ახალი ამბები

აქცია საქართველო-თურქეთის საზღვართან [ვიდეო/ფოტო]

3 ივნისი, 2014 •
აქცია საქართველო-თურქეთის საზღვართან [ვიდეო/ფოტო]

აქციის მონაწილეებს შორის არის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, დავით თარხან-მოურავიც. აქციაზე მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე ადამიანი ბათუმიდანაც წავიდა.

 


აქციის მონაწილეებს შორის არიან ბათუმელი მწერლები – ვახტანგ ღლონტი და დავით თედორაძე. ვახტანგ ღლონტი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველია, ხოლო დავით თედორაძე თარხან-მოურავის პარტიის პირველი ნომერია ბათუმში, თვითმმართველობის არჩევნებზე.

 


აქციის მონაწილეები უკვე რამდენიმე დღეა საუბრობენ, რომ კირნათში თურქმა მესაზღვრეებმა დაარღვიეს საქართველო-თურქეთის საზღვარი [ყოფილი საბჭოთა კავშირ-ნატოს საზღვარი] და საკუთარი ბაღებიდან გამოყარეს ადგილობრივი მოსახლეობა. ქართველი მესაზღვრეები, რომლებიც კირნათში არიან გამწესებული, ამბობენ, რომ თურქ მესაზღვრეებს საზღვარი არ დაურღვევიათ და პირიქით – რამდენიმე კირნათელის მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, როცა იმ ტერიტორიაზე დაიწყეს „ბოსტნის შემოღობვა“, რაც საქართველოს საზღვრებში არ შემოდის.

 


აღსანიშანვია, რომ კირნათში მიწის ფლობასთან დაკავშირებული კონფლიქტები აქამდეც არაერთხელ დაფიქსირდა და ის ხეობაში ჰესის მშენებლობას უკავშირდება [ამ სოფელში ჰესების მშენებარე კომპანია  კერძო მესაკუთრეებისგან მიწის ნაკვეთებს ინტენსიურად ყიდულობს, ამიტომ ადამიანები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი მიწა დაირეგისტრირონ საკუთრებაში].

 

ასევე ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა კირნათში მიწების საკუთრებაში გადაცემის კანონიერებას იძიებს. წინასწარი გამოძიების ეტაპზე უკვე 45 ადამიანს აქვს ბრალი წაყენებული.

სახელმწიფომ კირნათში არაერთ ოჯახს გააუქმა საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე. კირნათში ამბობენ, რომ მათთვის მიწების ჩამორთმევა არჩევნების შემდეგ განახლდება. გარდა ამისა, კირნათელები დარწმუნებული არიან, რომ მათთვის ჩამორთმეულ მიწებს სახელმწიფო თავად ყიდის თურქულ კომპანიაზე, რომელიც ჰესს აშენებს. ამ ფონზე გლეხები ცდილობენ პოლიტიკოსების ყურადღების მიქცევას. ერთ-ერთმა მათგანმა – ჯუმბერ ჯიხაჯემ  ცოტა ხნის წინ გამოფინა ბანერი, რომელზეც ეწერა: რუსეთო, გვიშველე – თურქები ჩვენს მიწას იტაცებენ. გასულ კვირას იგივე მოქალაქემ დარეკა ტელეკომპანია „ობიექტივში“ და თურქი მესაზღვრეების მხრიდან მათ მიმართ  თავდასხმაზე ისაუბრა.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ თურქი და ქართველი სამხედროების „პირისპირ დგომაზეც“ კი აკეთებდნენ განცხდებას. ეს პარტია სამ დღეს აანონსებდა, რომ ჩავიდოდა კირნათში და იქაურ მოსახლეობას მხარს დაუჭერდა.  სწორედ ამ მიზნით გუშინ კირნათში იმყოფებოდა თენგიზ კიტოვანი, დღეს კი „პატრიოტთა ალიანსი“ წევრები.

ხელისუფლება კირნათში მიმდინარე პროცესებს მხოლოდ ერთი მიმართულებით გამოეხმაურა, რომ თურქ ჯარისკაცებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ დაურღვევიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი