ახალი ამბები

რატომ შეწირა ფული კიტოვანის შვილმა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს”

7 მაისი, 2016 • 5323
რატომ შეწირა ფული კიტოვანის შვილმა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსს”

საქართველოს პატრიოტთა ალიანსს მიმდინარე წლის აპრილის თვეში ნათია კიტოვანმა 45 ათასი ლარი შეწირა.

ნათია კიტოვანი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის (1992-1993), თენგიზ კიტოვანის შვილია. თენგიზ კიტოვანი მონაწილეობდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ მოწყობილ გადატრიალებაში და 1991-92 წლების სამოქალაო ომში. კიტოვანი წლების მანძილზე მოსკოვში ცხოვრობდა და საქართველოში 2012 წლის დეკემბერში ჩამოვიდა.

“მე თენგიზ კიტოვანის ქალიშვილი ვარ. მამაჩემი საერთოდ არ იცნობს ამ პარტიას, არც იცის, რომ ამ პარტიის წევრი ვარ. არანაირ საარჩევნო სიაში მე არ ვარ, არც ვაპირებ არასოდეს,” – ასე უპასუხა ნათია კიტოვანმა “ნეტგაზეთის” შეკითხვას, იქნებოდა თუ არა ის ან მამამისი “პატრიოტების” საარჩევნო სიაში.

დაახლოებით ორი წლის წინ, როცა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა” საქართველო-თურქეთის საზღვართან, სოფელ კირნათში აქციები დააანონსა და მერე გამართა კიდეც, იქ ჯერ იმყოფებოდა თენგიზ კიტოვანი, ხოლო მეორე დღეს – “პატრიოტების” ლიდერი დავით თარხან-მოურავი. მაშინ ისინი აცხადებდნენ, რომ თურქმა მესაზღვრეებმა დაარღვიეს საქართველო-თურქეთის საზღვარი და საკუთარი ბაღებიდან გამოყარეს ადგილობრივი მოსახლეობა.

ნათია კიტოვანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არც ის და არც მამამისი არ აპირებენ “პატრიოტებიდან” კენჭისყრას, ამ პარტიას “მილიონსაც შესწირავდა”:

“უბრალოდ მინდა, რომ ჩვენს საქართველოში უფრო შეძლებულად და უკეთეს ხასიათზე ცხოვრობდნენ ადამიანები. ამის ცოდნა და გული ნამდვილად აქვთ დავით თარხან-მოურავსა და ირმა ინაშვილს, ამიტომ მილიონი რომ მქონოდა, პატრიოტთა ალიანსს შევწირავდი,” – უთხრა ნათია კიტოვანმა “ნეტგაზეთს”.

საჯაროო რეესტრის მიხედვით, ნათია კიტოვანი რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელია, მათ შორისაა, შპს “სამეფო პინგვინი”, შპს “საქართველოს მინერალური წყლების კომპანია”, შპს “წიქარა”.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილის თვეში საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა დაახლოებით 250 ათასი ლარი მიიღო შემოწირულობების სახით. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 2012 წლის დეკემბერში დაფუძნდა. პარტიის თავმჯდომარეა დავით თარხან-მოურავი, ხოლო გენერალური მდივანი — ირმა ინაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი