ახალი ამბები

გამოუქვეყნებელი დოკუმენტი, რომელიც ეჭვებს იწვევს

4 ნოემბერი, 2011 • • 1094
გამოუქვეყნებელი დოკუმენტი, რომელიც ეჭვებს იწვევს
შვეიცარული მხარის მიერ მომზადებული კომპრომისული დოკუმენტი, რომლითაც საქართველო და რუსეთი უკვე შეთანხმდნენ ამ უკანასკნელის მსო–სი გაწევრიანებაზე, ექსპერტებში გარკვეულ ეჭვებს იწვევს.

“მზად ვართ, კომპრომისული იდეები მივიღოთ, რომელიც შვეიცარიასთან ერთად მუშავდებოდა. ყველაფერს, რაც რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა მედვედკოვმა განაცხადა, მე, როგორც მედვედევი, ვეთანხმები”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა “დიდი ოცეულის” სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.

რუსული მხარის თანხმობის მიუხედავად, ქართველი ექსპერტების შეფასებით, დოკუმენტის გამოქვეყნების გარეშე კომპრომისულ ვარიანტზე საუბარი ჯერ ნაადრევია.   

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე აღნიშნავს, რომ დოკუმენტის გაცნობის გარეშე ძნელი იქნება კონკრეტული დასკვნების გამოტანა.   

“ჩვენ არ ვიცით ამ დოკუმენტის შინაარსი და, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ დაგვაჩვია, რომ არაფრის არ უნდა გვჯეროდეს, ვიდრე ჩვენი თვალით არ ვნახავთ ამ დოკუმენტს. ამიტომ ჯერ  არ შემიძლია კატეგორიული შეფასება გავაკეთო, რომ ეს დოკუმენტი მომგებიანია, ან– პირიქით.

დოკუმენტში დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა ადგილას ხდება მოქმედება, ანუ დოკუმენტში საქართველო–რუსეთის საზღვარი იქნება ჩაწერილი, თუ რუსეთ–აფხაზეთისა და რუსეთ–სამხრეთ ოსეთის საზღვარი, ამ შემთხვევაში ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ტერმინოლოგიას. ბევრი ისეთი ნიუანსია, რომელსაც ხელისუფლება ჯერ ბოლომდე არ გვეუბნება. მე ვფიქრობ, რომ რვა ნოემბრამდე მაინც უნდა მოვითმინოთ, სანამ საბოლოო დეტალები  დოკუმენტის სახით ცნობილი არ გახდება,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” არეშიძემ.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც დოკუმენტის გამოქვეყნებას ელოდება, თუმცა ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ამ შეთანხმებას აღნიშნულ რეგიონებთან დაკავშირებით 2008 წლის მოვლენებზე უარესი შედეგი არ ექნება.

“ჯერ ნაადრევია გარკვეული დასკვნების გაკეთება. დოკუმენტია სანახავი. ის ინფორმაცია, რაც მოდის, აშკარად იძლევა დაფიქრების საშუალებას. ნებისმიერ შემთხვევაში დადებითია ის, რომ ხელი მოვაწერეთ და, როგორც იქნა, ეს მრავალწლიანი პრობლემა გადავაგორეთ და მსოფლიოს საშუალება მივეცით, რუსეთი მსო–ში მიეღოთ. ზოგადად, ეს კარგია, მაგრამ კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით, არა მგონია, ამას ჰქონდეს იმაზე უარესი შედეგი, ვიდრე უკვე მივიღეთ რვა აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ანუ საშინელება უკვე მოხდა. ყველაფერი მას შემდეგ რაც ხდება, როდესაც რუსეთმა აღიარა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა, არის პრიმიტიული და ზედაპირული. მე არ მგონია, უარყოფითი მომენტები მოიტანოს ამ დოკუმენტმა კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით. ეს არაფერია იმასთან, რაც ჩვენ გავაკეთეთ 2008 წლის აგვისტოში. ვიმეორებ, ამ ფონზე დადებითი უფრო მეტია, ვიდრე ის უარყოფითი, რაც ამ ხელშეკრულებამ შეიძლება მოიტანოს,” – აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

არეშიძე გამორიცხავს ამ შემთხვევაში კონფლიქტურ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას.

“რადგან ეს კონფლიქტური ტერიტორიის მიღმაა, რაც ცხადია, ამიტომ ის კონფლიქტურ ტერიტორიაზე მოქმედ საქართველოს კანონმდებლობას ხელს არ შეუშლის, იმიტომ, რომ აპარატურა ფსოუს იქითა მხარეს დგება და არა აფხაზეთის მხარეს. ერთი რამეა ნიშანდობლივი, როგორი ეჭვის თვალითაც უყურებს ქართული საზოგადოება ამ საკითხს, სხვათა შორის, რუსეთშიც ასეთი მიდგომაა,” – განაცხადა არეშიძემ.

ექსპერტები ასევე გამორიცხავენ ამ საკითხისა და რუსეთის ბოლოდროინდელ სამხედრო გააქტიურების კავშირს ოკუპირებულ რეგიონებში და მას მხოლოდ გეგმიურ წვრთნებს უკავშირებენ.  

“რუსეთი ახლა არ ელოდება არანაირ სამხედრო მოქმედებებს და ეს გაძლიერება ექვემდებარება მხოლოდ წვრთნებს, რათა შეამოწმონ  სამხედრო შენაერთების ბრძოლისუნარიანობა. რუსეთი  არ აკომპლექტებს ბოლომდე საოკუპაციო ჯარებს იმდენად, რამდენადაც იცის, რომ არ სჭირდებათ ამ რეგიონებში ჰყავდეთ იმაზე მეტი ჯარისკაცი, ვიდრე ესაჭიროებათ რეალურად,” – აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

არეშიძის ინფორმაციით კი, ამ საკითხზე რუსეთიდან ორგვარი ამბავი ვრცელდება.  

“ჩვენ შევეცადეთ საკუთარი კონტაქტების მეშვეობით და რუსული წყაროების გამოყენებით მოგვეძებნა, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს მოქმედებები. რუსეთიდან ამ კითხვაზე ასეთი პასუხია, ერთი მხრივ, რომ ეს არის ჯარის ნაწილი, რომელიც წასული იყო სწავლებებზე ნოვოროსიისკის მახლობლად და უკან ბრუნდებოდნენ და მეორე ის არის, რომ მოხდა როტაციული წესით ჯარის შეცვლა. სხვა მეტი ინფორმაცია არ გვაქვს,” – აღნიშნავს არეშიძე.       

მასალების გადაბეჭდვის წესი