ახალი ამბებისაზოგადოება

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის ჩანაცვლების მცდელობა ხატით და „მსოფლიო საოჯახო კონგრესით“

17 მაისი, 2016 •
ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის ჩანაცვლების მცდელობა ხატით და  „მსოფლიო საოჯახო კონგრესით“

წელს, 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, საქართველოში შეეცადნენ ის  „ოჯახის სიმტკიცის დღით“ ჩაენაცვლებინათ.

თბილისში „მსოფლიო საოჯახო კონგრესის“ ორგანიზებით 4-დღიანი კონფერენცია მიმდინარეობს. „მსოფლიო საოჯახო კონგრესი“ (#WCF) 1997 წელს შექმნილი ამერიკული გაერთიანებაა, რომელიც ერთნაირსქესიანი ადამიანების ქორწინებას, ლგბტ უფლებებსა და აბორტს უპირისპირდება.

კონგრესის მთავარ თემებს შორის არის: „ცივილიზაცია გზაჯვარედინზე“, „ბუნებრივი ოჯახი, როგორც თავისუფლებისა და ადამიანური ღირებულებების ბურჯი“, „ოჯახი, როგორც ბუნებრივი და ფუნდამენტური გაერთიანება საზოგადოებისა“, „ქორწინების დეკონსტრუქცია თანასწორობის სახელით“, „დემოგრაფიული ზამთარი“, „როგორ უთხრის ძირს გენდერის თეორია და სქესობრივი განათლება ოჯახსა და მშობლების ავტორიტეტს“ და ა.შ.

საოჯახო კონგრესმა (WCF) აქტიური როლი შეასრულა 2013 წლის რუსული, ე.წ ანტიგეი კანონის მიღებაში. კონგრესმა „რუსული ლგბტ პროპაგანდის კანონის“ (მოკლედ – „ანტიგეი“ კანონი) ავტორი ელენა მიზულინა ჯერ კიდევ 2010 წელს დააჯილდოვა ოქროს მედლით. კანონის მიზანი “ტრადიციული ოჯახური ღირებულებების უარმყოფელი ინფორმაციული ადვოკატირებისგან ბავშვების დაცვაა”.

ამავე კანონის მიღებას აქტიურად უჭერდა მხარს ლარი ჯეიკობსი, რომელიც თბილისში გამართული კონფერენციის მოდერატორი იყო. მას ეკუთვნის გამონათქვამი: “რუსები შეიძლება მსოფლიოს ქრისტიანების გადამრჩენელები იყვნენო”.

კონფერენციის პირველ დღეს, 16 მაისს, სასტუმრო „რედისონში“ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ნატალია იაკუნინა – კონგრესის ერთ-ერთი მუდმივი მომხსენებელი. მისი ქმარი რუსი საჯარო ფიგურა, ვლადიმირ იაკუნინია, რომელიც პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ პირად და მის ფინანსურ მოკავშირედ ითვლება.

 

„მსოფლიო საოჯახო კონგრესს“ საქართველოში ლევან ვასაძე მასპინძლობს. ლევან ვასაძე ცნობილია თავისი უარყოფითი დამოკიდებულებით ევროკავშირის, ლიბერალიზმის თუ ლგბტ ადამიანების მიმართ. სხვადასხვა განცხადების გამო ლევან ვასაძე ხშირად გამხდარა სოციალური მედიის ხუმრობების ადრესატი: „ლიბერი იყო რომაული ცრუღმერთების პანთეონის ავენტინური ტრიადის პლებეური ცრუ-ღმერთი, რომელიც გამოირჩეოდა სექსუალური გარყვნილებისა და ლოთობის სიყვარულით“; „დედის საშო, რომელიც უნდა იყოს დედამიწაზე სამოთხე ადამიანისთვის – ყველაზე უსაფრთხო ადგილი – ქცეულა ყველაზე საშიშ ადგილად კაცობრიობის ისტორიაში სწორედ ლიბერალიზმის წყალობით“ და ა.შ.

„მსოფლიო საოჯახო კონგრესი“ მრავალ ევროპელ და ამერიკელ საჯარო ფიგურას აერთიანებს. თბილისში გამართული კონფერენციის მონაწილეებს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, კონსერვატორმა ჯორჯ ბუშმა (უმცროსმა) მიმართვა გამოუგზავნა.

