ახალი ამბები

შევა თუ არა საპატრიარქო „კრემლის პროექტების“ სახელისუფლებო ნუსხაში?

28 ნოემბერი, 2011 • 1498
შევა თუ არა საპატრიარქო „კრემლის პროექტების“ სახელისუფლებო ნუსხაში?

მთავარანგელოზთა სახელობის მამათა სამონასტრო კომპლექსის გახსნა რუსეთ-საქართველოს საზღვართან
მთავარანგელოზთა სახელობის მამათა სამონასტრო კომპლექსის გახსნა რუსეთ-საქართველოს საზღვართან

საქართველოს საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობა მაშინვე მწვავდება, როგორც კი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ოპოზიციური ფლანგი ძლიერდება.

ორი კვირის წინ ხელისუფლების მიერ კრემლის პროექტად შერაცხული ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ილია მეორეს შეხვდა, რამდენიმე დღით ადრე კი პატრიარქმა ივანიშვილისთვის პრეზიდენტის მიერ ჩამორთმეული მოქალაქეობის აღდგენის აუცილებლობის საკითხი დასვა, რაზეც ხელისუფლებას მყისიერი რეაქცია არ ჰქონია. თუმცა მას შემდეგ, რაც პატრიარქი რუსეთში გაემგზავრა, სადაც ორი ქვეყნის მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობაზე ისაუბრა, ხელისუფლებამ აღარ დააყოვნა და პირველი ხმამაღალი განაცხადი თავად ქვეყნის პირველმა პირმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა 22 ნოემბერს:

“რუსეთის ეკლესიამ ჯვაროსნული ლაშქრობა გამოაცხადა საბჭოთა კავშირის აღსადგენად და ამას გამოხატავენ ძალიან ღიად, საქართველოს დამოუკიდებლობის დასასრულებლად.”

პრეზიდენტის ამ განცხადებას წინ უძღოდა ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ქართული ნაციონალური არხების სატელევიზიო სიუჟეტები რუსეთის პატრიარქზე, როგორც КГБ–ს აგენტზე, რომელიც მთლიანად უჭერს მხარს და გამოხატავს რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების, მედვედევ–პუტინის იდეოლოგიას.

სწორედ ამ პატრიარქის, კირილის, 65 წლის იუბილის მისალოცად ჩავიდა საქართველოს პატრიარქი მოსკოვში 18 ნოემბერს: 20 ნოემბერს ის პირისპირ ესაუბრა თავის რუს კოლეგას, მეორე დღეს კი კრემლში რუსეთის პრეზიდენტს, დიმიტრი მედვედევსაც შეხვდა.

„რუსეთში  მხოლოდ და მხოლოდ ჩადიან ადამიანები, რომელთაც თავიანთი სულმოკლეობის ხარჯზე სურთ ანაზღაურების წამოღება საქართველოში და რუსული მიზნების გატარება“, – ამბობს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეკა ხერხეულიძე, თუმცა ცალსახად ამ კონტექსტში საქართველოს პატრიარქის მოხსენიებას ერიდება და ამბობს, რომ  ჯერ განმარტებებს ელოდება ილია მეორესგან იმის თაობაზე, თუ რაზე ესაუბრა იგი რუსეთის პრეზიდენტსა და პატრიარქს.

კრემლის და რუსეთის პროექტისა და ჯაშუშის კონტექსტში პოლიტიკურ ოპონენტებზე საუბარი, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად იტაცებს ხოლმე სახელისუფლებო გუნდს, თუკი რომელიმე მათგანს (ოპონენტს) ერთხელ მაინც გადაუკვეთავს საზღვარი საქართველოდან რუსეთის მიმართულებით. თუმცა ასეთივე აღტაცებას  ნაკლებად გამოხატავენ ხელისუფლების წარმომადგენლები, როცა საქმე ეხება პატრიარქს, რომლის მეკავშირეობაც ჰაერივით ჭირდება მას ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

ალბათ, ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ილია მეორეს რუსეთში ვიზიტის შეფასება „ნეტგაზეთთან“ საუბარში სხვადასხვა მიზეზით არ ისურვეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერებმა: პეტრე ცისკარიშვილმა, პავლე კუბლაშვილმა, მიხეილ მაჭავარიანმა, ნუგზარ წიკლაურმა და სხვებმა. ისინი ამბობენ, რომ ჯერ საპატრიარქოს განცხადებებს დაელოდებიან და შეფასებებს ამის შემდეგ გააკეთებენ, თუმცა პატრიარქმა განცხადებები ამ საკითხზე უკვე არაერთხელ გააკეთა, როგორც – რუსეთში, ისე მას შემდეგ, რაც საქართველოში დაბრუნდა:

რუსეთში ყოფნისას მან თქვა, რომ რუსეთისა და საქართველოს პატრიარქებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა აღდგეს ორ ქვეყანას შორის, ხოლო საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 24 ნოემბერს, განაცხადა, რომ მოსკოვში ვიზიტი იყო „მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის“. ილია მეორე ამბობს, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს მას საუბარი ჰქონდა ლტოლვილების შესახებ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ თემებზე მხარეებმა ბევრი ისაუბრეს და ჩვენი პატრიარქი არასდროს მიიღებს ისეთ შემოთავაზებას, რაც  საქართველოს სახელმწიფოებრიობას დაასუსტებს, მაგრამ ეს პოლიტიკურ პროცესებს ვერ შეარბილებს“, – ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში პარლამენტის ვიცე–სპიკერი და უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი გიგი წერეთელი.

