ახალი ამბები

“რუსეთი კლავს” – აქცია კანცელარიასთან

20 მაისი, 2016 •
“რუსეთი კლავს” – აქცია კანცელარიასთან

დღეს, 20 მაისს მთავრობის კანცელარიასთან  ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტი გააპროტესტეს.

“რუსეთი კლავს” – ამ სახელწოდების აქცია მთავრობის კანცელარიასთან თილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტების ორგანიზებით გაიმართა:

“აღმაშფოთებელია ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი. ამაზე სახელმწიფოს რეაქცია იყო სამარცხვინო. განსაკუთრებით სამარცხვინო იყო სუს-ის რეაქცია, რომელმაც დაგმო მომხდარი ფაქტი და რომელიც იდეაში საქართველოს მოქალაქეებს უნდა გვიცავდეს. სამწუხაროა, რომ ამ დრომდე დუმს თავდაცვის სამინსიტრო, დუმს პრემიერ-მინისტრი, დუმს პრეზიდენტი. ვაპროტესტებთ, რომ ხელისუფლება ხალხს არ იცავს,”- ამბობს აქციის მონაწლე, მალხაზ რეხვიაშვილი.

IMG_3288

აქციას შეუერთდა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის[CIDA]  აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი. მისი თქმით,  ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოება რეაგირებდეს ასეთ ფაქტებზე და ეს ფაქტი არ დარჩეს მხოლოდ ჭირისუფლის თემად:

“ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის საკითხი, რომელიც ყველა ჩვენგანს ეხება. შეიძლება პროცესებზე ზეგავლენის მოსახდენად ბევრი ბერკეტი არ გვაქვს, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია ჩვენი ხმა გავაგონოთ ხელისუფლებას, რომ მისი აქტიურობა, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ჭრილში, გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. ასეთი უბედურებები არ უნდა გვახსენებდეს იმას, რომ რაღაც უფრო მეტია გასაკეთებელი, ვიდრე დღეს კეთდება.”

რუსეთი კლავს - აქცია კანცელარიასთან

აქციაზე ასევე იმყოფებოდა ახალი პოლიტიკური ცენტრის, “გირჩის” წევრი ზურაბ ჯაფარიძე. ჯაფარიძე აქციაზე რუსეთთან და ოკუპორებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ხელისუფლების პოლიტიკის გასაპროტესტებლად მივიდა:

“პირველ რიგში, გარდაცვლილის ოჯახს ვუთანაგრძნობ. დიდი ხანია დადგა დრო, რომ ისინი საერთაშორისო ტრიბუნებიდან იმაზე საუბარს შეეშვან, რომ მიაგნეს რაღაც გზას, თუ როგორ უნდა დააბალანსონ რუსეთთან ურთიერთობა. რეალობას თვალი გაუსწორონ და გაატარონ პროაქტიული პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან და რუსეთთან მიმართებაში. ამ კონკრეტულ ფაქტზე საჭიროა ძალიან მკაცრი და სწრაფი რეაგირება ყველა იმ ფორმატში, რომელიც საქართველოს გააჩნია.”

IMG_3294

ოფიციალური ინფორმაციით, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.

“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გმობს ხურჩაში მომხდარ ფაქტს. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას,”-აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

“შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი გიგა ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს”, – წერია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის დღევანდელ განცხადებაში.

დღესვე რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს საგარეო სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ ხურჩაში მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთს ეკისრება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ ამ შემთხვევას საქართველო “რუსული ოკუპაციის” თემაზე ახალი პროპაგანდისთვის იყენებს:

“ამასთან, თბილისში მშვენივრად იციან, რომ არც მესაზღვრეებს და რუსეთის არც სხვა წარმომადგენლებს ამ მართლაც ძალიან საწუხარო შემთხვევასთან კავშირი არ აქვთ”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი