ახალი ამბები

პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდიდან „მტკვარი ჰესზე“ დოკუმენტაცია ამოიღო

10 ივლისი, 2023 • 778
პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდიდან „მტკვარი ჰესზე“ დოკუმენტაცია ამოიღო

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი აცხადებს, რომ „მტკვარი ჰესთან“ დაკავშირებით სრულად თანამშრომლობს პროკურატურასთან და დაინტერესებულია ობიექტური გამოძიებით.

დღეს, 10 ივლისს, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილს არა მხოლოდ კრიპტოვალუტის, არამედ ჰესის საქმეზეც ედავება.

„დღევანდელი მონაცემებით, პროექტის ექსპლუატაციაში გაშვების მომენტისათვის მისი ღირებულება დაახლოებით $100 მილიონით გადააჭარბებს მის საწყის საპროექტო ღირებულებას. პროექტის ღირებულების ამგვარმა ზრდამ, ბუნებრივია, წარმოშვა შეკითხვები ინვესტორის მხრიდან. ამის გამო, თანაინვესტირების ფონდიდან და შპს მტკვარიდან პროკურატურის მიერ შესაბამისი სასამართლო განჩინებების საფუძველზე გამოთხოვილ იქნა „მტკვარი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მასალები“, — ნათქვამია თანაინვესტირების ფონდის განცხადებაში.

2014 წელს საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა „მტკვარი ჰესის“ მშენებლობა წამოიწყო. ივანიშვილის ადვოკატის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული პროექტი წლების მანძილზე გაჩერებული იყო და 2014 წელს მშენებლობის განახლების მიზნით საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა სრულად შეისყიდა.

„თავდაპირველი გათვლებით პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 131 მილიონ დოლარს შეადგენდა და ჰესი ექსპლუატაციაში ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა შესულიყო. თუმცა, საბოლოო ჯამში, პროექტის მშენებლობის ღირებულება დაგეგმილთან შედარებით 100 მილიონი დოლარით (რაც კოლოსალური სხვაობაა თავდაპირველ ღირებულებასთან შედარებით), დაახლოებით 235 მილიონ დოლარამდე გაიზარდა და ამის მიუხედავად პროექტი დღემდე დასრულებული არ არის. აღნიშნული, სავარაუდოდ, განპირობებულია ფონდის ხელმძღვანელი პირების მხრიდან საინვესტიციოდ განკუთვნილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვით, მათი გაფლანგვით თუ მითვისებით, რაც საჭიროებს სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შემდგომ/დამატებით შესწავლას. ფაქტიურად გამოდის, რომ ასეთი კოლოსალური გადახარჯვის პირობებში, მტკვარი ჰესი იქნება ყველაზე ძვირადღირებული მშენებლობა ამ სფეროში“, — აცხადებს ივანიშვილის ადვოკატი და დასძენს, რომ აღნიშნულმა გარემოებამ გააჩინა ეჭვები პროექტის და ზოგადად ფონდის ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერების მიმართ.

ივანიშვილი ბაჩიაშვილს, კრიპტოვალუტის გარდა, ჰესის საქმეზეც ედავება

მასალების გადაბეჭდვის წესი