„მივესალმები პატრიარქის პოზიციას, სადაც საუბარი იყო დევნილების  დაბრუნებაზე და თუ მეტიც ითქვა, რომ ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული  და  რომ აქ მოხდა ეთნოწმენდა, ეს არის ძალიან კარგი,“ – ამბობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია, თუმცა ჯერ უცნობია, „თქვა თუ არა მეტი“ საქართველოს პატრიარქმა რუსეთში გამართული შეხვედრების დროს და სანამ ეს საკითხი უცნობია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იმედს გამოთქვამენ, რომ ეს ვიზიტი არ გამოიწვევს კონფრონტაციას ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის. ამავდროულად, ნაკლებად სარწმუნოდ მიაჩნიათ, რომ რაიმე დადებით ან ეფექტურ შედეგს მოიტანს ორი ქვეყნის ეკლესიის კავშირი ქართულ–რუსული ურთიერთობის გაუმჯოსების პროცესში, რაზეც ილია მეორე საუბრობს.

„ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის ტრადიციული კავშირი საუკუნეეებს ითვლის, მაგრამ თუ ამ ისტორიას გავაანალიზებთ, არ მგონია, რაიმე დადებითი მომენტი მოიტანოს ჩვენს ეკლესიებს შორის ურთიერთობამ. რუსეთის ეკლესია ბოლო საუკუნის განმავლობაში ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი და პოლიტიკის გამტარებელი იყო. რუსეთის ეკლესიის მეთაურს სსრკ–ს დაშლაზე გული წყდება და ამ თემას სენტიმენტებს აყოლებს. იგივე ფრაზეოლოგიას იყენებს, რასაც პუტინი,“ – ამბობს გიგი წერეთელი.

საქართველოს საპატრიარქოსა და „ვარდების რევოლუციის“ გზით მოსულ ხელისუფლებას შორის ურთიერთობა ბოლო 8 წლის მანძილზე არართხელ დაიძაბა, თუმცა დაძაბულობამ პიკს რამდენჯერმე მიაღწია: პირველად 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ (როდესაც ხელისუფლებამ მის მიერ კრემლის პროექტად შერაცხული ბადრი პატარკაციშვილისა და მისი მომხრეების მიერ ორგანიზებული აქცია დაარბია), შემდეგ 2009 წლის მაისში, საკნების აქციის (რომელიც ხელისუფლების მიერ, ასევე, რუსულ ძალად შერაცხული ნინო ბურჯანაძის მიერ იყო ორგანიზებული) დროს, და ბოლოს –  მიმდინარე წლის მაისის საპროტესტო აქციების (ასევე, ბურჯანაძის მიერ ორგანიზებული) შემდეგ, ზაფხულში, როდესაც ხელისუფლებამ სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რომელიც რელიგიური ორგანიზაციების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების საკითხს შეეხებოდა.

პირველ შემთხვევებში საპატრიარქომ, საბოლოო ჯამში, ნეიტრალური პოზიცია დაიჭირა და ამით განიმუხტა სიტუაცია, ხოლო ბოლო შემთხვევაში ხელისუფლების დათმობით მოხერხდა სიტუაციის განტვირთვა.

კანონპროექტის მიღების შემდეგ საპატრიარქოს მხარდამჭერი მრავალათასიანი გამოსვლები გაიმართა თბილისში, რის შემდეგაც ხელისუფლებამ უკან დაიხია და კანონს განმარტებითი ბარათი დაურთო, რომლითაც მიუთითა, რომ რელგიური გაერთიანების რეგისტრაცია სახელმწიფოს მხრიდან ქონებრივი ან რაიმე სხვა სახის ვალდებულებებს არ წარმოშობს, რაც იყო სადავო საკითხი საპატრიარქოს მხრიდან. იმავდროულად,  წმინდა სინოდის განჩინების (სინოდის სხდომა გაიმართა 2011 წლის 11 ივლისს) გათვალისწინებით, შეიქმნა ერთობლივი კომისიები (ხელისუფლებისა და სასულიერო პირების მონაწილეობით) უცხო ქვეყნებში ქართული ეკლესიების სტატუსთან და საკულტო რელიგიურ ძეგლებთან დაკავშირებით.

2003 წლიდან დღემდე საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვებით ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისა და პატრიარქისადმი ნდობა 90%–ს აჭარბებს. ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც აშშ–ს ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2011 წლის 11 ოქტომბერს გამოაქვეყნა, გამოკითხულთა 64% კეთილგანწყობას გამოხატავს მიხეილ სააკაშვილისადმი,  ხოლო მმართველ გუნდს – “ნაციონალურ მოძრაობას” 52% უჭერს მხარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი