„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით 2016 წლის გაზაფხულზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ პირადი მიზნების მისაღწევად საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობების ბოროტად გამოყენება გავრცელებულია. ეს მაჩვენებელი 2015 წლის მონაცემებს 15 პროცენტული პუნქტით აღემატება.
კერძოდ, კითხვაზე, „რამდენად გავრცელებულია ან რამდენად არ არის გავრცელებული საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი მიზნების მისაღწევად?”, გამოკითხულთა 40% პასუხობს, რომ გავრცელებულია (15% – ძალიან გავრცელებულია, 25% – უფრო გავრცელებულია, ვიდრე არ არის გავრცელებული), 11% კი მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა გავრცელებული არ არის (6% – უფრო არ არის გავრცელებული, ვიდრე გავრცელებულია, 5% – საერთოდ არ არის გავრცელებული).
განსხვავებული მდგომარეობაა დაბალ დონეზე კორუფციის (მექრთამეობის) კუთხით. კვლევის თანახმად, კითხვაზე, “ბოლო 12 თვის განმავლობაში მოუთხოვიათ თუ არა თქვენგან ქრთამი, იქნებოდა ეს ფულადი თუ არაფულადი, სახელმწიფო მომსახურებისთვის?”, რესპონდენტთა 99% პასუხობს, რომ მათგან ქრთამი არ მოუთხოვიათ.
“კვლევის ასეთი შედეგი მიუთითებს, რომ საქართველოში დაბალ დონეზე კორუფციის (მექრთამეობის) პრობლემა კვლავაც არ დგას. როგორც აღვნიშნეთ, დაბალ დონეზე კორუფციის (მექრთამეობის) მაჩვენებელი კვლავ მინიმალურია. თუმცა ის ფაქტი, რომ საჯარო მოხელეების მიერ თანამდებობის პირადი მიზნების მისაღწევად ბოროტად გამოყენებას საზოგადოება სულ უფრო პრობლემურად მიიჩნევს, მიუთითებს ანტიკორუფციული კანონმდებლობისა და მისი აღსრულების მექანიზმების დახვეწის აუცილებლობაზე. განსაკუთრებით, ეს მაღალ დონეზე არსებულ კორუფციულ რისკებს ეხება”, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
კვლევის თანახმად, საჯარო უწყებების შიდა ანტიკორუფციული მექანიზმები სუსტია და რიგ შემთხვევებში ვერ უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკების ეფექტურად პრევენციას. აღნიშნულ გამოწვევასთან გასამკლავებლად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაციაა, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც სათანადო უფლებამოსილებებით, რესურსებით და პოლიტიკური დამოუკიდებლობით იქნება აღჭურვილი. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პარლამენტში წარდგენილი აქვს, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს ჯერ არ განუხილავს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 2016 წლის 16-28 მარტის პერიოდში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) ჩაატარა. გამოკითხვაში 2032 ადამიანი მონაწილეობდა და ცდომილების საშუალო ზღვარი 3,2%-ია.