ახალი ამბები

დავით ბაქრაძე: დღეს საქართველო უფრო ახლოსაა ნატოსთან

10 ნოემბერი, 2011 • 1077
დავით ბაქრაძე: დღეს საქართველო უფრო ახლოსაა ნატოსთან

დღეს, 10 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ და ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პარლამენტში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

“გუშინ და დღეს საქართვლეოში იმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და საბჭოს გასვლითი სხდომა პარტნიორ სახელმწიფოში ყოველთვის ასახავს იმ განსაკუთრებულ ურთიერთობას, რომელიც არსებობს ნატოს და პარტნიორ სახელმწიფოს შორის. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საქართველოში იმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს გასვლითი სხდომა და ვფიქრობ, ეს ფაქტი არის ერთ–ერთი დადასტურება განსაკუთრებული და ღრმა ურთიერთობების, რომელიც არსებობს ნატოს და საქართველოს შორის.

ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბუქარესტის სამიტის შემდეგ, 2008 წლის შემდეგ, თამადად შეიძლება ითქვას, დღეს საქართველო უფრო ახლოა ნატოსთან, ვიდრე სამი წლის წინ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს ეს პროცესი, თანამშრომლობის პროცესი და, რა თქმა უნდა, ამ დაახლოების და თანამშრომლობის საბოლოო ამოცანა გახლავთ საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ანუ იმ ამოცანის შესრულება, რომელიც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში.

საქართველოს და ნატოს პარტნიორობა ეს არის წარმატებული ისტორია, მას აქვს წარმატებული განვითარება. ბუქარესტის შემდეგ ძალიან ბევრი პრაქტიკული რამ შეიცვალა ჩვენ ურთიერთობებში. ჩვენ გვაქვს ყველა ის ელემენტი, რომელიც აუცილებელია ნატოს და საქართველოს წარმატებული ურთიერთობისთვის. გვაქვს თანამშრომლობის ყოველწლიური გეგმა, რომლის მიხედვითაც ნატო და საქართველო ყოველწლიურად პრაქტიკულად თანამშრომლობენ და მუშაობენ, გვაქვს ნატო საქართველოს კომისია, ასევე, ბუქარესტის ვალდებულება, რომელიც ნატომ ცალსახად დააფიქსირა, რომ საქართველო უნდა გახდეს წევრი.

იმედი გვაქვს, მომავალი ჩიკაგოს სამიტი იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, დაფიქსირდეს საქართველო–ნატოს ურთიერთობებში არსებული პროგრესი, მოხდება კიდევ ერთი ნაბიჯით წინ გადადგმა. გვესმის ისიც, რომ ეს არ არის ცალმხრივი გზა. გვესმის, რამდენი უნდა გააკეთოს საქართველომ ამ პროცესის წარმატებულად განვითარებისთვის.

საქართველოს ჩამოყალიბება დემოკრატიულ ძლიერ სახელმწიფოდ, საქართველოში მიმდინარე შიდა რეფორმების გაგრძელება, ყველაფერი არის წინაპირობა ამისა. ეს არის ქართული მხარის ინტერესი. დარწმუნებული ვარ, ეს არის, ასევე, ნატოს ინტერესი,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი