქვს ფეხი. ჩემი მეგობარი არაფერ შუაში იყო, ჩემზე გამოიწიეს და ის წინ დახვდა, რა დროსაც იძულებით დაჭრეს, რეალურად ჩემზე აპირებდნენ დარტყმას. სახლიდან რომ გამოვედით, იქვე იყვნენ.”

მისივე თქმით, პოლიციას თავდამსხმელების ამსახველი ვიზუალური მასალა მიაწოდა.

“პირდაპირ კავშირში რასთან არის, არ ვიცი ეს თავდასხმა, აშკარად კრიმინალური აქტია. ზუსტად არ ვიცი, რას ეხება, მაგრამ ფაქტია, რომ ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა ჩვენი დაჭრა. ზუსტად რატომ და როგორ – ამის თქმა არ შემიძლია, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. შელაპარაკება არ მომხდარა, გავიარეთ და რახან  LGBT საზოგადოების წევრები ვართ , ამის გამო მოხდა ანგარიშსწორება.”

დაზარალებულებთან იმყოფება იურისტი ნინო ბოლქვაძე. მისი თქმით, დიდი ალბათობით დანაშაული ჰომოფობიითაა მოტივირებული:

“როცა დაზარალებულებმა ჩაიარეს, თავდამსხმელებიდან ერთ-ერთმა მათი მისამართით შეიფურთხა. თავდამსხმელებს არ იცნობდნენ.   არასრულწლოვან დაზარალებულს თმაზე ჰქონდა დაგრძელება, რომლითაც შეიძლება აფელირებული ყოფილიყო LGBT თემთან. შეფურთხების გამო იგრძნეს, რომ თავდასხმის საფრთხე არსებობდა, უკან გაიხედეს  და ერთ-ერთმა დაზარალებულმა სურათი გადაიღო. უკან გახედვისას დაინახეს, რომ თავდამსხმელები მათი მიმართულებით უკვე მოდიოდნენ. ერთს საკმაოდ დიდი დანა ჰქონდა, ხოლო მეორეს- პატარა. არასრულწლოვანი ფეხის არეში დაჭრეს, დიდი ჭრილობა მიაყენეს, ხოლო მეორე დაზარალებულს ზურგის არეში, ხელის არეში  უფრო მსუბუქი ჭრილობები, მაგრამ რამოდენიმე ჭრილობაა. ”

ბოლქვაძის განამრტებით, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები ამ შემთხვევის მსგავსი გამოვლინებებით ხასიათდება:

“შეფურთხება უკვე არის ნიშანი. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები მსგავსი გამოვლინებებით ხასიათდება. ასევე დაგრძელებული თმა ბიჭზე. ამიტომ ვამბობთ, რომ ძალიან დიდი ალბათობით დანაშაულის მოტივი ჰომოფობიაა.”

შს სამინსიტროში “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს, რომ ორი პირი დაჭრეს. უწყების განმარტებით, გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს:

“ამ ფაქტში მონაწილე ორი პირის ვინაობა არის დადგენილი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი,”- განაცხადეს შს სამინისტროში.

დაზარალებულების ინტერესებს “იდენტობა” დაიცავს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი