ტელეკომპანია “რუსთავი 2” 19 მაისს, სავარაუდოდ, სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მასალა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ადგილზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერებიდან ამოიღო. ვიდეომასალა ასევე, აიტვირთა სოციალურ ქსელ იუთუბში.
გავრცლებულ ვიდეოში ჩანს კაცი, რომელიც ე.წ. სასაზღვროს ზოლის მხრიდან ბრუნდება. მის უკან ჩნდებიან სამხედროფორმიანი პირები; ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა მამაკაცს ესვრის და როდესაც ის ეცემა, დაჭრილს ფიზიკურად უსწორდება. ამის შემდეგ ისინი ადგილს ტოვებენ. ვიდეოში ჩანს, რომ მკვლელობა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.
სუს-ში აცხადებენ, რომ ეს ვიდეომასალა თავად არ გაუვრცელებიათ და დამატებითი კომენტარს არ აკეთებენ.
სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მოგვიანებით, ზუგდიდის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.