დღეს, 13 მაისს პარლამენტმა მეორე მოსმენით 83 ხმით 4-ის წინააღმდეგ მიიღო კანონპროექტი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
კენჭისყრის დაწყებამდე საპარლამენტო უმცირესობამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა და იგივეს გაკეთება სხვებსაც მოუწოდა.
კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა “გირჩის”წევრმა, პავლე კუბლაშვილმა. ამ გადაწყვეტილების მიზეზად მან სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმის 2/3-მდე გაზრდაა.
თავდაპირველად პარლამენტმა კენჭი “თავისუფალი დემოკრატების”, ასევე “ნაციონალური მოძრაობის” ალტერნატიულ წინადადებებს უყარა, რომლებიც კანონპროექტის ზოგიერთ მუხლს შეეხებოდა. პარლამენტმა მხარი არც ერთ მათგანს არ დაუჭირა.
პარლამენტა მეორე მოსმენით მიიღო ამ პაკეტში შემავალი კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც ცვლილებების შეტანას “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონში ითვალისწინებს. ეს კანონპროექტი პარლამენტმა 83 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღო, ხოლო კანონპროექტის ზოგიერთ მუხლთან დაკავშირებით საპარლამენტო პოზიციის მომზადებულ ალტერნატიულ წინადადებებს მხარი არ დაუჭირა.
პარლამენტი ორი დღის განმავლობაში მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავდა კანონპროექტს “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე ცვლილებებს “სამართალწარმოების შესახებ” კანონში. “თავისუფალი დემოკრატები”, “ნაციონალური მოძრაობა” და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი “რესპუბლიკური პარტია” ცვლილებებს მხარს არ უჭერენ. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადეს.