ახალი ამბები

ალასანია ხურჩაში მკვლელობაზე: პოლიციელის მოვალეობაა თავდამსხმელი ადგილზე გაანადგუროს

21 მაისი, 2016 •
ალასანია ხურჩაში მკვლელობაზე: პოლიციელის მოვალეობაა თავდამსხმელი ადგილზე გაანადგუროს

“როცა ასეთ დანაშაულს შეესწრება სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომელი, პოლიციელი, უშიშროების ოფიცერი, მისი მოვალეობაა ცეცხლი გახსნას და თავდამსხმელი ადგილზე გაანადგუროს,” – ეს განცხადება ირაკლი ალასანიამ სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხზე საუბრისას გააკეთა.

ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბრისას ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ სამართალდამცავებს  უნდა მიეცეთ ინსტრუქცია, თუ როგორ ახდენენ ასეთი ვითარების პრევენციას:

“კიდევ ერთი ადამიანური ტრაგედია დატრიალდა და მსხვერპლი  წაიღო ოკუპაციამ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომა არც ჩვენ და არც ერვოპის მონიტორებს აქვთ და კარგად გვესმის, რომ იქ ხელშეკრულია ქართული სამართალდამცავი სტრუქტურები, მაგრამ ეს ტრაგედია დატრიალდა ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. მე ამ სულისშემძვრელ კადრებში დავინახე ქართული მხარის ბლოკ-საგუშაგო და ჩემი აზრით, პირველ რიგში სასწრაფოდ უნდა გავუწეროთ სტანდარტული პროცედურები ჩვენს სამართალდამცავებს, თუ როგორ ერევიან ასეთ ვითარებაში და როგორ ახდენენ პრევენციას. ”

მისი მტკიცებით, ხურჩაში მომხდარი მკვლელობის მსგავს სიტუაციებში თავდამსხმელის ლიკვიდირება სამართალდამცავის მოვალეობაა:

“როცა ასეთ დანაშაულს შეესწრება სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომელი, პოლიციელი, უშიშროების ოფიცერი, მისი მოვალეობაა ცეცხლი გახსნას და თავდამსხმელი ადგილზე გაანადგუროს. იმ ოთხი ყაჩაღისთვის, ბანდიტისთვის, რომლებიც ჩვენს [კონტროლილებად] ტერიტორიაზე გადმოვიდნენ, ამ ფორმით რომ პასუხი გაეცათ ჩვენს სამართალდამცავებს, ვერც ერთი ვეღარასდროს გაბედავს ასეთი საშინელი დანაშაულის ჩადენას.

სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ საკითხის  განხილვა და ჩვენს სამართალდამცავებს უნდა მიეცეთ ბრძანება, რომ როცა ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება, ცეცხლი გახსნან. სირცხვილია, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ასეთი დანაშაული მოხდა და დაუსჯელია ყველა,” – განაცხადა ალასანიამ.

ამავე გადაცემაში პირდაპირი ჩართვისას შს მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პირდაპირი პასუხი არ გასცა ჟურნალისტის კითხვას, დანაშაულის ტერიტორიაზე არის თუ არა ქართული მხარის ბლოკ-პოსტი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე რაშიდ კანჯიოღლის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით[განზრახ მკვლელობა] და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით [ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება] დაიწყო.

ოფიციალური ინფორმაციით, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

ამასთან, 20 მაისს  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა 19 მაისს, სავარაუდოდ, სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ამსახველ ვიდეომასალა გაავრცელა. გავრცლებულ ვიდეოში ჩანს კაცი, რომელიც ე.წ. სასაზღვროს ზოლის მხრიდან ბრუნდება. მის უკან ჩნდებიან სამხედროფორმიანი პირები; ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა მამაკაცს ესვრის და როდესაც ის ეცემა, დაჭრილს ფიზიკურად უსწორდება. ამის შემდეგ ისინი ადგილს ტოვებენ. ვიდეოში ჩანს, რომ მკვლელობა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი