ახალი ამბები

ლევან ბერძენიშვილი: თამაზ მეჭიაური “ქართული ოცნების” ვარსკვლავია

11 მაისი, 2016 •
ლევან ბერძენიშვილი: თამაზ მეჭიაური “ქართული ოცნების” ვარსკვლავია

“რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ თამაზ მეჭიაური “ქართული ოცნების ვარსკვლავია”:

“თამაზ მეჭიაურის განცხადებები არ გაჩერდება. როგორც ჩანს, მეჭიაური არის “ქართული ოცნების” ვარსკვლავი, მის იმედზე არის ეს პარტია, სანამ არ გააჩერებენ. მანამდე გეტყვით, რომ  თამაზ მეჭიაური ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვიდრე უმრავლესობის ლიდერი, ვიდრე პრემიერ-მინისტრი, ვიდრე პარლამენტის ვიცესპიკერი, როგორც ჩანს. იმიტომ, რომ ეს კაცი ლაპარაკობს და ლაპარაკობს და  წინააღმდეგობას ვერ უწევენ. ”

9 მაისს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პარტია “ქართული ოცნების” წევრმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს ნატოში გაწევრიანებას. მანამდე, 7 მაისს მან თქვა, რომ ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლების ჩატარება საქართველოში, რომელიც 11-26 მაისს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზეა დაგეგმილი, საშიშია.

ასევე, მეჭიაურმა 22 აპრილს განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ნატოში ინტეგრაციას მეტისმეტად ოპტიმისტურად უყურებს.

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი პარტიის სახელით საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, მკაფიოდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ნატო-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, პარლამენტის ზოგიერთი წევრი სარგებლობს ბიძინა ივანიშვილის პატრონაჟით და მისი რეპუტაციისათვის საზიანო განცხადებებს აკეთებს. ამის შესახებ მან 9 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი