საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თქმით, თუ პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, მაშინ რესპუბლიკელები ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს რესპუბლიკურმა პარტიამ, მისმა ფრაქციამ, ყველა წევრმა, ჩემი ჩათვლით, ხმა არ მივეცით. პროექტს არსებული სახით ჩვენ მხარს არ ვუჭერთ, თუ ის დადგება პარლამენტში კენჭისყრაზე ხელახლა, ჩვენ მას მხარს არ და ვერ დავუჭერთ” – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კანონპროექტი გადის ბოლო დამუშავების სტადიას პარლამენტში, ხოლო შემდეგ პრეზიდენტს გაეგზავნება და კანონპროექტის მომავალი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
უსუფაშვილი ასევე გამოეხმაურა, პრეზიდენტ მარგველაშვილის გამონათქვამს, რომელმაც გამოხატა სურვილი, ქუთაიში ჩასულიყო და კანონპროექტი ეხილა. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თუ მარგველაშვილს კანონით დადგენილზე უფრო ადრე სურს კანონის ნახვა, შეუძლია მივიდეს პარლამეტში, თბილისში.
“თუ დადგენილ ვადაში უფრო ადრე სჭირდება მას რაიმე საკითხი პარლამენტიდან, რა თქმა უნდა, მას შეუძლია პარლამენტში არა ქუთაისში, თბილისში მობრძანდეს”, – ამბობს უსუფაშვილი.
დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ პარალელურ რეჟიმში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ინიციატივით, ეს კანონპროექტი ეგზავნება ვენეციის კომისიას შეფასებისთვის.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პარლამენტს მისთვის ჯერ არ გაუგზავნია საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ მიღებული კანონპროექტი, რის გამოც ჯერჯერობით ცალსახად ვერ ამბობს, დაადებს თუ არა ამ კანონს ვეტოს.
საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი 14 მაისს 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 13 მაისს, ღამის 10:00 საათზე იმსჯელა ამ კანონპროექტის შესახებ, რათა მეორე დღეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მოესწროთ მისი დამტკიცება. საპარლამენტო უმრავლესობამ ამ კანონის მისაღებად დეპუტატების მაქსიმალურად მობილიზაცია მოახდინა.