იმერეთის მეტალურგიული პროფკავშირის ცნობით, 9 მაისიდან, პროფკავშირის ორგანიზებით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომელთა გაფიცვა იგეგმება.
ამის შესახებ ნეტგაზეთს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტმა, თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა.
დოლაბერიძის განცხადებით, მენეჯმენტის გამოკლებით, ქარხნის 1800-მდე თანამშრომლიდან პროფესიული კავშირების წევრი არის 400, თუმცა გაფიცვას სხვა თანამშრომლებიც უერთდებიან.
“გაფიცვის გეგმა გულისხმობს, რომ ქარხანა გაიფიცოს სრულად და მოხდეს ქარხნის პარალიზება. თუმცა, რეალობა რა იქნება, ამას 9 მაისს ვნახავთ,”- ამბობს ის.
თამაზ დოლაბერიძემ განაცხადა, რომ 2015 წლიდან არიან ქარხნის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების რეჟიმში, რაშიც ჩართული იყო ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორიც, თუმცა, მისივე თქმით, ადმინისტრაციის მხრიდან შეთანხმების მიღწევის სურვილი ვერ დაინახეს.
“ზესტაფონში ჩვენს წევრებზე ადმინისტრაციის მხრიდან ხდება ზეწოლა და პროფკავშირის რიგებიდან ხალხის გაყვანა სამსახურიდან დათხოვნის მუქარით. ამ ყველაფერმა გვაფიქრებინა, რომ მედიაციის პროცესში ყოფნას აზრი არ აქვს, გამოვედით მედიაციიდან, მივწერეთ შრომის სამინისტრსოს და დავაანონსეთ გაფიცვა 9 მაისს,”- განაცხადა მან.
პროგკავშირი უვადო გაფიცვას გეგმავს. მათ ფეროშენადნობთა ქარხნის მფლობელ კოპანია “ჯორჯიან მანგანეზთან” 8 საგაფიცვო მოთხოვნა აქვთ:
- შეწყდეს პროფკავშირის წევრების დევნა და მუქარა
- ყოველწლიურად განხორციელდეს ხელფასების ავტომატური ინდექსაცია საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით
- ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობად განისაზღვროს 30 სამუშაო დღე და დამატებილი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაო ადგილზე დასაქმებულებისთვის 10 კალენდარული დღის ოდენობით.
- გაუქმდეს კომპანიის გეგმა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის იძულებით სპეციალურ რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით.
- ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების გაზრდილი ოდენობით ანაზღაურება (კოეფიციენტი 1,5), უქმე დღეებში ნამუშევარი საათების ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ტარიფით ანაზღაურება.
- კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება.
- გიჩა კვანტრიშვილის ახალ სამუშაო ადგილზე ძველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით დასაქმება (შუალედური შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულება).
- გაუქმდეს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორის ბრძანება ამავე საწარმოს თანამშრომლის, იმერეთის მეტალურგიული პროფკავშირის თავმჯდომარის, კახა მაჩიტიძის დისციპლინარული წესით დასჯასთან დაკავშირებით.