საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება. უცვლელია არჩევნების ჩატარების თარიღი 8 ოქტომბერი. საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე ზუსტად 4 თვით ადრე დაიწყება.
ეს განცხადება პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასთან კონსულტაციების შემდეგ გააკეთა. კონსულტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა.
„საპარლამენტო არჩევნების თარიღი არ შეიცვლება – ეს არის 8 ოქტომბერი. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიის გამოცხადების თარიღს, მივედით კონსესუსამდე, გარკვეულწილად შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები და შევთანხმდით, რომ შესაბამისი აქტი, ჩემს მიერ გაგზავნილი გადაწყვეტილება და კონტრასიგნაცია მოხდება 8 ივნისს. რაც ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო კამპანია გაგრძელდება ოთხი თვის განმავლობაში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 5 აპრილს განაცხადა, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს დანიშნა. მან 6 აპრილს გაუგზავნა ორი სამართლებრივი აქტი მთავრობას კონტრასიგნაციისთვის. თუმცა 6 აპრილს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ განკარგულება არჩევნების დანიშვნის თაობაზე ძალაში 8 აგვისტოდან შევიდოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ეს იქნებოდა საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღიც.
14 აპრილს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებაზე მოტივირებულ შენიშვნებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაუგზავნის, რაც იმას ნიშნავს, რომ პრემიერმა პრეზიდენტის განკარგულაბას ხელი არ მოაწერა.
კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღად, სავარაუდოდ, გამოცხადდება 8 ივლისი და არა 8 აგვისტო, რაზეც იყო საუბარი პრეზიდენტის მიერ 6 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში. პრემიერი გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებდა, რომ სამართლებრივი აქტში კამპანიის დაწყების თარღად სწორედ 8 ივლისი ყოფილიყო მითითებული.
ამის საპასუხოდ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი უარს ამბობს მთავრობის შეთავაზებაზე საარჩევნო კამპანიის 3 თვით ადრე დანიშვნის შესახებ და აცხადებს, რომ არჩევნებს 5 თვით ადრე ანუ 8 მაისს დანიშნავს.