სამართალი

პროკურატურა ბაჩიაშვილს $39 მილიონის ბიტკოინის მითვისებას ედავება

6 ივლისი, 2023 • 3251
პროკურატურა ბაჩიაშვილს $39 მილიონის ბიტკოინის მითვისებას ედავება

“საქართველოს თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე ეხება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის ცნობით, მითვისების მომენტში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.

ამის შესახებ განცხადება უწყებამ დღეს, 6 ივლისს გაავრცელა, თუმცა უწყების განცხადებაში მხოლოდ ინიციალები გ.ბ. იყო ნახსენები. იმის შესახებ, რომ გ.ბ.-ს ინიციალებში იგულისხმებოდა გიორგი ბაჩიაშვილი, მოგვიანებით “რუსთავი 2-მა” გაავრცელა.

პროკურატურის ცნობით, მათივე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015 წლის ზაფხულში ბაჩიაშვილმა საკუთარი და ინვესტორის მიერ გაცემული თანხებით კრიპტოვალუტა — ბიტკოინის მაინინგში 6 305 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მათ შორის ინვესტორის თანხა 5 მილიონ აშშ დოლარს, ბაჩიაშვილის კი 1 305 000 აშშ დოლარს შეადგენდა.

“შეთანხმებისამებრ, გ.ბ.-ს დაევალა თანხების ინვესტირების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა, ხოლო, სავარაუდოდ, მისაღები მოგება მხარეთა შორის ინვესტირებული თანხების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო.

ასევე, შეთანხმებისამებრ, ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული კრიპტოვალუტის აკუმულირება უნდა მომხდარიყო ბრალდებულის გამგებლობაში არსებული საწარმოს კუთვნილ კრიპტო საფულეზე”, — ნათქვამია განცხადებაში.

როგორც პროკურატურა იუწყება, ბაჩიაშვილის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულმა საწარმომ 2015 წლის ივლისში ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა უცხოურ კომპანიასთან ბიტკოინის მაინინგის მომსახურების უზრუველსაყოფად, მიღებული მოგება კი ჩადებული ინვესტიციების პროპორციულად უნდა გადანაწილებულიყო.

ერთი წლის განმავლბოაში აღნიშნული ივნესტიციით 24 661.85 ბიტკოინი გამოიმუშავეს, საიდანაც ინვესტორს სუფთა მოგების სახით 8 253.13 ბიტკოინი უნდა მიეღო, თუმცა ბაჩიაშვილმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, 2017 წლის ოქტომბერში, ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, დანარჩენი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ბიტკოინი კი მიითვისა.

“განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ ბრალდებულმა, დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა.

აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა განახორციელა მითვისებული აქტივების ფლობა და სარგებლობა, გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე, საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა/ფლობა და სხვა მოქმედება, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის – 8 253.13 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია”, — წერს პროკურატურა.

უწყების ცნობით, ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი ბაჩიაშვილმა, 2013 წელს დააფუძნა თანაინვესტირების ფონდი და 6 წლის მანძილზე იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. 2019 წლის მაისიდან მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.

პროკურატურა არ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ არის ინვესტორი, რომელიც, მათივე ვერსიით, ბაჩიაშვილმა აზარალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი