ახალი ამბები

ლევან ვასაძე თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანიის მოწილე აღარ არის

4 მაისი, 2016 • 2797
ლევან ვასაძე თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანიის მოწილე აღარ არის

ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის თანამოწილეობით შექმნილი “თანაინვესტირების ფონდის” მმართველი კომპანიის “ჯი სი ეფ პარტნიორების” წილის 16%-ს ბიზნესმენი ლევან ვასაძე აღარ ფლობს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ვასაძე ამ კომპანიის პარტნიორობიდან 2014 წლის 25 ივნისს გავიდა პირადი მოთხოვნის საფუძველზე. კომპანიის პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით, ლევან ვასაძეს მისი 16%-იანი წილის კომპენსაციის სახით მიეცა “საზოგადოების კაპიტალში მის მიერ განხორციელებული სრული შენატანი 16 ლარის ოდენობით”. განხორციელებული ცვლილების შედეგად, “ჯი სი ეფ პარტნიორების” წილის 50-50%-ს ინაწილებენ გიორგი ბაჩიაშვილი და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი.

“თანაინვესტირების ფონდი” საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით შეიქმნა 2013 წლის სექტემბერში. მისი კაპიტალი შეადგენს 6 მილიარდ აშშ დოლარს და ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა ფონდის კაპიტალში 15%-ია, ანუ 900 მილიონი დოლარი.

ფონდში ინვესტიციების კუთხით, ბიძინა ივანიშვილის გარდა, თანამონაწილეობს “დაბი ჯგუფი”, რაკია (RAK Investment Authority), აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო ფონდი (State Oil Fund of the Republic of Azerbaijan), კომპანია ყაზტრანსოილის წარმომადგენელი კომპანია – ბათუმის ინდუსტრიული ჰოლდინგი (Batumi Industrial Holding Limited), ჩალიკ ჰოლდინგი (Calik Holding A.S), მაილსთოუნ ინთერნეშენალ ჰოლდინგი (Milestone International Holdings Group Limited), ალექსანდრე მაშკევიჩი, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი.

“თანაინვესტირების ფონდი” ინვესტირებას განახორციელებს შემდეგ სექტორებში: ენერგეტიკა (3 მილიარდი აშშ დოლარი), სასტუმროები და უძრავი ქონება (1 მილიარდი აშშ დოლარი), სოფლის მეურნეობა და ლოჯისტიკა (0.5 მილიარდი აშშ დოლარი), მეწარმეობა (1.5 მილიარდი აშშ დოლარი) და სხვა (0.5 მილიარდ აშშ დოლარამდე).

სულ ბოლოს, 3 მაისს თბილისის მერიის მიერ ჩატარებულ აუქციონზე “თანაინვესტირების ფონდის” შვილობილმა კომპანიამ 6 326 495 ლარად იყიდა ოქროყანაში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებული 30 ჰექტრამდე ფართობის მიწის ნაკვეთი, სადაც სასტუმრო კომპლექსი აშენდება.

ლევან ვასაძე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. საქართველოში ფლობს რამდენიმე კომპანიას, მათ შორის ღვინის კომპანიას „ბაგრატიონი 1882“. მისი ცოლის, ნინო დურგლიშვილის საკუთრებაშია კიკეთში მდებარე იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელი. ლევან ვასაძე არის 2013 წლის 16 ივლისს დაარსებული “დემოგრაფიული აღორძინების ფონდის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ბიზნესმენი ლევან ვასაძე უკანასკნელ ხანს აქტიურად მონაწილეობს საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ბოლო პერიოდში აქტიურად გამოდის სკოლებში საგნის “მე და საზოგადოება” დანერგვის წინააღმდეგ.

2013 წლის 30 სექტემბერს ლევან ვასაძემ თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა, რომ მმართველი კომპანიის თანადამფუძნებელთან ერთად ფონდის მრჩეველთა საბჭოს წევრადაც მოიაზრებოდა:

“თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოს სრული შემადგენლობა ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა მზად ვარ, ფონდს შეძლებისდაგვარად დავეხმარო. რითაც შემეძლება, დავეხმარები ამ საჭირო საქმეში. ინვესტორებს შორის არ გახლავართ, რადგან როგორც ბიზნესმენი ცალკე ვმუშაობ. რაც შეეხება თანაინვესტირების ფონდს, ეს ძალიან დიდი საქმეა. ეს არის ის, რაც ქვეყანას სჭირდება და ეკონომიკას გააჯანსაღებს,”- განაცხადა მაშინ ლევან ვასაძემ.

დღესდღეობით ლევან ვასაძე არც თანაინვესტირების ფონდის მრჩეველთა საბჭოშია და არც ამ ფონდის მმართველი კომპანიის მოწილე გახლავთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი