პროკურორი ნინო აღლემაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე მოსამართლის მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს დადებითად აფასებს. ეს განცხადება ნინო აღლემაშვილმა მთავარ პროკურატურაში გააკეთა.
დღეს, 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში ბრადებულ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს: გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7- 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.
„დაცვის მხარის არგუმენტები, მტკიცებულებები ძირითად შემთხვევაში იყო საქმესთან შემხებლობაში არმყოფი და იყო აბსურდული, რასაც ობიექტური მოსამართლე ვერ გაიზიარებდა საქმეში. მოსამართლის გადაწყვეტილებასთან მიმართებით ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არის დადასტურება იმისა, რომ მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო ქვეყანაში ადეკვატურად პასუხობს საჯარო მოხელეების მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს.
ამ საქმეში ძირითადი მტკიცებულებები იყო დოკუმენტალური მტკიცებულებები, რომელსაც, როგორც წესი, აქვს უტყუარობის უმაღლესი რანგი. მოცემულ საქმეში სწორედ მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის მტკიცებულებები და დოკუმენტები, რომლებიც ასახავდა სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების პროცესს. ამ დოკუმენტებთან მიმართებით იყო ჩატარებული არაერთი ექსპერტიზა, ჩვენ ძალიან კვალიფიციური ექსპერტები წარვადგინეთ სასამართლოში, რომლებმაც მნიშვნელოვანი განმარტებები გააკეთეს იმ დოკუმენტებთან მიმართებით, რაც იყო ამოღებული“- განაცხადა პროკურორმა, ნინო აღლემაშვილმა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს და “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებს, ისინი აცხადებენ, რომ პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია და მოსამართლემ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა შეასრულა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვის ბრალდებით 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავა, ხოლო 30 ოქტომბერს ყველა მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საუბარია თანხის კომპანია “სილქნეტის” სასარგებლოდ გაფლანგვის საქმეზე.
დაკავებულთა შორის იყვნენ: თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.
სილქნეტმა, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ, იმავე დღეს დაადასტურა, რომ მათ 2013 წლის შემოდგომაზე მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სადავო ტენდერში. კომპანიამ განაცხადა, რომ ტენდერის ყველა ეტაპზე სილქნეტის წარმომადგენელთა ქმედებები იყო შესაბამისობაში სამართლებრივ და ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ნორმებთან.
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებას იმ დროინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში გამართული სპეციალური ბრიფინგით უპასუხა. მან პროკურატურის ქმედებებში “პოლიტიკური სარჩული” შენიშნა და თქვა, რომ ადგილი აქვს “შეტევას საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე“. ალასანიას თქმით, თავდაცვის უწყების თანამშრომლების დაკავება ზუსტად მაშინ განხორციელდა, როდესაც ის მინისტრის რანგში ევროპაში ვიზიტს მართავდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით. ალასანიამ მოგვაინებით განმარტა, რომ იგი ევროპაში საქართველოსთვის ანტისაჰაერო თავდაცვითი იარაღის შესყიდვის შესაძლებლობებზე საუბრობდა. ამის შემდეგ მინისტრის თანამდებობები დატოვეს მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პატრიაშვილმა. საბოლოოდ კი, თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიცია “ქართული ოცნება” დატოვეს.