-„მივესალმები თქვენს ძალისხმევას ერის შენებაში ოჯახების მნიშვნელობის აღიარებისთვის, თქვენი ბრძოლა მრავალ სიცოცხლეს გააუმჯობესებს და მსოფლიოს უკეთეს ადგილად აქცევს“, – წერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი. ისიც უპირისპირდება აბორტსა და ერთნაირსქესიანი ადამიანების ქორწინებას. 2004 წელს, აშშ-ის პრეზიდენტობის წინასაარჩევნო პერიოდში (რომლის შემდეგაც ბუში მეორე ვადით აირჩიეს),  ჯორჯ ბუშმა კონსტიტუციის ცვლილება მოითხოვა. ცვლილების შემთხვევაში აშშ-ში ერთნაირსქესიანი ადამიანების ქორწინება აიკრძალებოდა.

16 მაისს „მსოფლიო საოჯახო კონგრესის“ შეხვედრას, პატრიარქ ილია II-სთან ერთად, პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილიც ესწრებოდა. „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ კონფერენციაზე დასავლეთის მწვავე კრიტიკა ისმოდა.

-„მე არ ვაიდეალებ დასავლეთს, მაგრამ გადაჭარბებული მგონია ის კრიტიკა, რაც ისმოდა დასავლეთის მიმართ კონფერენციაზე. დასავლეთს არ უნდა ვუყუროთ მხოლოდ ნეგატიურ ჭრილში. ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავვარდეთ. ადრე ვაგინებდით რუსეთს იმის გამო, რომ გვსურდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ახლა ვაგინოთ დასავლეთს იმის გამო, რომ ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გვსურს, – ჩემი აზრით, ასეთი დამოკიდებულება მთლად სწორი არ არის. შესაბამისად, მე ასე არ დაველაპარაკებოდი დასავლეთს, რომელიც იყო ყოველთვის ჩვენი პარტნიორი მძიმე წუთებში“ – უთხრა ზაქარია ქუცნაშვილმა „ნეტგაზეთს“.

მსვლელობის მონაწილეები აწყურის ღვთისმშობლის ხატით © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

მსვლელობის მონაწილეები აწყურის ღვთისმშობლის ხატით © ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

2014 წელს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია II-მ 17 მაისი „ოჯახის სიმტკიცის და მშობელთა პატივისცემის დღედ“ გამოაცხადა. წელს სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით შეიკრიბნენ რადიკალური ჯგუფები მართლმადიდებელ მრევლთან ერთად რუსთაველის გამზირზე. იქ, სადაც 2013 წლის 17 მაისის აქცია დაარბიეს,  წელს ხატით მსვლელობა გაიმართა.

„ილგა ევროპის“ მონაცემების მიხედვით, ლგბტი ადამიანების მიმღებლობის კუთხით საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა. „ილგა ევროპის“ „ცისარტყელას“ რუკაზე აღბეჭდილია ევროპის ქვეყნებში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანს და ინტერსექს ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა. რუკის მიხედვით, საქართველოში მხოლოდ 30%-ით იცავენ და პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს. მაჩვენებელი 2015 წლის მონაცემთან (36%) შემცირებულია.

 

"ილგა ევროპის" რუკა

“ილგა ევროპის” რუკა

 

ქვიარ/ლგბტ უფლებების აქტივისტები 17 მაისის – ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის (#IDAHOT2016)  აღნიშვნას რუსთაველის გამზირზე გეგმავდნენ, თუმცა მათ შსს-სგან უსაფრთხოების გარანტია არ მიუღიათ. ქალაქის ამ ცენტრალურ უბანში უკვე იგეგმებოდა „ოჯახის სიწმინდის დღესთან“ დაკავშირებული ღონისძიებები. აქტივისტების თქმით, შშს მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ, აქციის ჩასატარებლად მათ ქალაქგარე ტერიტორია შესთავაზა, რაზეც აქტივისტებმა უარი განაცხადეს.

ლგბტ უფლებათა აქტივისტებმა 17 მაისს მაინც ჩაატარეს ცალკეული პერფორმანსები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი