საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
სასამართლოს ცნობით, უგულავას დავის საგანია 13 ნორმა: სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 182-ე, 194-ე, 226-ე, 333-ე, 362-ე მუხლები, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი, მე-17 მუხლის პირველი, 166-ე მუხლი, 169-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, 219-ე მუხლის მე-6 ნაწილი, 259-ე მუხლი.
აღნიშნული მუხლები შეეხება გაფლანგვას, იძულებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას, ყალბი დოკუმენტების დამზადებას, გასაღებასა და გამოყენებას, სისხლის სამართლებრივი დევნის დისკრეციულობას, ბრალის წაყენებას დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე, პირის ბრალდებულად ცნობას.
ამ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესრიგებელი სხდომა 2016 წლის 19 მაისს, 10:00 საათზე დაიწყო.
გიგი უგულავა 2015 წლის 18 სექტემბერს სასამართლომ დამნაშავედ სცნო თბილსერვისისა და ტელეიმედის „ხელში ჩაგდების დანაშაულებრივ სქემასთან“ დაკავშირებულ საქმეზე, რაც თავის მხრივ უკავშირდება რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეს.
უგულავა სასამართლომ დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებებში. კერძოდ, უგულავას ბრალი წარდგენილი აქვს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის თაობაზე სისხლის სამართლის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 9-დან 12 წლამდე; და მითვისება-გაფლანგვის თაობაზე 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, შესაბამისად, 4-დან 7 წლამდე და 7-დან 11 წლამდე, ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით 3 წლამდე.
რიყის ეპიზოდზე სასამართლომ გაამართლა გიგი უგულავა, ხოლო თბილსერვისის საქმეზე, ამნისტიის გათვალისწინებით, უგულავას მიესაჯა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.