რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი პარტიის სახელით საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, მკაფიოდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ნატო-საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, პარლამენტის ზოგიერთი წევრი სარგებლობს ბიძინა ივანიშვილის პატრონაჟით და მისი რეპუტაციისათვის საზიანო განცხადებებს აკეთებს:
“მე მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს, როგორც მეჭიაური, ისე თოფაძე აცხადებენ, რომ ისინი არიან ივანიშვილის მეგობრები. საზოგადოებაში სულ უფრო და უფრო ფეხს იკიდებს ის პოზიცია, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის პოზიციებს აჟღერებენ. ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება ნატოს მიმართ ამჟამად როგორია, ამაზე, მე ვფიქრობ, ქართულ საზოგადოებას ძალიან მკაფიო, მყისიერი პასუხი უნდა გასცეს ბიძინა ივანიშვილმა, რომ არ მიეცეს პროვოკაციებისა და სპეკულაციების შესაძლებლობა მის მიერ დასმულ, მისი პატრონაჟით მოყოჩაღებულ თოფაძეს თუ მეჭიაურს. პატრონაჟი რომ არის, ეს არც ერთ მხარეს დაუმალავს და არც მეორეს. სანამ გახდებოდა საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მეჭიაური, ერთი უჩინარი, უწყინარი დეპუტატი იყო.
მივმართავთ ყოფილ პრემიერს, პარტიის დამფუძნებელს და რეალურ მთავარ ორიენტირს, ბიძინა ივანიშვილს, სასწრაფოდ და მკაფიოდ გამოხატოს მისი პოზიცია ნატოსთან მიმართებაში,” – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
რესპუბლიკური პარტია საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებს, რომ “ქართული ოცნების” განახლებისა და პარტიის ავტორიტეტის შენარჩუნებისათვის წევრები, რომლებიც ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ განცხადებებს გააკეთებენ, პარტიიდან უნდა გაირიცხონ:
“კვირიკაშვილს თუ იმის სურვილი აქვს, რომ განაახლოს ქართული ოცნება, ვფიქრობ, მას ამისი შესაძლებლობა არ აქვს, ის კი არ უნდა ეფარებოდეს ან ფორმალურად ემიჯნებოდეს მეჭიაურს – მეჭიაური გარიცხულ უნდა იქნეს “ქართული ოცნებიდან”, თუ კვირიკაშვილი აპირებს პარტიის განახლებას.
პრემიერ კვირიკაშილს რესპუბლიკელები მივმართავთ სურვილით, რომ მეჭიაურები, ჯაჭვლიანები და ასეთი ადამიანები გაათავისუფლოს პარტიიდან და ნუ იქნება მათი მძევალი.”
რეპუბლიკელები გამოეხმაურნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებაზე. ზაქარეიშვილმა “ქართული ოცნება” პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადების უკომენტაროდ დატოვების გამო გააკრიტიკა. პრემიერმა ზაქარეიშვილის განცხადებას არაობიექტური და ნაჩქარევი უწოდა.