ახალი ამბები

მეჭიაური: ივანიშვილს არ ვეთანხმები იმაში, რომ მეტისმეტად ოპტიმისტურად უყურებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

22 აპრილი, 2016 • 1496
მეჭიაური: ივანიშვილს არ ვეთანხმები იმაში, რომ მეტისმეტად ოპტიმისტურად უყურებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას


“მე ბიძინა ივანიშვილს არ ვეთანხმები იმაში, რომ ის მეტისმეტად ოპტიმისტურად უყურებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,” – ეს განცხადება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებტან საუბრისას გააკეთა.

თამაზ მეჭიაურის თქმით, მას პრობლემა ევროკავშირთან არ აქვს:

“მივესალმები ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ ის მეტისმეტი ოპტიმიზმი ნატოში შესვლისა, რასაც არანაირი საფუძველი გააჩნია, არის გარკვეული შეცდომაში შეყვანა ჩვენი მოსახლეობის. ამის მზაობა თვითონ ნატოს წევრ ქვეყნებს არ გააჩნიათ. არ ვიცი, რას ემსახურება ასეთი მეტისმეტი ოპტიმიზმი და ხალხის დაჯერება, რომ ხვალ უფრო ახლოს ვიქნებით, ზეგ მაპზე უკეთესს მივიღებთ, მერე უკეთესს და ამასობაში იმაზე შორს ვრჩებით, ვიდრე ვიყავით,”- აღნიშნავს დეპუტატი.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი “ზოგიერთების ზემოქმედების ქვეშ” იმყოფება, ან არასწორი ინფორმაცია აქვს:

“ჩემი აზრით,  ბიძინა ივანიშვილი,  მგონია, რომ ზოგიერთების ზემოქმედების ქვეშ  იმყოფება, ან არასწორი ინფორმაცია გააჩნია. ალბათ იმათი ზემოქმედების ქვეშ, ვინც აიძულებს, რომ გინდა თუ არა უფრო მეტად ევროატლანტიკური იყოს, ვიდრე მოსახლეობაში არის განწყობა და ვიდრე ჩვენი ქვეყნის ინტერესია. ეს ზემოქმედება შეიძლება პირდაპირ [ქვეყნის შიგნიდან] იყოს, შეიძლება- ირიბად.”

მეჭიაურის განცხადებით, რუსეთი საქართველოს სერიოზული სავაჭრო პარტნიორია:

“გვინდა თუ არ გვინდა, რუსეთი- როგორც სავაჭრო პარტნიორი- კიდევ უფრო სერიოზული ხდება. ამ ფონზე მის მიმართ თან მუქარა და თან მოლაპარაკებები, მგონია, რომ მაინცდამაინც არ წაადგება საქმეს.”

მეჭიაური დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილიც მიხვდება, რომ [ნატოზე] მისი ეს პოზიცია არასწორია.

თამაზ მეჭიაური პირველი და ერთადერთი დეპუტატი არ არის, ვისაც ნატოს მიმართ ნეგატიური განცდები აქვს.

“ჯეიმს აპატურაიმ განგვიცხადა, არ გიღებთ თქვენივე უსაფრთხოების გამოო, მაგრამ, ჩვენში დარჩეს, რაში ენაღვლება დასავლეთს საქართველოს უსაფრთხოება?”- ეს განცხადება “მრეწველთა პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გოგი თოფაძემ გაზეთთან “საქართველო და მსოფლიო” ინტერვიუში 5 აპრილს გააკეთა.

NDI-ს  2016 წლის მარტის თვის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 68%-ისთვის მისაღებია, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. გამოკითხულთა 54% მიიჩნევს, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრობისგან მეტ სარგებელს მიიღებს, ხოლო 27% ფიქრობს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ამავე კვლევის თანახმად,  გამოკითხულთა 84% მხარს უჭერს ევროპის კავშირთან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას.

1995-2015 წლებში საქართველოსთვის სხვადასხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ გაცემული გრანტების საერთო ოდენობა შეადგენს 2 071 470 000 აშშ დოლარს. ამ კუთხით ლიდერია ამერიკის შეერთებული შტატები, ხოლო რუსეთის ფედერაციას საქართველოსთვის უსასყიდლოდ არანაირი სახის ფინანსური დახმარება არ გაუწევია. ამ მონაცემებს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი