დღეს, 13 მაისს პარლამენტმა მეორე მოსმენით 83 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღო კანონპროექტი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
როგორც ირკვევა, ამ ცვლილების მიღებას ხმა “ქართული ოცნების” ფრაქციის 47-მა წევრმა, კონსერვატორების ექვსმა, ეროვნული ფორუმის ექვსმა, მრეწველების ექვსმა, დამოუკიდებელი მაჟორიტარების ექვსმა, უპარტიო დამოუკიდებლების ექვსმა და ექვსმა ფრაქციის გარეშე მყოფმა დეპუტატმა მისცა. ცვლილებისთვის ხმა არ მიუციათ ენმ-ს, თავისუფალი დემოკრატების, რესპუბლიკელების და გირჩის წევრებს. ცვლილებას მხარი დაუჭირა კობა დავითაშვილმაც, რომელმაც როგორც თვითონ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განაცხადა, პოლიტიკური პროცესი დატოვა.
ხვალ, 14 მაისს, პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს “საკონსტიტუციო სასამართლოს” მომზადებულ კანონპროექტს და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების” შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მომზადებულ კანონპროექტს.
რიგგარეშე სხდომის დანიშვნის ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე გამოვიდა:
“ჩვენი წინადადებაა, რომ [პლენარული სხდომა] დავიწყოთ რაც შეიძლება მალე, რომ მოვახერხოთ ამ საკითხის [საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტის] მესამე მოსმენით განხილვა.”
აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა საპარლამენტო უმცირესობა, რასაც ბიუროს სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა. დღეს [21:45 საათზე] პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ამ კანონპროექტს მესამე მოსმენით იმსჯელეს, რათა დილით რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განიხილონ.